თბილისის საქალაქო სასამართლომ დღეს, 17 იანვარს, გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, სასამართლომ 2020 წლის 10 იანვარს განუხილველად დატოვა ჯარჯი აქიმიძისა და დავით დვალის (წარმომადგენელი – კახა კოჟორიძე) სარჩელი, მოპასუხეების, ქიბარ ხალვაშისა და პაატა კარსანიძის მიმართ ტელეკომპანია “რუსთავი 2-ის” წილის ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის, საჯარო რეესტრში წილის რეგისტრაციის გაუქმებისა და შპს-ს წილის მესაკუთრედ ცნობის მოთხოვნის თაობაზე.
სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა საქმის მასალები და მიიჩნია, რომ მოსარჩელე მხარემ ვერ უზრუნველყო სამოქალაქო საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული მოთხოვნის დაცვა, კერძოდ, სარჩელისა და თანდართული მასალების მოპასუხისთვის ჩაბარება და კანონით დადგენილ ვადაში ჩაბარების ან/და ჩაუბარებლობის დამადასტურებელი დოკუმენტების სასამართლოში წარმოდგენა.
როგორც სასამართლო აცხადებს, მოსარჩელის მხრიდან კანონით დადგენილი ნორმის მოთხოვნის შეუსრულებლობის გამო, სასამართლომ მოცემულ საქმეზე გააუქმა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 18 ოქტომბრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლის საფუძველზეც ყადაღა დაედო შპს “სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის” პარტნიორის, ქიბარ ხალვაშის კუთვნილ 60% წილს.
სასამართლოს განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს კერძო საჩივრით მხარისათვის მისი ჩაბარებიდან 12 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში.