თბილისის ვიცემერი ირაკლი ხმალაძე კომპანია “შპს ტიფლის კოსტავას” წარმომადგენელს პასუხობს და ამბობს, რომ მერია ვაკის პარკში სასტუმროს მშენებლობას არ დაუშვებს.
კომპანიის წარმომადგენელმა გიორგი ზაქაიძემ ნეტგაზეთს უთხრა, რომ პარკში სასტუმრო “ბუდაპეშტის” მშენებლობა შესაძლოა განახლდეს, რადგან მერიის დაპირება ფართის გაცვლის თაობაზე ამ დრომდე არ შესრულებულა.
“ერთი წელია კომპანიასთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს. ერთი კი არა, რამდენიმე ფართი შევთავაზეთ, რაზეც უარი განაცხადეს. განცხადება მეც წავიკითხე, რომ ისევ მშენებლობას დაუბრუნდებიან. მე და თქვენ ერთად ვნახავთ, რას ააშენებენ. გამორიცხულია, რასაც ისინი ამბობენ. ბრალდებებს არ მივიღებ, თითქოს ჩვენ ეს მოლაპარაკება დესტრუქციულ რეჟიმში წავიყვანეთ. ვაკის პარკის ტერიტორიაზე რისი აშენებაც მათ სურთ, ეს არ მოხდება. ახლა მათ გადაწყვიტეს სამართლებრივი პროცესები დაიწყონ ისევ ნებართვის მისაღებად. ვაკის პარკის ტერიტორიაზე სასტუმროს მშენებლობის ნებართვას ვერ მიიღებენ “,-აცხადებს ხმალაძე.
ვიცემერის თქმითვე, კომპანიის განცხადება მისთვის მოულოდნელი იყო, რადგან მერიასა და “შპს ტიფლის კოსტავას” შორის მოლაპარაკებები ამ დრომდე მიმდინარეობს: “ჩვენ შეთავაზებები გავაკეთეთ. ყველა შეთავაზებაზე უარს არ ამბობდნენ. უბრალოდ, თანხობრივად არ იკრიბებოდა ეს ქონება… საბოლოო ჯამში, რაღაცაზე დავლაგდებით.”
“შპს ტიფლის კოსტავას” წარმომადგენლის თქმით, 2018 წლის შემდეგ ერთადერთი კონკრეტული წინადადება, რაც მერიამ შესთავაზა, იყო ონკოლოგიური საავადმყოფოს გევრდით. სასტუმროსა და ონკოლოგიურ საავადმყოფოს საერთო ღობე უნდა ჰქონოდათ, რაზეც კომპანიამ უარი განაცხადა:
“მათი მხრიდან არანაირი კონკრეტული წინადადება არ ყოფილა, ერთადერთი ნაკვეთი, რაც შემოგვთავაზეს, ეს იყო ონკოლოგიური საავადმყოფოს ღობის მიმდებარედ, ანუ ჩვენ და ონკოლოგიურ საავადმყოფოს ერთი ღობე უნდა გვქონოდა, რაც ჩვენ არ გვინდოდა. მაგაზე ვთქვით უარი.
მაგის გარდა არცერთი გონივრული წინადადება მათი მხრიდან არც ქალაქის ცენტრში, არც ქალაქის გარეთ, სხვა ქალაქებში, არც ქალაქის რომელიმე სხვა უბანში, მაგალითად, დიდ დიღომში ან სხვაგან.”
სასტუმრო “ბუდაპეშტის” მშენებლობის ნებართვა ვაკის პარკში 2013 წლის 24 ივლისს გაიცა. გადაწყვეტილებას საპროტესტო აქციები მოჰყვა. 2016 წლის 16 იანვარს სასამართლომ ვაკის პარკში სასტუმროს მშენებლობასთან დაკავშირებით ძალაში დატოვა მერიის 2013 წლის განკარგულება, რომლითაც ილია ჭავჭავაძის გამზირის #68-ში არსებულ მიწის ნაკვეთზე, ვაკის პარკის ტერიტორიაზე, გაიზარდა ქალაქმშენებლობითი პარამეტრები და სასტუმროს განთავსების მიზნით სპეციალური (ზონალური) შეთანხმება დამტკიცდა.
აღნიშნულ გადაწყვეტილებას პროტესტი კვლავ მოჰყვა, რის შემდეგაც, 2019 წლის 25 იანვარს თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა, რომ ვაკის პარკში არავითარი მშენებლობა არ დაიწყებოდა. მისი თქმით, მერია და ინვესტორი ფართის ადგილმონაცვლეობაზე შეთანხმნდნენ.
მერიის განმარტებით, სასამართლოს გადაწყვეტილებები არ ნიშნავს, რომ კომპანიას პარკში მშენებლობის დაწყების უფლება აქვს, ახალ ნებართვას კი ისინი არ გასცემენ.