ახალი ამბები

არ მგონია, “ოცნებაში“ იყვნენ მეამბოხეები, რომლებიც ამ კანონს მხარს არ დაუჭერენ – ზოიძე

23 თებერვალი, 2023 • 1189
არ მგონია, “ოცნებაში“ იყვნენ მეამბოხეები, რომლებიც ამ კანონს მხარს არ დაუჭერენ – ზოიძე

„ქართული ოცნების“ ყოფილი წევრი კაკი ზოიძე ნეტგაზეთთან აცხადებს, რომ არ არსებობს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მიღების აუცილებლობა.

მისი თქმით, კანონის მიღებას ვერც გამჭვირვალობის არგუმენტი ასაბუთებს, როგორც ამას მისი ავტორები და მხარდამჭერები ამბობენ საპარლამენტო უმრავლესობაში.

კაკი ზოიძის თქმით, ამ კანონის მიღების მიზანი მისი პროპაგანდისტული მიზნებისთვის გამოყენება და არასამთავრობო ორგანიზაციებისა და კონკრეტული პირებისთვის აგენტის იარლიყის მიწებებაა.

„უცხოური გავლენის აგენტი“ – თვითონ ეს სიტყვათაწყობა ძალიან ცუდ ასოციაციებს იწვევს და შეიძლება, მინიმუმ პროპაგანდისთვის და შეთქმულებების თეორიების გაღვივებისთვის დღესვე იქნას გამოყენებული ნებისმიერი ორგანიზაციის თუ პიროვნების მიმართ. მსგავსი კანონის გამოყენება რუსეთში მოხდა სიტყვის თავისუფლებისა და დემოკრატიის განვითარებასთან დაკავშირებული საქმიანობის შეზღუდვისთვის. იქაც ეს ნაწილ-ნაწილ მოხდა. თავიდან რომ მიიღეს, დეკლარირებული იყო, რომ უბრალოდ დავაფიქსირებთ [უცხოეთის აგენტებსო] და შემდგომ ეს კანონი გაამკაცრეს და გამოიყენეს სამოქალაქო საზოგადოების საქმიანობის და თავისუფალი სიტყვის ჩახშობისათვის. ამისთვის რომც არ გამოიყენონ აქ, თვითონ ეს სიტყვათაწყობა – „უცხოური გავლენის აგენტი“ – ძალიან ცუდ ასოციაციებს იწვევს ხალხში, თავი რომ დავანებოთ ყოველგვარ სხვა დატვირთვას“, – ამბობს კაკი ზოიძე.

კაკი ზოიძის თქმით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი შეეხებათ მათაც, ვისი საქმიანობაც პოლიტიკასთან დაკავშირებული არაა.

„მეცნიერების ბევრი დარგი და აკადემიური საქმიანობა, კვლევები, ძირითადად უცხოური გრანტებითაა დაფინანსებული, რადგან არ არის საშუალება, რომ ქვეყანამ დააფინანსოს… რუსთაველის სამეცნიერო ფონდი შეზღუდული რესურსებით რამდენს დააფინანსებს.

ამის სუბიექტები გახდებიან ის ორგანიზაციები, რომლებიც იღებენ დაფინანსებას, მათ შორის, გაეროს ორგანიზაციებიდან, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციიდან, რომელთა წევრიც საქართველოა. ყველა ის ორგანიზაცია, ვისთანაც მე ვთანამშრომლობ, გახდება უცხოური გავლენის აგენტი, ხოლო მე მათი აგენტურის ნაწილი. ეს მარაზმია, სხვა სიტყვას ვერ დავარქმევ ამ ყველაფერს“, – აცხადებს კაკი ზოიძე.

კაკი ზოიძის თქმით, დარწმუნებული არაა, რომ მას საქართველოშიც იმ მიზნით არ გამოიყენებენ, როგორც ეს რუსეთში მოხდა.

მისი თქმით, კრიტიკას ვერ უძლებს უმრავლესობის წევრების არგუმენტი, რომ კანონპროექტი აშშ-ის კანონმდებლობას ეფუძნება.

„აშშ-ის მაგალითი რომ მოჰყავთ, ეს საერთოდ არარელევანტურია. ის ისეთ დროს არის მიღებული, როცა ნაციზმისა და კომუნიზმის საფრთხე იყო, რასაც კონკრეტული ამოცანები ჰქონდა აშშ-ში, სადაც დღესაც ოფიციალურად დაშვებულია ლობისტური საქმიანობა. რადგან ლობისტური საქმიანობა დაშვებულია და პოლიტიკური პროცესის ნაწილია, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ იქ გამჭვირვალე იყოს, ვისგან ფინანსდებიან ლობისტები. საქართველოში პოლიტიკური პარტიების უცხოური წყაროებისგან დაფინანსება ისედაც აკრძალულია და ლობისტური საქმიანობაც აკრძალულია“, – აცხადებს კაკი ზოიძე.

კაკი ზოიძის თქმით, იმ შეშფოთების გათვალისწინებით, რაც აღნიშნული კანონპროექტის გამო ევროკავშირის წარმომადგენლებისგან ისმის, ეს ქვეყანას არც ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე დაეხმარება.

„არ მგონია, რომ „ქართულ ოცნებაში“ იყვნენ მეამბოხე დეპუტატები, რომლებიც ამას მხარს არ დაუჭერენ. უბრალოდ, მე ჩემს კოლეგებს ვურჩევდი, რომ არ არის ეს ის კანონი, რომელიც რაიმე მიმართულებით ამ ქვეყნის განვითარებას გამოადგება, ან პოლიტიკური პროცესების ჰარმონიზაციას და ქვეყნის გრძელვადიან სტრატეგიულ მიზნებს, რაც ევროკავშირში ინტეგრაცია არის. სხვა რა მოტივაცია უნდა ჰქონდეთ ამ კანონის მიღების, მე არ მესმის“, – ამბობს კაკი ზოიძე.

მასალების გადაბეჭდვის წესი