ახალი ამბები

კილაძის თქმით, წულუკიანის პარლამენტში მიუსვლელობა ოპოზიციის დანდობაა

13 ივლისი, 2020 • 948
კილაძის თქმით, წულუკიანის პარლამენტში მიუსვლელობა ოპოზიციის დანდობაა

“ევროპული საქართველო” ნოტარიუს ბაჩანა შენგელიას საკითხზე იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანს პარლამენტში, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში იბარებს.

რეგლამენტის თანახმად, პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული თანამდებობის პირი, ამ შემთხვევაში მინისტრი, უფლებამოსილია, ხოლო მოთხოვნის შემთხვევაში ვალდებულია, რეგლამენტით დადგენილი წესით დაესწროს კომიტეტის სხდომას, პასუხი გასცეს სხდომაზე დასმულ შეკითხვებს და წარმოადგინოს გაწეული საქმიანობის ანგარიში. ასეთ პირს კომიტეტმა მოთხოვნისთანავე უნდა მოუსმინოს, თუმცა დეპუტატ სერგი კაპანაძის თქმით, თეა წულუკიანი არც სასამართლოს გადაწყვეტილებას ასრულებს და არც პარლამენტში არ მიდის, რითაც კანონს არღვევს.

ბაჩანა შენგელიას საქმე
იუსტიციის სამინისტრო ნოტარიუს ბაჩანა შენგელიას წინააღმდეგ ორ დისციპლინურ საქმეს აწარმოებს. მანამდე შენგელია ამბობდა, რომ 19 ივნისს, ყოველგვარი წინასწარი გაფრთხილების გარეშე, იუსტიციის სამინისტრომ ქსელიდან გამორთო პროგრამა, რომლითაც სანოტარო საქმიანობას ახორციელებდა. შენგელიას თქმით, იუსტიციის სამინისტრომ მის მიერ მიწერილი წერილის პასუხად აცნობა, რომ უწყებამ მის წინააღმდეგ დისციპლინური წარმოება დაიწყო, რადგანაც 18 ივნისს განხორციელებული ინსპექტირებისას თავად შენგელია სანოტარო ბიუროში არ იმყოფებოდა და საქმიანობას მისი შემცვლელი ახორციელებდა. ბაჩანა შენგელია აღნიშნავდა,  რომ კანონმდებლობის მიხედვით ნოტარიუსს საკუთარი შემცვლელისთვის დანიშვნა წელიწადში 30 დღის ვადით შეუძლია, მან კი შემცვლელი სანოტარო ბიუროში 3 დღით დატოვა ავადმყოფობის გამო. რაც შეეხება მეორე წარმოებას, შენგელიას იუსტიცია ასევე ედავება საკუთარ ფეისბუკ გვერდზე გამოქვეყნებული პოსტების გამო. თბილისის საქალაქო სასამართლომ იუსტიციის სამინისტროს დაავალა ბაჩანა შენგელიასთვის სანოტარო ელექტრონულ რეესტრთან და სანოტარო საქმიანობისთვის საჭირო ყველა პროგრამასთან წვდომის აღდგენა. მიუხედავად სასამართლოს განჩინებისა, 10 დღეზე მეტია, იუსტიციის სამინისტროს მისთვის არ აღუდგენია წვდომა სანოტარო საქმიანობისთვის აუცილებელ პროგრამაზე.

სერგი კაპანაძემ ბიუროს დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, რომ სასამართლოსა და აღსრულების ეროვნული ბიუროს გადაწყვეტილების მიუხედავად, იუსტიციის სამინისტრომ ბაჩანა შენგელიას სანოტარო საქმიანობასთან დაკავშირებულ პროგრამებთან წვდომა არ აღუდგინა, რითაც თეა წულუკიანი სისხლის სამართლის კოდექსს არღვევს. დეპუტატმა მიმართა არჩილ თალაკვაძეს, უზრუნველყოს მინისტრის მისვლა კომიტეტის სხდომაზე, ვინაიდან ეს მისი, როგორც პარლამენტის თავმჯდომარის, პასუხისმგებლობაა.

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფო კილაძემ განმარტა, რომ როცა მინისტრის მოწვევის შესახებ ფრაქცია “ევროპული საქართველოს” განცხადება შევიდა კომიტეტში, 2 დღით ადრე თეა წულუკიანი პლენარულ სესიაზე იმყოფებოდა და დეპუტატებს შეეძლოთ, მისთვის ნებისმიერი კითხვა დაესვათ.

“მე რამდენადაც ვიცი, გარკვეული ტექნიკური თემებია, რაც უშუალოდ მინისტრს შეიძლება, არ ეხებოდეს. დარწმუნებული ვარ, კანონი აუცილებლად აღსრულდება და სასამართლოს გადაწყვეტილებაც კანონით დადგენილ ფარგლებში იქნება აღსრულებული. მე მესმის, რომ ქალბატონი თეა წულუკიანი თქვენი პარტიისგან ყოველთვის განსაკუთრებული თავდასხმის საგანი ხდება იმიტომ, რომ ზოგადად თქვენი დამოკიდებულებაა გამორჩეულ ლიდერებზე თავდასხმა. ამ ჯერზეც, მე მგონი, ასეთ თემასთან გვაქვს საქმე და იმიტომ ესხმით თავს ქალბატონ თეას, რომ ის გამორჩეული ლიდერია და საკმაოდ ენამახვილურად გიგებთ ხოლმე დებატებში”, – მიმართა სოფო კილაძემ სერგი კაპანაძეს.

სერგი კაპანაძის თქმით, ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე მინისტრს იცავს, ნაცვლად იმ ადამიანის დაცვისა, რომელის მიმართაც ადამიანის უფლება დაირღვა.

“მინისტრი კი არ იყო წინა სესიაზე მოსული, პრემიერ-მინისტრი იყო და ქალბატონი თეაც იქ იჯდა. ეს კითხვები მას დავუსვით, ოღონდ პასუხი არ გაგვცა. მე რა ფაქტიც ახლა მოვიყვანე, სასამართლოს გადაწყვეტილების შეუსრულებლობასთან დაკავშირებით, მოხდა მაგის შემდეგ. იმის მერე გავიდა ერთ კვირაზე მეტი. არსებობს ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც არ სრულდება თქვენი გამოჩეული პოლიტიკური ლიდერის მიერ და თქვენ, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, ნაცვლად იმისა, რომ იცავდეს იმ ადამიანის უფლებას, ვის მიმართაც ეს არშესრულებული ბრძანება ადამაინის უფლებას არღვევს, იცავთ მინისტრს. პარლამენტში მინისტრის მოსვლა არის დადგენილი კანონით. მოვითხოვეთ ისე, როგორც ეს არის გათვალსწინებული კანონით და პროცედურებით. ის არ მოდის – ერთი მხრივ, კანონს არღვევს ღიად, მეორე მხრივ, არ მოდის პარლამენტში. ამიტომ კიდვ ერთხელ გთხოვთ, მათ შორის პარლამენტის მუნდირის დასაცავად, იქნებ უზრუნველყოთ , რომ ამ სესიის ფარგლებში თქვენი გამორჩეული პოლიტიკური ლიდერი მოაბრძანოთ პარლამენტში და კიდევ ერთხელ მისცეთ საშუალება, რომ ოპოზიციას მოგვიგოს ენამახვილური საუბრებითაც და შინაარსითაც”, – განაცხადა სერგი კაპანაძემ.

“მე გითხარით, რომ ტექნიკური საკითხებია, რომელიც შეიძლება პირდპაირ ქალბატონ მინისტრს არ უკავშირდბეოდეს. თუ რჩევას მიიღებთ, ქალბატონი თეას აქ მოსვლა თქვენთვისვე იქნება საზიანო. ამას  პოლიტიკურად ვამბობ და არ ვამბობ როგორც კომიტეტის თავმჯდომარე, იმიტომ, რომ ჩვენ ვიცით, როგორ სრულდება ქალბატონი თეას აქ მოსვლა. ამიტომ ამ შემთხვევაში მე, როგორც ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე, თქვენ გინდობთ ადამიანურად”, – მიმართა კილაძემ ოპოზიციონერ დეპუტატს.

პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ, თავის მხრივ, განაცხადა, რომ კომიტეტს ექნება შესაბამისი კომუნიკაცია და დეპუტატებს შეატყობინებს დამატებით ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, თუ როდის მივა მინისტრი სხდომაზე.

“ვინაიდან მიმდინარე კვირა ძალიან დატვირთულია და არის პლენარული კვირა, არ ვარ დარწმუნებული, რომ ჩვენ შევძლებთ მიმდინარე კვირაში მინისტრის მოწვევას. თუმცა დარწმუნებული ვარ იმაში, როდესაც თეა წულუკიანი მობრძანდება პარლამენტში, რეგლამენტის ფარგლებში მას თქვენს კითხვებზეც ექნება პასუხები. ეს არის საპარლამენტო დემოკრატია და მთავრობა და პრემიერი პატივს სცემს ჩვენი კონსტიტუციით დადგენილ წესებს. ბაჩანა შენგელიას საკითხზე მე არ მაქვს კონკრეტული ინფორმაცია, რა წერია იმ გადაწყევტილებაში და რა იყო დავის საგანი. მაქვს მხოლოდ მედიის მხრიდან ინფორმაცია და, რასაკვირველია, ყურადღებას მივაქცევ ამ საკითხს”, – განაცხადა თალაკვაძემ.

ოპოზიცია წულუკიანის მოსმენას მიმდინარე რიგგარეშე სესიის კვირაში ითხოვს, ვინაიდან შემდეგ საშემოდგომო სესიამდე პარლამენტი მუშაობას ასრულებს. “ნეტგაზეთი” აღნიშნულ საკითხზე უკვე დაუკავშირდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს. უწყებიდან პასუხის მიღების შემთხვევაში სტატია განახლდება.

იუსტიციის სამინისტრო სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ასრულებს, მივმართე აღსრულების ბიუროს – შენგელია

მასალების გადაბეჭდვის წესი