ახალი ამბები

სერგეენკო: C ჰეპატიტის წამლების ვადის გასვლით პაციენტები არ დაზარალებულან

16 იანვარი, 2020 • 1738
სერგეენკო: C ჰეპატიტის წამლების ვადის გასვლით პაციენტები არ დაზარალებულან

ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი დავით სერგეენკო, რომლის მინისტრობის პერიოდშიც აუდიტის სამსახურის ანგარიშის მიხედვით C ჰეპატიტის სამკურნალო 560 645 083 ლარის ღირებულების მედიკამენტებს ვადა გაუვიდა განმარტებას აკეთებს.

სერგეენკო აცხადებს, რომ პრეპარატების ვადის გასვლით არცერთი პაციენტი არ დაზარალებულა, რადგან მისი თქმით, 2015-2016 წლებთან განსხვავებით, 2018-ში პაციენტთა მიმართვიანობამ იკლო. ამასთან, სერგეენკო აცხადებს, რომ აღნიშნულ პერიოდში ქვეყანაში უკვე შემოსული იყო ამ მედიკამენტის, ჰარვონის ახალი ვადიანი პარტია და, შესაბამისად, არცერთი პაციენტი ვადაგასული წამლებით არ მკურნალობდა.

სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე სერგეენკომ აუდიტის მიერ მედიკამენტების ღირებულებაზეც ისაუბრა:

“ნახევარ მილიარდზე მეტის მედიკამენტი ბრუტალურად ჟღერს და კითხვა ჩნდება, რომ ადამიანებს სჭირდებათ მკურნალობა და ამ დროს ნახევარ მილიარდზე მეტი წამალი უვარგისდება. შეგახსენებთ, რომ საქართველო ამ მედიკამენტს იღებს უფასოდ. სახელმწიფო აუდიტის სამსახური ვალდებული იყო, რომ რაღაც განფასება გაეკეთებინა დონაციაზე და ვვარაუდობ, რომ ვიკიპედიაში ან რაიმე ასეთ პორტალში ნანახი 2016 წლის ფასები, სადაც ეს მართლაც მაღალი ღირებულებისაა.

2018 წელს ის უკვე 8-ჯერ ნაკლები ღირდა, თუმცა ამას არ აქვს მნიშვნელობა. ერთადერთი მნიშვნელობა აქვს შედარებისათვის. თუ იგივე ფასებს ავიღებთ, გამოვა, რომ ჩვენ უკვე 17 მილიარდი ლარის მედიკამენტი გვაქვს 65 000 პაციენტის მკურნალობაში” ,- აცხადებს ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი.

სერგეენკოს თქმით, ინფორმაციას იმის შესახებ, რომ პრეპარატებს ვადა გასდიოდა, ქვეყნის პარტნიორებიც ფლობდნენ და აღნიშნა, რომ საქართველომ მათ შესთავაზა პრეპარატების სხვა ქვეყნისთვის გადაცემა, რადგან იმ პერიოდში მათი ათვისება ვერ ხდებოდა:

“შემდეგი ნაწილი, პარტნიორების რეაქცია და იცოდნენ თუ არა მათ ამის შესახებ – მინიმუმ მიამიტობაა იმაზე ფიქრი, რომ ასეთი მასშტაბის პროექტი პარტნიორებთან უწყვეტი კომუნიკაციის გარეშე ტარდება. მათ, რა თქმა უნდა, იცოდნენ ამის შესახებ. ჩვენ გვქონდა შეთავაზება, რომ სხვა ქვეყნისთვის გადაგვეცა ეს ნაწილი დონაციის სახით, რადგან ვერ ხდებოდა იმ პერიოდში ათვისება, თუმცა მათ ხაზი გაუსვეს, რომ ეს არის მხოლოდ საქართველოს ექსკლუზივი მედიკამენტი. უფასოდ მთელ დედამიწაზე აქვს მხოლოდ საქართველოს” ,- თქვა სერგეენკომ.

მისი თქმით, 2018 წლის განმავლობაში უამრავმა საგამოძიებო თუ მაკონტროლებელმა ორგანოებმა სკრუპულოზურად შეამოწმეს პროგრამა და  მარაგები მთელი საქართველოს მასშტაბით ერთი ტაბლეტის სიზუსტით იყო დაბალანსებული.

C ჰეპატიტის სამკურნალო 561 მილიონი ლარის მედიკამენტს ვადა გაუვიდა – აუდიტი

მასალების გადაბეჭდვის წესი