ჯანდაცვს ყოფილი მინისტრის, დავით სერგეენკოს განცხადებაზე, რომლის მიხედვითაც აუდიტმა C ჰეპატიტის ვადაგასული პრეპარატების ფასები, სავარაუდოდ, “ვიკიპედიის” ან რაიმე სხვა მსგავსი პლატფორმიდან აიღო და პრეპარატების 2016 წლის ღირებულებას ასახავს, სახელმწიფო აუდიტის სამსახურში განმარტავენ, რომ ანგარიშში ეყრდნობიან ჯანდაცვის სამინისტროს მიერ მომზადებულ კონსოლიდირებულ ფინანსურ ანგარიშებს.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მედიასა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განმარტეს, რომ ჯანდაცვის სამინისტროს ფინანსური აუდიტის ანგარიშში დასახელებული ცე ჰეპატიტის სამკურნალო მედიკამენტების ღირებულება – 560,645,083 ლარი – ასახულია სამინისტროს მიერ მომზადებულ კონსოლიდირებულ ფინანსურ ანგარიშგებაში, 2018 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით:
“ფინანსური აუდიტი წარიმართა აუდიტის საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისად, რომლის თანახმად სახელმწიფო აუდიტის სამსახურს არ აქვს ვალდებულება განახორციელოს სხვა უწყებაში აღრიცხული აქტივების გადაფასება. უწყების ფინანსურ ანგარიშგებაში არსებული აქტივების სამართლიანი ღირებულებით წარდგენა უშუალოდ სამინისტროს ვალდებულებას წარმოადგენს”, – გვითხრეს სახელმწიფო აუდიტის სამსახურში.
ჯანდაცვის ექს-მინისტრმა დღეს განაცხადა, რომ სავარაუდოდ აუდიტმა მონაცემები 2016 წლის ფასებით დათვალა და ნიშნულად “ვიკიპედიაზე” ან სხვა მსგავს პლატფორმაზე არსებული ინფორმაცია გამოიყენა:
“ნახევარ მილიარდზე მეტის მედიკამენტი ბრუტალურად ჟღერს და კითხვა ჩნდება, რომ ადამიანებს სჭირდებათ მკურნალობა და ამ დროს ნახევარ მილიარდზე მეტი წამალი უვარგისდება. შეგახსენებთ, რომ საქართველო ამ მედიკამენტს იღებს უფასოდ. სახელმწიფო აუდიტის სამსახური ვალდებული იყო, რომ რაღაც განფასება გაეკეთებინა დონაციაზე და ვვარაუდობ, რომ ვიკიპედიაში ან რაიმე ასეთ პორტალში ნანახი 2016 წლის ფასები, სადაც ეს მართლაც მაღალი ღირებულებისაა.
2018 წელს ის უკვე 8-ჯერ ნაკლები ღირდა, თუმცა ამას არ აქვს მნიშვნელობა. ერთადერთი მნიშვნელობა აქვს შედარებისათვის. თუ იგივე ფასებს ავიღებთ, გამოვა, რომ ჩვენ უკვე 17 მილიარდი ლარის მედიკამენტი გვაქვს 65 000 პაციენტის მკურნალობაში”,- აცხადებდა ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი.