ახალი ამბები

R 2-ის წილებზე დვალი და აქიმიძე სარჩელს ხელახლა შეიტანენ

17 იანვარი, 2020 •
R 2-ის წილებზე დვალი და აქიმიძე სარჩელს ხელახლა შეიტანენ

რუსთავი 2-ის წილებზე დავით თვალი და ჯარჯი აქიმიძე, რომელთა სარჩელიც სასამართლომ განუხილველად დატოვა, სასამართლოს ხელახლა მიმართავენ. ამის შესახებ “ნეტგაზეთს” ტელეკომპანია რუსთავი 2-ის დამფუძნებლების ადვოკატმა, კახა კოჟორიძემ განუცხადა.

როგორც იურისტმა განმარტა, სარჩელს ორი მოპასუხე ჰყავდა, ქიბარ ხალვაში და პაატა კარსანიძე. კოჟორიძის თქმით, მთავარი მოპასუხე ქიბარ ხალვაშია, პაატა კარსანიძე კი სარჩელში იმიტომ მიუთითეს, რომ წილების გადაფორმება დოკუმენტურად მასზე მოხდა:

“ჩვენ შევიტანეთ სარჩელი, რითაც ვითხოვდით, რომ 60 პროცენტი წილი, რომელიც 2004 წელს იძულებით წაართვეს მაშინდელი ხელისუფლების უშუალო ჩართულობით დვალსა და აქიმიძეს, ეს წილი დაბრუნებოდათ. მთავარი მოპასუხე არის ქიბარ ხალვაში, რომელიც მონაწილეობდა წართმევის პროცესში და დღეს არის ამ ქონების მესაკუთრე და ნომინალური მოპასუხე არის პაატა კარსანიძე.

ის ამ საქმეში მოპასუხედ იმიტომაა, რომ 2004 წლის 16 ივნისს, როდესაც იძლებით გააყიდინეს დვალსა და აქიმიძეს წილი, პირველი ადამიანი, ვისზეც მაშინ ეს 60 პროცენტი გადაფორმდა, იყო პაატა კარსანიძე. ნომინალური ფიგურა იყო, რომელმაც ყიდვიდან რამდენიმე საათში ქიბარ ხალვაშს გადაუფორმა” ,- ამბობს იურისტი.

მისი თქმით,  ეს გადაწყვეტილება სასამართლომ იმით ახსნა, რომ სარჩელი ფოსტამ პაატა კარსანიძეს ვერ ჩააბარა:

“მოხდა ისე, რომ ჩვენ მიერ გაგზავნილი სარჩელი თანდართულ დოკუმენტებთან ერთად ფოსტამ ჩააბარა ქიბარ ხალვაშს, რომელმაც წარმოადგინა შესაგებელი. ასევე მან გაასაჩივრა სასამართლოს მიღებული განჩინება 60 პროცენტის წილის დაყადაღებასთან დაკავშირებით, სააპელაციომ კი არ დააკმაყოფილა ხალვაშის საჩივარი და ძალაში დატოვა ყადაღა.

თუმცა ფოსტამ ვერ ჩააბარა სარჩელი პაატა კარსანიძეს და სასამართლომ იმ მოტივით, რომ ნომინალურ ფიგურას ვერ ჩაბარდა საარჩელი, მთლიანად საქმის განხილვაზე გვითხრა უარი, რაც ცხადია, არასწორია” , – ამბობს კოჟორიძე.

იურისტის თქმით, არასოწრია, რომ სასამართლომ იმის გამო,  მისი თქმით, საქმეში ნომინალურ ფიგურას სარჩელი ვერ ჩაბარდა, მთლიანი საქმის განუხილველად დატოვების გადაწყვეტილება მიიღო.

კოჟორიძე ამბობს, რომ ახლა მოსარჩელე მხარეს ორი ვარიანტი აქვს. ან აღნიშნული გადაწყვეტილება უნდა გაასაჩივრონ, ან სარჩელი გამოიტანონ და თავიდან შეიტანონ. კოჟორიძე ამბობს, რომ პირველი ვარიანტის შემთხვევაში პროცესი დროში გაიწელება, ამიტომ, სავარაუდოდ, მოსარჩელე მხარე სარჩელს ხელახლა შეიტანს სასამართლოში:

“ერთადერთი, რითაც ვზარალდებით, ამ საქმეში არის, რომ დრო გაიწელება 2-3 თვით. ჩვენ გვაქვს ორი ვარიანტი, გავასაჩივროთ სასამართლოს მიღებული განჩინება და მეორე, გამოვიტანოთ სარჩელი და იმავე დღეს ისევ შევიტანოთ ახლიდან.  შემიძლია კარსანიძე საერთოდ აღარ დავასახელო მოპასუხედ და მხოლოდ რეალური მოპასუხე ვინცაა, ქიბარ ხალვაშს ვგულისხმობ, ის მივუთითო. ან იყოს კარსანიძეც თანამოპასუხე და ფოსტა თუ ვერ ჩააბარებს სარჩელს, მაშინ პირადად მე მივმართო სასმართლოს შუამდგომლობით, საჯარო გამოცხადებით ისარგებლოს, რასაც კანონი ითვალისწინებს იმ შემთხვევაში, როცა ვერ ბარდება მოპასუხეს უწყება.

მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოსთვის ისედაც ცნობილი იყო, რომ პაატა კარსანიძეს არ ბარდებოდა უწყება და, რაც მთავარია, ამ საქმეში მთავარი მოპასუხე არის ქიბარ ხალვაში. ეს საერჩელშიც ხაზგასმულია. მან შესაგებელი წარმოადგინა, სასამართლომ კი მთავარ მოპასუხესთან იურიდიული ბრძოლის საშუალება არ მოგვცა იმ მოტივით, რომ ნომინალურ ფიგურას არ ჩაბარდა ფოსტის მიერ სარჩელი. ეს თითიდან გმაოწოვილი მიზეზია სარჩელის განუხილვლად დატოვების. ეს ფორმალური პრობლემა მოგვარდება და სასამართლოს მოუწევს არსებითად განიხილოს საქმე და ვერ აუვლის გვერდს ჩვენს კანონიერ მოთხოვნებს”, – ამბობს კოჟორიძე “ნეტგაზეთთან”.

სასამართლომ რ2-თან დაკავშირებით აქიმიძე-დვალის სარჩელი განუხილველად დატოვა

მასალების გადაბეჭდვის წესი