ახალი ამბები

პროკურატურა: გიგი უგულავას საქმის მოსამართლის ავტოავარიის ფაქტზე გამოძიება შეწყდა

24 ივნისი, 2015 •
პროკურატურა: გიგი უგულავას საქმის მოსამართლის ავტოავარიის ფაქტზე გამოძიება შეწყდა

როგორც პროკურატურა აცხადებს, 2015 წლის 22 იანვარს, დაახლოებით 18:40 საათზე, თბილისში, გორგასლის ქუჩაზე ერთმანეთს შეეჯახა 6 ავტომანქანა,  მათ შორის ერთ-ერთი –  მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძის მართვის ქვეშ მყოფი ავტომობილი. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ჯანმრთელობის დაზიანებები მიიღეს ავტომანქანებში მსხდომმა რამდენიმე პირმა, ხოლო ერთ-ერთი დაზარალებული, ემზარ თაბუკაშვილი გარდაიცვალა.

 

ამ საქმეზე გამოძების შეწყვეტის მოტივად პროკურატურა იმას ასახელებს, რომ საქმეზე არ გამოკვეთილა შემთხვევაში მონაწილე პირების ბრალეულობა:

 

“საქმეზე ჩატარებული ტრასოლოგიური და ავტოტექნიკური ექსპერტიზების დასკვნების თანახმად, ავტოსაგზაო შემთხვევაში მონაწილე პირების მხრიდან რაიმე ბრალეული ქმედება არ გამოკვეთილა, რის საფუძველზეც 2015 წლის 8 მაისს საქმეზე გამოტანილი იქნა დადგენილება გამოძიების შეწყვეტის შესახებ,”– ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

 

გუშინ გადაცემა “არჩევანის” წამყვანმა გიორგი გაბუნიამ განაცხადა, რომ წყარომ, რომელსაც ვერ გაამჟღავნებდა, განუცხადა, რომ ავტოავარიის საქმე “ჩაიფარცხა”, მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძის მიერ გიგი უგულავას საქმეზე პროკურატურისთვის სასურველი გადაწყვეტილების მიღების სანაცვლოდ. 

 

დღეს კი ნაციონალური მოძრაობის წევრმა გიორგი გაბაშვილმა განაცხადა, რომ პროკურატურა ამ შემთხვევას მოსამართლეზე ზეწოლისთვის იყენებს.

 

“როგორც გიგი უგულავას შემთხვევაში, ასევე ყველა სხვა პოლიტიკურ საქმეზე, სახეზეა მოსამართლეებზე ზეწოლა და მათ წინააღმდეგ შანტაჟის გამოყენება, რათა ივანიშვილისთვის სასარგებლო შედეგებს მიაღწიონ,” – ამბობს გიორგი გაბაშვილი.

 

პროკურატურა ამ ინფორმაციას უარყოფს:

 

“ინფორმაცია, თითქოსდა შეწყვეტილი საქმით ხდება რაიმე მანიპულირება, ასევე ვინმეზე და კონკრეტულად მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძეზე ზემოქმედება, მოკლებულია ყოველგვარ საფუძველს, საღ აზრს და მიზანმიმართულია საზოგადოების შეცდომაში შეყვანისკენ,”– ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

 

მთავარი პროკურატურა
მთავარი პროკურატურა

მასალების გადაბეჭდვის წესი