საქართველოში არსებული მდგომარეობა, მათ შორის ოკუპირებულ ტერიტორიებთან გამყოფ ხაზზე არსებული სიტუაცია განიხილეს დღეს ევრპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე, რომელსაც შერიგებისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი და პარლამენტის ვიცესპიკერი კახა კუჭავა ესწრებოდნენ.
სხდომაზე ევროპარლამენტის წევრმა მარინა კალიურანდმა თავის გამოსვლაში ისაუბრა რუსეთის მიერ 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობაზე და ოკუპირებულ ტერიტორიებთან ადმინისტრაციულ საზღვარზე არსებულ მძიმე ჰუმანიტარულ ვითარებაზე. ის დაინტერესდა, ხომ არ მოადუნა ყურადღება დასავლეთმა და გაათამამა რუსეთი, დესტრუქციული გზა გაეგრძელებინა.
“ადამიანის უფლებების მდგომარეობა უარესდება ორივე ოკუპირებულ ტერიტორიაზე. ადამიანები იღუპებიან იმის გამო, რომ ვერ გადადიან თბილისის მიერ კონტრორილებად ტერიტორიაზე შესაბამისი სამედიცინო სერვისების მისაღებად. ჩვენ ყველანი მივესალმებით ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებას, ეს იყო სიმბოლური, საყურადღებო შემთხვევა, მაგრამ მე სრულად ვეთანხმები, რომ არ უნდა დაგვავიწყდეს დიდი რაოდენობის ანონიმური ადგილობრივი მაცხოვრებელი, რომლებსაც ყოველწლიურად აკავებენ ე.წ. საზღვრის გადაკვეთის გამო. ჩვენ ასევე ყურადღება უნდა მივაქციოთ პოლიტიკურ მოვლენებს აფხაზეთში, სადაც ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა გასულ წელს, მიუხედავად საერთაშორისო საზოგადოების პროტესტისა. დაძაბულობის შემდეგ ე.წ. პრეზიდენტი გადადგა. საბედნიეროდ, ფიზიკური კონფრონტაცია არ ყოფილა, მაგრამ სიტუაცია არასტაბილური რჩება და ახალი არჩევნები დაინიშნება უახლოეს პერიოდში”, – განაცხადა კალიურანდმა და ხაზი გაუსვა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის მხარდაჭერის, ასევე, მარიონეტული რეჟიმების არაღიარების პოლიტიკის მნიშვნელობას.
ევროპარლამენტის უსაფრთხოებისა და თავდაცვის ქვეკომიტეტის (SEDE) თავმჯდომარემ, ანა ფოტიგამ ქეთევან ციხელაშვილს მიმართა: „სიტუაცია [ოკუპირებულ ტერიტორიებზე] მართლაც აშკარად უარესდება და ჩვენ უკვე ბევრი წელია ამას თვალს ვადევნებთ. სამწუხაროდ, ჩვენი მონიტორებისთვის გარემო ასევე ძალიან ცუდია და ეს საკითხი უნდა წამოვწიოთ წინ რუსეთის ფედერაციის მთავრობასთან და პარტნიორებთან სხვადასხვა ფორმატში”.
ოკუპირებულ ტერიტორიებზე ვითარების შესახებ ისაუბრა ესტონელმა ევროპარლამენტარმა სვენ მიკსერმაც და განაცხადა: „სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის სიტუაციასთან დაკავშირებით სრულად ვუერთდები კოლეგის, მარინა კალიულადის განცხადებას და მჯერა, რომ მცოცავი ანექსიის, ბორდერიზაციისა და ბაზისურ უფლებებზე, მათ შორის, საკუთრების, მიწაზე წვდომის, მშობლიურ ენაზე განათლების მიღების უფლებებზე უარის თქმის ტენდენცია ძალიან შემაშფოთებელია. ამიტომ ეს შესაძლებლობა უნდა გამოვიყენოთ და სააშკარაოზე უნდა გამოვიტანოთ ასეთი ტენდებცუები და ფაქტები და არ დავუშვათ, ყურადღების მიღმა დაგვრჩეს ისინი”.