მოძრაობა “გაბედეს” წევრები ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის ანგარიშის წარდგენას აპროტესტებენ და ამბობენ, რომ აღნიშნული ანგარიშის წარდგენის უფლება კომიტეტს არ აქვს:
“ეს კომიტეტი არაფერს აკეთებდა მაშინ, როდესაც ბავშვებს თვალებს თხრიდნენ, მაშინ, როდესაც აქციებს შლიდნენ, შესაბამისად, მათ არაფრის წარდგენის უფლება არ გააჩნიათ”, – ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.
მოძრაობა “გაბედეს” წევრები სასტუმრო “რადისონთან” მივიდნენ ინგლისურენოვანი პლაკატებით, წარწერით – “ჩვენ გვჭირდება მძლავრი მხარდაჭერა ჩვენი მოკავშირეებისგან”, “ჩვენ გვინდა დაპირებული პროპორციული არჩევნები”, “შეწყვიტეთ აგრესია” და სხვა.
აქციის მონალიწეები ასევე ითხოვენ, რომ ივანიშვილს, თალაკვაძეს, გახარიასა და სხვა მაღალჩინოსნებს დასავლელი პარტნიორების მიერ დაუწესდეთ სანქციები:
“სანქციები უნდა დაწესდეს იმიტომ, რომ დღევანდელ ხელისუფლებას არ ვენდობით, არ ენდობა ხალხი. დღევანდელი ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის ანგარიში არის სიცრუე იმიტომ, რომ ამ ქალბატონს [სოფო კილაძე] ერთი ადამიანის უფლებაც არ დაუცვია საქართველოში. ვითხოვთ სანქციებს ივანიშვილის, თალაკვაძის, გახარიას და სხვა მაღალჩინოსნების წინააღმდეგ, რომლებიც აპრავებენ დღევანდელ რეჟიმს”, – განმარტავს აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი, ბექა ნათელაშვილი ჟურნალისტებთან საუბრისას.
ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის ანგარიშის ყოველწლიური წარდგენა სასტუმრო “რედისონში” დღეს, 20 იანვარს იმართება.