იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ომბუდსმენს აკრიტიკებს იმის გამო, რომ მისი თქმით, სახალხო დამცველმა სპეციალური პრევენციული ჯგუფის მიერ ციხეებში არსებული შესაძლო დანაშაულის შესახებ ინფორმაცია პროკურატურას არ გაუგზავნა.
სახალხო დამცველმა სპეციალური პრევენციული ჯგუფის მიერ 2019 წლის ივლისისა და აგვისტოს თვეში N2, N8, N14 და N15 პენიტენციურ დაწესებულებებში ჩატარებული მონიტორინგის შედეგები გასული წლის დეკემბერში გამოაქვეყნა, დღეს კი აღნიშნულ საკითხზე მოხსენებით პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში წარდგა. ანგარიშში საუბარია ძალადობაზე, რომელსაც პატიმრები განიცდიან სასჯელაღსრულების დაწესებულებებში როგორც ციხის ადმინისტრაციის, ისე უშუალოდ პატიმრების მხრიდან.
“ეს ანგარიში მივიღეთ, როცა იმ ფორმით იყო მზად, რა ფორმითაც არის ამჟამად გამოქვეყნებული. პენიტენციურ სამსახურს შეეთავაზა გარკვეული ოდენობის დღეებში კომენტარები, რაც გაკეთდა, მაგრამ არცერთი ეს კომენტარი ასახული არ ყოფილა. რაც შეეხება თვითონ სამინისტროსთან ან პირველ პირებს შორის თუნდაც სამუშაო შეხვედრას, ამგვარი არც შემოთავაზება ყოფილა და არც შესაძლებლობა. რაც შეეხება პროკურატურაში გადაგზავნას, ვერ დავეთანხმები ქალბატონ ნინოს, რომ როდესაც ზაფხულში გაკეთდა ეს ვიზიტები და სახალხო დამცველის წარმომადგენელმა, თუ ეს სიმართლეა, მიიღო ინფორმაცია ამგვარი ტიპის სერიოზული დანაშაულების შესახებ, ოქტომბრამდე, ნოემბრამდე არაფერი მან არ მოიმოქმედოს, არ ვფიქრობ, რომ ეს დაცულია რომელიმე კანონის ნორმით. ამას ჩემს ენაზე დანაშაულის შესახებ ინფორმაციის თავისთან შენახვა ჰქვია, არ გამოვიყენებ უფრო მკაცრ ტერმინს, რასაც იცნობს სისხლის მატერიალური კოდექსი. ასეა თუ ისე, ჩვენ ეს გადავაგზავნეთ [პროკურატურაში] და როგორც კი ახალი გენერალური პროკურორი შეირჩევა, ვინც არ უნდა იყოს ის, მიხედავს ამ ანგარიშს და სახალხო დამცველი ითანამშრომლებს იმისთვის, რომ გვარებით და სახელებით ისაუბროს”, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
მისი თქმით, 46 პირი, ვისაც ჰქონია ფულის შეგროვების ან სხვა პატიმრების კონტროლის მცდელობა, დისციპლინარული წესით დაისაჯა ან პასუხისგებაში მიეცა.
თავად სახალხო დამცველ ნინო ლომჯარიას თქმით, დანაშაულის შეუტყობინებლობის ცნება არ ვრცელდება ომბუდსმენზე, რადგან ის არის გამონაკლისი და აქვს სრული დისკრეცია, მის მიერ მიღებული ინფორმაცია გაანდოს თუ არა სამართალდამცველ ორგანოებს.
“ეს შესაძლოა იყოს განპირობებული იმის გამო, რომ გარკვეული ვადის გასვლას ველოდებით, არ გვინდა ჯერ ეჭვი აიღონ კონკრეტულ პირებზე, რომ ამ პატიმრების უსაფრთხოება არ დადგეს კითხვის ნიშნის ქვეშ და ა.შ. რისკების შეფასების შედეგად ვიღებთ გადაწყვეტილებას, მივმართავთ მყისიერად სამართალდამცველ ორგანოებს, თუ როგორ ვიქცევით. ამ შემთხვევაშიც გადაწყვეტილი არ გვაქვს, თუმცა ვისაუბრებთ, გავაანალიზებთ და მივიღებთ გადაწყვეტილებას, რა დოზით შეგვიძლია, ინფორმაცია მივაწოდოთ სამართალდამცველ ორგანოებს”, – განაცხადა ლოჯარიამ.
თუმცა, მისი თქმით, ეს არ არის საკითხი, რომელსაც განსაკუთრებული გამოძიება სჭირდება.
“ძალიან მარტივად შეუძლიათ ამ ადამიანების იდენტიფიცირება გამოძიებასაც, ციხის ადმინისტრაციამაც ძალიან კარგად იცის, ვინ არიან, და ცოტათი არასერიოზულად მეჩვენება ახლა სახალხო დამცველზე გადმოტანა აქცენტის, რომ ჩვენ არ ვსაუბრობთ. მათგან არის დელეგირებული ამ ადამიანებზე კონტროლის და არაფორმალური მმართველობის მექანიზმები და, შესაბამისად, ადმინისტრაციის ხელმძღვანელობამ იცის, ვინ არიან ეს პირები”, – განაცხადა ლომჯარიამ.