ახალი ამბები

ვაკის პარკში სასტუმროს მშენებლობა განახლდება – ინვესტორი

23 იანვარი, 2020 •
ვაკის პარკში სასტუმროს მშენებლობა განახლდება – ინვესტორი

ვაკის პარკში სასტუმროს მშენებლობა შესაძლოა განახლდეს – ამის შესახებ კომპანია “შპს ტიფლის კოსტავას” წარმომადგენელმა, გიორგი ზაქაიძემ ნეტგაზეთთან საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, კომპანია სასტუმრო “ბუდაპეშტის” მშენებლობას განაახლებს, რადგან მერიის დაპირება  ფართის გაცვლის თაობაზე ამ დრომდე არ შესრულებულა.

ზაქაიძის თქმით, 2018 წლის შემდეგ ერთადერთი კონკრეტული წინადადება, რაც მერიამ შესთავაზა, იყო ონკოლოგიური საავადმყოფოს გევრდით. სასტუმროსა და ონკოლოგიურ საავადმყოფოს საერთო ღობე უნდა ჰქონოდათ, რაზეც კომპანიამ უარი განაცხადა:

“მათი მხრიდან არანაირი კონკრეტული წინადადება არ ყოფილა, ერთადერთი ნაკვეთი, რაც შემოგვთავაზეს ეს იყო ონკოლოგიური საავადმყოფოს ღობის მიმდებარედ, ანუ ჩვენ და ონკოლოგიურ საავადმყოფოს ერთი ღობე უნდა გვქონოდა, რაც ჩვენ არ გვინდოდა. მაგაზე ვთქვით უარი.

მაგის გარდა არცერთი გონივრული წინადადება მათი მხრიდან არც ქალაქის ცენტრში, არც ქალაქის გარეთ, სხვა ქალაქებში, არც ქალაქის რომელიმე სხვა უბანში, მაგალითად, დიდ დიღომში ან სხვაგან”, – განმარტავს ზაქაიძე ნეტგაზეთთან საუბრისას.

კომპანიის წარმომადგენელი ამბობს, რომ “შპს ტიფლის კოსტავამ” თავის მხრივ ათობით ალტერნატიული ფართი შესთავაზა მერიას, მათ შორის ის შენობები, რომლებიც მერიას აუქციონზე ჰქონდა გატანილი და რომლის გაყიდვაც ვერ მაოხერხა. ზაქაიძის თქმით, კომპანია რამდენიმე შემთხვევაში მზად იყო აენაზღაურებინა აუქციონზე გატანილ ქონებასა და სასტუმრო “ბუდაპეშტის” ასაშენებლად ვაკის პარკში გამოყოფილი ფართს შორის ფინანსური სხვაობაც. თუმცა მერიის წარმომადგენლებმა კომპანიას ყველა შეთავაზებაზე უარი უთხრეს.

ზაქაიძეს განმარტებით, მერიის მხრიდან აღნიშნული ქმედებები არის დროის გაწელვის მცდელობა:

“ამის შემდეგ ჩვენ აღარ დაგვრჩა არანაირი განცდა, რომ მათ სურვილი აქვთ, რამე გაგვიცვალონ, გამოისყიდონ ან ა.შ. უბრალოდ, დროს გვიწელავენ.

ჩვენც გადავწყვიტეთ, რომ მივუბრუნდეთ ისევ ჩვენს საკუთრებას, კანონიერი მშენებლობის ნებართვას და ვიზრუნოთ იმაზე, რომ დავიწყოთ მშენებლობა, სხვა არაფერი გზა ჩვენ არ დაგვრჩა”.

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, ირაკლი ზარქუამ კი, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ კომპანია თვითონ უარყოფდა მერიის მიერ შეთავაზებულ ყველა წინადადებას და მათი ადმინისტრაციის ხელმძღვანელობის პერიოდში ვაკის პარკში სასტუმროს მშენებლობა ვერ გაგრძელდებოდა. მისი თქმით, მოლაპარაკებები ამ მიმართულებით გრძელდება.

“ჩვენი ადმინისტრაციის ხელმძღვანელობის პერიოდში ვაკის პარკში ეს მშენებლობა ვერ გაგრძელდება… შეთავაზება იყო რამდენიმე ამ ინვესტორისთვის მიწის მონაცვლეობაზე, უბრალოდ, ინვესტორი უარზე იყო იმიტომ, რომ 7 მილიონი დოლარის ღირებულების მიწის შეთავაზება მარტივი არ არის”, – განაცხადა ზარქუამ.

სასტუმრო “ბუდაპეშტის” მშენებლობის ნებართვა ვაკის პარკში 2013 წლის 24 ივლისს გაიცა. გადაწყვეტილებას საპროტესტო აქციები მოჰყვა. 2016 წლის 16 იანვარს სასამართლომ ვაკის პარკში სასტუმროს მშენებლობასთან დაკავშირებით ძალაში დატოვა მერიის 2013 წლის განკარგულება, რომლითაც ილია ჭავჭავაძის გამზირის #68-ში არსებულ მიწის ნაკვეთზე, ვაკის პარკის ტერიტორიაზე, გაიზარდა ქალაქმშენებლობითი პარამეტრები და სასტუმროს განთავსების მიზნით სპეციალური (ზონალური) შეთანხმება დამტკიცდა.

აღნიშნულ გადაწყვეტილებას პროტესტი კვლავ მოჰყვა, რის შემდეგაც, 2019 წლის 25 იანვარს თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა, რომ ვაკის პარკში არავითარი მშენებლობა არ დაიწყებოდა. მისი თქმით, მერია და ინვესტორი ფართის ადგილმონაცვლეობაზე შეთანხმნდნენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი