ახალი ამბები

აქტივისტი ნატა ფერაძე ხელწერილით გამოუშვეს

18 იანვარი, 2020 •
აქტივისტი ნატა ფერაძე ხელწერილით გამოუშვეს

სამოქალაქო აქტივისტი ნატა ფერაძე, რომელიც 18 იანვარს, საღამოს საათებში დააკავეს მას შემდეგ, რაც ტრანსგენდერ ქალებს გამოესარჩლა, ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს.

ინფორმაცია ხელწერილით გამოშვების შესახებ ფერაძის პირადი გვერდით გაავრცელეს მისმა მეგობრებმა და „ნეტგაზეთს“ შსს-ში დაუდასტურეს.

ფერაძე ადმინისტრაციული წესით დააკავეს პოლიციელის დაუმორჩილებლობის მუხლით (173-ე მუხლი).

ფერაძის ფეისბუკის ლაივში ჩანს, რომ ის ცენტრალურ თბილისში იმყოფებოდა ტრანსგენდერ ქალებთან ერთად, რომლებმაც პოლიცია გამოიძახეს მას შემდეგ, რაც „ჰომოფობიურად განწყობილმა ბიჭების და გოგოების ჯგუფმა შეურაცხყოფა მიაყენეს ტრანსგენდერ ქალებს“.

„პატრული მოვიდა, ჰომოფობები გაიქცნენ, პოლიციელები ნელი ნაბიჯებით გაეკიდნენ და ვერ დაიჭირეს, რასაც მოჰყვა ტრანსგენდერების გაღიზიანება“, – წერს თვითმხილველი.

ამასთან, როგორც „ლაივში“ ჰყვებიან ფერაძე და იქ მყოფი ადამიანები, პოლიცია ჰომოფობიურად იქცეოდა და ერთ-ერთი ტრანსგენდერი ქალი უსაფუძვოდ დააკავა. „იმის ნაცლვად, რომ დაიცვან, დააკავეს“, ამბობს ფერაძე ლაივში.

შემდეგ ლაივში ისმის, რომ ფერაძე პოლიციელებს ეკითხება, რის გამო დააკავეს მოქალაქე, რაზეც პოლიციელები ეუბნებიან, „დაწყნარდეს“, რაზეც ფერაძე პასუხობს: „კიდევ ერთხელ მეტყვი მაგას და შემოგილაწუნებ“. ამის შემდეგ ნატა ფერაძეც დააკავეს.

„ტრანსგენდერი დააკავეს სრულიად უმიზეზოდ, იმის გამო რომ პოლიციას ჰომოფობი უწოდა. ჩვენ ვკითხეთ პატრულს თუ რატომ დააკავეს ტრანსგენდერი და უცბად ნატაც დაიჭირეს. მთელი დროის განმავლობაში ჩანდა პოლიციის ჰომოფობიური განწყობა“.

საბოლოოდ ნატა ფერაძე ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს.

სამოქალაქო აქტივისტი ნატა ფერაძე დააკავეს

მასალების გადაბეჭდვის წესი