ახალი ამბები

481 ადამიანი დაიღუპა ერთ წელში ავარიის შედეგად საქართველოში

23 იანვარი, 2020 •
481 ადამიანი დაიღუპა ერთ წელში ავარიის შედეგად საქართველოში

2019 წელს საქართველოში ავტოკატასტროფის შედეგად 481 ადამიანი დაიღუპა. მათგან 104 ქვეითი იყო.

შსს-ს ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, ავტოავარიის გამომწვევი ყველაზე ხშირი მიზეზი ხდება შემხვედრ მოძრაობის ზოლში გადასვლა ან გასწრების წესების დარღვევა, სიჩქარის გადაჭარბება, სატრანსპორტო საშუალების მართვა ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში და ქვეითად მოსიარულეთა გადასასვლელის გავლის წესების დარღვევა.

2018 წელთან შედარებით, 2019 წელს ავტოკატასტროფაში დაღუპულთა რაოდენობა გაიზარდა – 2018 წელს ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად საქართველოში 459 ადამიანი დაიღუპა, 2019 წელს კი – 481.

2019 წელს აჭარაში ავტოკატასტროფაში დაიღუპა 37 ადამიანი.

რაც შეეხება დაშავებულებს – 2019 წლის განმავლობაში ავტოავარიის შედეგად 7 921 ადამიანი დაშავდა.

ერთი წლის განმავლობაში საქართველოში 6 316 ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რომელზეც სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო გამოძიება. ამ მუხლით გამოძიება მაშინ იწყება, როცა სახეზეა ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა, რამაც ადამიანის ჯანმრთელობის მძიმე, ან ნაკლებად მძიმე დაზიანება, ან სიკვდილი გამოიწვია. კანონით გათვალისწინებული სასჯელი მძიმდება, თუკი მძღოლი ალკოჰოლის ან ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ იყო.

მასალების გადაბეჭდვის წესი