მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, გიორგი გახარია დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში მიიღებს მონაწილეობას. შვეიცარიაში დაგეგმილი სამუშაო ვიზიტის ფარგლებში გახარია  საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების ხელმძღვანელებსა და კომპანიების, Philips Lighting, Siemens Energy, Camille Bloch, Coca-cola და სხვების წარმომადგენლებს შეხვდება.

საქართველოს მთავრობის ცნობითვე, ვიზიტის ფარგლებში პრემიერი მონაწილეობას მიიღებს თემატურ დისკუსიაში “ახალი ამბიციები ევროპისთვის”.

“მთავრობის მეთაური სიტყვით მიმართავს ევროპელი ლიდერებისთვის ორგანიზებული ოფიციალური ღონისძიების – “Uniting Europe” მონაწილეებს და დაესწრება დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის დამფუძნებლისა და აღმასრულებელი თავმჯდომარის, პროფესორ კლაუს შვაბისა და ჰილდე შვაბის სახელით გამართულ მიღებას”,-აცხადებენ ადმინისტრაციაში.

გიორგი გახარიას გარდა, დავოსში ფინანსთა მინისტრი ვანო მაჭავარიანი, პრემიერ-მინისტრის მრჩეველი საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებში ირაკლი ჩიქოვანი და მრჩეველი ეკონომიკურ საკითხებში ბექა ლილუაშვილი იქნებიან. გიორგი გახარიას სამუშაო ვიზიტი შვეიცარიაში 21-24 იანვრის ჩათვლით გაიმართება.