“ადამიანის უფლებათა ცენტრი” (HRIDC) საეჭვო ვითარებაში გარდაცვლილი ზურა ხუციშვილის საქმის გამოძიებას ითხოვს.
როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, მიუხედავად რიგი მტკიცებულებების არსებობისა, სამი წელია, გამოძიება უშედეგოდ მიმდინარეობს და დღემდე არ მომხდარა იმ პოლიციელების იდენტიფიცირება, რომლებიც გარდაცვალებამდე ზურა ხუციშვილის ავტომობილს დაედევნენ.
ორგანიზაციის განცხადებით, პროკურატურას, ასევე, არ შეუსწავლია ის გარემოებები, რამაც ხუციშვილის გარდაცვალება გამოიწვია:
“2016 წლის 3 აგვისტოს ზურაბ ხუციშვილი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დედისა და ძმის დასახვედრად მიდიოდა. მას შემდეგ, რაც ხუციშვილი აეროპორტში არ მივიდა, ოჯახმა მისი ძებნა დაიწყო. ავტომობილი საჯარიმო ავტოსადგომზე იპოვეს, თავად ხუციშვილი კი გარდაცვლილი მდინარე მტკვარში აღმოაჩინეს. მისი გარდაცვალების მიზეზად ექსპერტიზამ ასფიქსია დაადგინა და გამოძიება სისხლის სამართლის 115-ე მუხლით, თვითმკვლელობამდე მიყვანით დაიწყო”, – აცხადებენ ორგანიზაციაში.
“ადამიანის უფლებათა ცენტრის” თქმით, სისხლის სამართლის საქმეში დევს ვიდეომასალა, სადაც ასახულია, თუ როგორ დაედევნა პოლიციის ავტომობილი ხუციშვილს. ორგანიზაცის განცხადებით, ვიდეოში ჩანს, რომ ზურა ხუციშვილს ავარიული ციმციმები ჰქონდა ჩართული და ისე გადაადგილდებოდა მაღალი სიჩქარით:
“აქედან ხუციშვილის კვალი იკარგება. მოგვიანებით იგი მდინარე მტკვარში იპოვეს გარდაცვლილი. ცხედარზე ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნაში ნათქვამია, რომ გარდაცვლილს ჯერ კიდევ სიცოცხლეში სხეულზე ბლაგვი საგნით მრავლობითი დაზიანებები აღენიშნებოდა. მანქანას, რომელსაც ხუციშვილი მართავდა, ერთი საბურავი ჰქონდა მომძვრალი. თუმცა გამოძიების ფარგლებში შესაბამისს უწყებებს არც გარდაცვლილის მანქანის საბურავი ამოუღიათ და არც მისი ექსპერტიზა ჩატარებულა”, – აცხადებენ ორგანიზაციაში.
“ადამიანის უფლებათა ცენტრი” მიმართავს საქართველოს გენერალურ პროკურატურას, შეისწავლოს საეჭვო ვითარებაში გარდაცვლილი ზურა ხუციშვილის საქმე და პასუხისგებაში მიეცენ ის პოლიციელები, რომელთა ქმედებაშიც იკვეთება სავარაუდო დანაშაულის ნიშნები.
ამ თემაზე ვრცლად წაიკითხეთ სტატია “ნეტგაზეთის” არქივიდან:
მოკლეს თუ არა ზურა ხუციშვილი პოლიციელებმა? – ოჯახი პროკურატურისგან გამოძიებას ითხოვს