ახალი ამბები

მინდა დავგმო ოხანაშვილსა და მის შვილებზე ვერბალური თავდასხმა – ლომჯარია

15 იანვარი, 2020 • 815
მინდა დავგმო ოხანაშვილსა და მის შვილებზე ვერბალური თავდასხმა – ლომჯარია

„მინდა დავგმო დეპუტატ ანრი ოხანაშვილსა და მის მცირეწლოვან შვილებზე ვერბალური თავდასხმისა და შეურაცხყოფის ფაქტი“, – წერს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ფეისბუკის პირად ანგარიშზე.

„არავითარი „მაგრამ“ არ უნდა არსებობდეს მსგავსი შემთხვევების შეფასების დროს, როდესაც საქმე საჯარო პირების ოჯახის წევრებს, მით უმეტეს, მცირეწლოვნებს ეხება“, – დაწერა ნინო ლომჯარიამ 15 იანვარს.

„მისასალმებელია, რომ პოლიტიკურმა ოპონენტებმაც მსგავსი პოზიცია დააფიქსირეს. პოლიტიკური პოლარიზების მიუხედავად, ჩვენ უნდა დავრჩეთ ადამიანებად და საზოგადოებად“, – წერს სახალხო დამცველი.

ვახტანგ რობაქიძეს, რომელიც 14 იანვარს, „ქართული ოცნების“ დეპუტატ ანრი ოხანაშვილთან სიტყვიერი დაპირისპირების შემდეგ, ბაკურიანში დააკავეს, 15 იანვარს ახალციხის რაიონულმა სასამართლომ პოლიციის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობისთვის 3-დღიანი პატიმრობა შეუფარდა.

ვახტანგ რობაქიძე ტელეკომპანია „მთავარ არხთან“ ამბობს, რომ ის არის „ანრი ოხანაშვილის პირადი პატიმარი“ და ასეთ ვერსიას ჰყვება: „ანრი ოხანაშვილს მივმართე, რომ ის არის ქვეყნის გამყიდველი, მოღალატე, ამის გამო დარეკა პოლიციაში, დღეს დამაკავეს და მომისაჯეს 3 დღით თავისუფლების აღკვეთა“.

რობაქიძე ოპოზიციური პარტია „ლელოს“ წევრია.

ვახტანგ რობაქიძესა და ანრი ოხანაშვილს შორის სიტყვიერი დაპირისპირება გუშინ, 14 იანვარს მოხდა, რის შემდეგაც რობაქიძე დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით მის წინააღმდეგ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 151 მუხლით გუშინვე დაიწყო, რაც მუქარას გულისხმობს.

პირს, რომელმაც ოხანაშვილს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, 3-დღიანი პატიმრობა შეეფარდა

მასალების გადაბეჭდვის წესი