ახალი ამბები

მოვუწოდებთ მერიას, გამოიყენოს ყველა მექანიზმი მოსახლეობის დაკმაყოფილებისთვის – EMC ანას ბაღზე

21 იანვარი, 2020 • 1065
მოვუწოდებთ მერიას, გამოიყენოს ყველა მექანიზმი მოსახლეობის დაკმაყოფილებისთვის – EMC ანას ბაღზე

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) მოუწოდებს მერიას, რომ „ანას ბაღის“ საქმეზე მოსახლეობის დასაკმაყოფილებლად ყველა სამართლებრივი მექანიზმი გამოიყენოს.

ორგანიზაცია წერს, რომ 20 იანვარს მშენებელ კომპანიასა და მოსახლეობას შორის მიმდინარე დაპირისპირება გამწვავდა. კომპანიის მიერ დაქირავებულმა კერძო დაცვის თანამშრომლებმა სამშენებლო ობიექტის შესასვლელთან ადგილობრივი მოსახლეობის მიერ პროტესტის ნიშნად გაშლილი კარავი დაანგრიეს და ბაღის ტერიტორიაზე სამშენებლო ტექნიკის მობილიზება დაიწყეს.

„მოსახლეობის განცხადებით, დაპირისპირების დროს დაცვის თანამშრომლებმა პროტესტის ერთ-ერთ მონაწილეს სცემეს, რომელიც მიყენებული დაზიანებების გამო საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ამასთან, ადგილობრივების განცხადებით, საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟმა, რომელიც ადგილზე იყო მობილიზებული, სწორედ დაპირისპირების დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე, დროებით, დატოვა ადგილი, რაც მათი აზრით, კერძო კომპანიისა და საპატრულო პოლიციის შეთანხმებულ მოქმედებაზე მიუთითებს.

EMC გმობს ძალადობრივ ქმედებებს, რომელიც მოსახლეობის სამართლიან პროტესტს უპირისპირდება და მიაჩნია, რომ ძალადობრივ დაპირისპირებამდე არსებული სიტუაცია შედეგია სწორედ მერიის უპასუხისმგებლო გადაწყვეტილებების, რომელმაც საჯარო ინტერესი კერძო ინტერესის სასარგებლოდ კიდევ ერთხელ, დათმო“, – ამბობს ორგანიზაცია.

მათივე თქმით, მერიასა და ადგილობრივ მოსახლეობას შორის ურთიერთობა ჩიხში მას შემდეგ შევიდა, რაც 2018 წელს „ანას ბაღის” ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვა ხელახლა გაიცა.

„აღსანიშნავია, რომ იმავე წელს მერიამ 2017 წელს გაცემული პირველი ნებართვა ბათილად ცნო იმ მიზეზების გამო – ავტოტრანსპორტით გადაადგილებას შეზღუდავდა, სახანძროს და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ადგილზე მისვლაში ხელის შეშლა – რომელიც, მოსახლეობის აზრით, არც ახალ პროექტშია აღმოფხვრილი. მოსახლეობა ინვესტორის ადგილმონაცვლეობით დაკმაყოფილებას ითხოვს.

გაუმჭირვალედ, ადგილობრივების ჩართულობის გარეშე, მიღებული გადაწყვეტილება საზიარო სივრცის დეველოპერისთვის გადაცემის შესახებ იმთავითვე დაპირისპირების საგნად ქცევისთვის იყო განწირული. მას შემდეგ, რაც კანონით დადგენილი პროცედურები ამოიწურა, მოსახლეობას ერთადერთი გზა – ქუჩის პროტესტი დარჩა“.

ორგანიზაცია ამბობს, რომ საჯარო ინტერესის გათვალისწინების გარეშე, საჯარო ინტერესის საზიანოდ მიღებული მორიგი გადაწყვეტილების შემდეგ, მერიამ მედიატორის როლი მოირგო და მოსახლეობა დატოვა დეველოპერის და მის მიერ დაქირავებული კერძო დაცვის პირისპირ.

„ძალადობრივი პროცესები, რომელიც ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში განვითარდა და 20 იანვრის დაპირისპირებით დაგვირგვინდა, სწორედ ხარვეზიანი სამართლებრივი და დემოკრატიული მექანიზმების, ქალაქდაგეგმარების არადემოკრატიულად, გაუმჭირვალედ და კერძო ინტერესის სასარგებლოდ წარმართვის შედეგია,“.

EMC მოუწოდებს:

ქალაქ თბილისის მერიას:

  • გამოიყენოს ყველა სამართლებრივი მექანიზმი და მოლაპარაკების ყველა რესურსი ადგილობრივი მოსახლეობის მოთხოვნების მაქსიმალურად დაკმაყოფილებისთვის და ძალადობრივი დაპირისპირებების თავიდან ასაცილებლად

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს:

  • დაიწყოს გამოძიება ვარკეთილში მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების ფაქტზე, რომლის შედეგადაც ერთი ადამიანი დაშავდა;

მასალების გადაბეჭდვის წესი