მზია წყნეთის ქუჩაზე 13 ივნისის სტიქიის შედეგად დაზარალებულთა შორის ერთ-ერთია. წყნეთის 13 ნომერი სტიქიის დროს ადიდებულმა მდინარე ვერემ დატბორა. მდინარემ მთლიანად ჩამოშალა საყრდენი კედელი და წაიღო სავალი გზა.
მოსიკაშვილის სახლი ვიზუალურად ისე გამოიყურება, რომ მას ნგრევის კვალი არ ეტყობა, თუმცა სახლის საძირკვლის ერთი მხარე მეწყერმა მდინარეში ჩაიტანა. ჰაერშია გამოკიდებული სახლის კიბე. მეპატრონე ახლა ეზოში ზის და უყურებს სახლს, რომელშიც ვერ შედის და შიგნიდან ვერაფერი გამოაქვს. სახლში რომ შევიდეს, მიწა სრულიად მოწყდება კლდეს და სახლს თან ჩაიტანს. ეზო დაღარულია, ჩანს მიწაზე გაჩენილი ნაპრალები და ეზოში სიარულიც სახიფათოა.
”სტიქიის ღამეს სახლში მარტო ვიყავი, გულის სტენდირების ოპერაცია გავიკეთე 2 დღის წინ და სახლში ვიწექი. წვიმა რომ დაიწყო, გამოვედი ეზოში, ფეხებზე დავიხედე და უკვე წყალში ვიდექი. ჩემი შვილი მოვიდა და სასწრაფოდ გამიყვანა. ეზოს კარამდე მისულიც არ ვიყავი, როცა საშინელი ხმა გავიგე. მიწა მოწყდა და ჩაიტანა თან ჩემი ეზო. ვუყურებდი გზას და ვხედავდი, როგორ მიჰქონდა წყალს მანქანები. ისმოდა კივილის ხმა, ხალხი შველას ითხოვდა, მობილურების ნათება ჩანდა მანქანებში. ასე ვხვდებოდი, რომ შიგნით იყვნენ,”- ამბობს მზია მოსიკაშვილი.
დაზარალებულები სტიქიის შედეგებზე საუბრისას მერიისა და ხევში არსებული გვირაბის არქიტექტორების ბრალეულობაზეც ამახვილებენ ყურადღებას. როგორც მოსიკაშვილი აცხადებს, მას სისტემატიურად შეჰქონდა განცხადებები მერიაში, ყოფილი მერის, გიგი უგულავას სახელზე და მდინარის ნაპირების გამაგრებას ითხოვდა. მოსიკაშვილის აზრით, მდგომარეობა ახალი გზისა და გვირაბის მშენებლობის დროს გაუარესდა.
– ”აქ რომ გვირაბი არ ყოფილიყო, ეს არ მოხდებოდა. გვირაბის პირველად გაყვანის დროს, როცა წყალი დააგუბეს და მერე გამოუშვეს, ჩემი ეზოდან წყლის მოვარდნილმა ნაკადმა 12 ხე წაიღო. მდინარის კალაპოტი ადრე სხვანაირად გადიოდა. გვირაბისა და ახალი გზის მშნებელობის დროს გზა რომ არ ჩამოშლილიყო, ვერეს კალაპოტი უცვალეს და მარჯვენა მხარეს გადმოაგდეს. მშენებლობის დროსვე გავაპროტესტე მე ეს წამოწყება. გზაც კი არ იყო, სადღაც ფერდობზე ფეხით ავედი და ვუთხარი მშენებლებს, რომ დინება ზუსტად ჩემი ეზოსკენ მოდიოდა. წარმოიდგინეთ, სტიქიამდე აქ ჩემი ვრცელი ეზო და ავტოფარეხი იყო. იმის იქით იმხელა სამანქანო გზა, რომ სამი მანქანა თავისუფლად გადიოდა,” – აცხადებს მზია მოსიკაშვილი.
მოსიკაშვილი უგულავას პირადადაც შეხვდა ვაკის პარკში ერთ-ერთ შეხვედრაზე და პრობლემაზე ესაუბრა. რამდენიმე დღეში მასთან ორი ახალგაზრდა მივიდა. ისინი მდგომარეობას გაეცნენ და მზია მოსიკაშვილს განუცხადეს, რომ საშიში არაფერი იყო. მოსიკაშვილის თქმით, ბოლოს პასუხი მერიაში შეტანილ საჩივრებზე 2012 წელს მიიღო გიგი უგულავასაგან. წერილში ნათქვამი იყო, რომ მერია გაამაგრებდა ნაპირებს.
”მაგრამ ახლა ის წერილიც შენახულია ამ სახლში, რომელშიც ვერ შევდივარ,” – ამბობს მოსიკაშვილი.
სტიქიის შედეგად დაზარალდა ერევან და ალა ბურნუსიანის ოჯახიც. მათ დღეს სახლამდე მისასვლელი გზა აღარ აქვთ. ისინი ამჟამად სასტუმროში ცხოვრობენ, ისევე, როგორც მზია მოსიკაშვილი.
”უნდა ითქვას, რომ სასტუმროში ძალიან კარგ პირობებში გვიწევს ცხოვრება. ყოველ საღამოს მოდიან და მოაქვთ ყველაფერი, რაც კი შეიძლება რომ დაგვჭირდეს. მაგრამ ჯერ ზარალის ანაზღაურებაზე არაფერს იძახიან და ისიც არ ვიცით, იქ რამდენი ხანი ვიცხოვრებთ,”- ამბობს ერევან ბურნუსიანი.
კიდევ ერთი დაზარალებული ლევან გიორგაძეა, რომელიც სტიქიის დროს სახლში არ იმყოფებოდა და მეორე დილით დაბრუნდა ქალაქში. წყნეთის ქუჩაზე მისულმა ნახა, რომ მისი ბაღი და ეზო წყალმა წაიღო. გიორგაძის ეზოშიც მიწაზე ბზარებია გაჩენილი და შესაძლებელია, მიწა კიდევ მოწყდეს.
”შეიძლება, რაც დარჩა, ისიც ჩაიტანოს. გარანტიას ვერავინ გვაძლევს, რომ საფრთხე კიდევ არ არსებობს. შსს-დან იყვნენ და ოთხივე ოჯახის ზარალი აღწერეს. არ ვიცით, რა სახის რეაგირება მოჰყვება ამ ამბავს ზარალის ზუსტი რაოდენობის დადგენის შემდეგ,”- ამბობს ლევან გიორგაძე.
წყნეთის ქუჩაზე ამჟამად თბილისის მერია, სამაშველო და საპატრულო სამსახურები მუშაობენ. მერიის განცხადებით, ადგილზე ჩატარდება 2’500’000 ლარის ღირებულების საინჟინრო სამუშაოები, მომზადდება 180-მდე ხიმინჯი და გაკეთდება საყრდენი კედელი.
– ”მდინარე გადავაგდეთ კალაპოტიდან და ახლა ნაპირსამაგრი სამუშაოები მიმდინარეობს. ვაპირებთ დამცავი კედლის აშენებას. როგორც ხედავთ, ახლა ვცდილობთ ხეობაში ჩარჩენილი მანქანა ამოვიტანოთ წყლიდან,”- აცხადებს გეგი ნიჟარაძე, ზედამხედველობის სამსახურის უფროსი.
მერიის ცნობით, სტიქიის დღეს წყნეთის ქუჩაზე, ახლომდებარე კორპუსიდან მოსახლეობის გაყვანა გახდა საჭირო. ამ დროისათვის ისინი დაუბრუნდნენ საცხოვრებელს და მათ საფრთხე არ ემუქრებათ.
ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, 13-14 ივნისის სტიქიის შედეგად გარდაცვლილია 19 ადამიანი, საიდანაც 18 უკვე იდენტიფიცირებულია. 3 ადამიანი დაკარგულად ითვლება. ოფიციალური ინფორმაციით, სტიქიის შედეგად მიყენებული მატერიალური ზარალის ოდენობა, ჯამში, 100 მილიონ ლარს აჭარბებს.