ახალი ამბები

არ შეიძლება ამ ქვეყანაში ყველაფრის პოლიტიზირება – აკაკი ზოიძე C ჰეპატიტის პროგრამაზე

11 იანვარი, 2020 • 1664
არ შეიძლება ამ ქვეყანაში ყველაფრის პოლიტიზირება – აკაკი ზოიძე C ჰეპატიტის პროგრამაზე

“ქართული ოცნების” ყოფილი წევრის განცხადებით საქართველოში С ჰეპატიტის პროგრამა წარმატებით მუშაობს და ამას ეჭვქვეშ არავინ აყენებს ქართველების გარდა. ამის შესახებ ზოიძემ საკუთარ ფეისბუქ გვერდზე დაწერა.

მისი განმარტებით საქართველოს ჯანდაცვის “ამ უმნიშვნელოვანეს მიღწევას აღიარებს და ამ პროგრამის მხარდაჭერას აგრძელებს ყველა, მათ შორის ყველაზე ავტორიტეტული – ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია და აშშ-ს დაავადებათა კონტროლის ცენტრი”.

ზოიძის თქმით, არ შეიძლება ქვეყანაში ყველაფრის პოლიტიზირება:

“არ შეიძლება ამ ქვეყანაში ყველაფრის პოლიტიზირება და თეთრზე შავის თქმა!

საქართველოში “ც” ჰეპატიტის პროგრამის წარმატებას ეჭვის ქვეშ არ აყენებს არავინ დედამიწის ზურგზე, ისევ ქართველების გარდა! და ეს იმ დროს, როდესაც მთელი მსოფლიო ძალიან ყურადღებით აკვირდება ამ ვერაგი დაავადების ელიმინაციის (აღმოფხვრის) მართლაც უნიკალურ პროცესს, იმიტომ რომ ჩვენი ქვეყანა ამ საქმეში პიონერია!

საქართველოს ჯანდაცვის ამ უმნიშვნელოვანეს მიღწევას აღიარებს და ამ პროგრამის მხარდაჭერას აგრძელებს ყველა, მათ შორის ყველაზე ავტორიტეტული – ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია და აშშ-ს დაავადებათა კონტროლის ცენტრი და ყველაზე უფრო დაინტერესებული – ამ წამლების უსასყიდლოდ მომწოდებელი ამერიკული კომპანია გილეადი.

ეს ის გილეადია, რომელიც ყველაზე მეტად უნდა იყოს “აღშფოთებული”, რომ თითქოსდა ნახევარი მილიარდი ლარის ოდენობის “ზარალი” განიცადა. თუმცა, გილეადმა კარგად იცის რომ ასეთი ტიპის ინოვაციურ და უპრეცენდენტო (ოღონდ მართლა უპრეცენდენტო) პროგრამაში 1-2 პროცენტის ფარგლებში მედიკამენტების ვადაგასულობის გამო დანაკარგი არათუ მისაღებია, არამედ საუკეთესო შედეგია. ამიტომაც არ გაგვიგია მათი მხრიდან საქართველოს ჯანდაცვის მესვეურების მიმართ გამოთქმული პრეტენზია არათუ საჯარო, არამედ დახურულ ფორმატებშიც. პირიქით – მხოლოდ მხარდაჭერა.

არის და იყო თუ არა ხარვეზები პროგრამის დაგეგმვაში და განხორციელებაში? რა თქმა უნდა იყო, არის და ალბათ იქნება, როდესაც მსოფლიოში პირველად აკეთებ რაღაცას. მაგრამ მთავარია როგორ და რამდენად სწრაფად და ეფექტიანად რეაგირებ ამ ხარვეზებზე. ამ მხრივ, კი როგორც გითხარით, ჩვენი უმთავრესი და ყველაზე ობიექტური და საკითხით დაინტერესებული პარტნიორებისგან მხოლოდ დადებითი შეფასება გვესმის.

რა არის ყველაზე დიდი ხიფათი პროგრამის მომავლისთვის? – ალბათ საკითხის შემდგომი პოლიტიზირება და რაც მთავარია, იმ ათასობით მოქალაქის პასიურობა, რომელთაც იციან რომ აქვთ ვირუსი, მაგრამ არ აქვთ ჯერ დაავადების სიმპტომები და არ მიმართავენ ჩაღრმავებული დიაგნოსტიკისა და მკურნალობისათვის, მიუხედავად იმისა, რომ დღესდღეობით ეს ყველაფერი მათთვის აბსოლუტურად უფასოა” – წერს ზოიძე საკუთარ ფეისბუქ გვერდზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი