ახალი ამბები

მოვითხოვთ დაიწყოს გამოძიება ამ ფაქტთან დაკავშირებით – რომან გოცირიძე C ჰეპატიტის პროგრამაზე

11 იანვარი, 2020 • 1331
მოვითხოვთ დაიწყოს გამოძიება ამ ფაქტთან დაკავშირებით – რომან გოცირიძე C ჰეპატიტის პროგრამაზე

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრის, რომან გოცირიძის განცხადებით C ჰეპატიტის სამკურნალო მედიკამენტების შესახებ სახელმწიფო აუდიტის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თაობაზე პროკურატურამ გამოძიება უნდა დაიწყოს. ამის შესახებ გოცირიძემ სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა:

“ეს არის დანაშაული ამიტომ, ეხლავე მოვითხოვთ, რომ დაიწყოს გამოძიება ამ ფაქტთან დაკავშირებით. ეს არის ფაქტობრივად დაუდევრობის, თავმოუბმელობისა და სავარაუდო კორუფციის ფაქტები ადამიანების ჯანმრთელობის ხარჯზე.

C ჰეპატიტის პროგრამა იყო უნიკალური საჩუქარი ჩვენი მეგობარი სახელმწიფოს მიერ. აშშ-ს მთავრობამ გამოჰყო გრანტი და დღეისათვის დახარჯულია იმ რაოდენობის თანხები რომელიც არის დაახლოებით საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის 1 წლის ტოლი. რამდენიმე მილიარდი დოლარი. ვერც ერთი განვითარებული სახელმწიფო ვერ გაწვდებოდა ამ პროგრამის შესრულებას ვინაიდან ეს არის უკიდურესად ძვირადღირებული მკურნალობის მეთოდი”,- განმარტავს გოცირიძე.

მისი თქმით, ნაციონალურ მოძრაობას აქვს ეჭვი, რომ C ჰეპატიტის პროგრამის ფარგლებში მოხდა კორუფციის ფაქტები:

“არის გარკვეული სიგნალები, რომ ხდებოდა ამ მედიკამენტებით ვაჭრობა, ამიტომ დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს პროკურატურამ ამ საკითხის გამოძიება”,- განაცხადა გოცირიძემ.

გუშინ, 10 იანვარს, სახელმწიფო აუდიტმა გამოაქვეყნა ანგარიში, რომლის მიხედვითაც C ჰეპატიტის სამკურნალო 560 645 083 მილიონი ლარის მედიკამენტს ვადა გაუვიდა. აუიდიტის სამსახურის ინფორმაციით, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტოს სხვადასხვა მატერიალურ ანგარიშზე ასახული აქვს C ჰეპატიტის მართვის პროგრამის ფარგლებში 560 645 083 ლარის ღირებულების ვადაგასული მედიკამენტი. პლუს, სამინისტროს ცენტრალურ აპარატს ასევე აღრიცხული აქვს იგივე დანიშნულების სხვა, 121 285 ლარის ღირებულების მედიკამენტი, რომელიც შემდგომი გამოყენებისთვის გამოუსადეგარია.

როგორც აუდიტის სამსახურის 2020 წლის 10 იანვარს გამოქვეყნებულ ანგარიშშია აღნიშნული, ეს მონაცემები 2018 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით არსებულ ვითარებას ასახავს.

ელიმინაციის პროგრამის მიზნების მიხედვით, 2020 წლისთვის ქვეყანაში C ჰეპატიტით ინფიცირებული 150 000 ადამიანის 90%-ის განკურნებისთვის უნდა მიეღწია (135 000 ადამიანი), თუმცა ექსპერტებიც და სახელმწიფოს წარმომადგენლებიც აღიარებენ, რომ მიმართვიანობის ამ ტემპებით 2020 წლისთვის დასახული მიზნის მიღწევა, ფაქტობრივად, შეუძლებელია და არ გამორიცხავენ, რომ პროგრამის შეწყვეტის შემთხვევაში ათიათასობით ადამიანი ძვირადღირებულ მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გარეშე დარჩეს.

წაიკითხეთ ვრცლად:

მომავალში $80 ათასი დაგიჯდებათ მკურნალობა, რომელიც ახლა უფასოა და შესაძლოა გჭირდებათ

მასალების გადაბეჭდვის წესი