ახალი ამბები

საერთაშორისო სასამართლოს მივმართავთ – “ანაკლიის კონსორციუმი”

9 იანვარი, 2020 • 1013
საერთაშორისო სასამართლოს მივმართავთ – “ანაკლიის კონსორციუმი”

ანაკლიის განვითარების კონსორციუმის გენერალური დირექტორის, ლევან ახვლედიანის განცხადებით, მათ აღარ რჩებათ სხვა გამოსავალი, გარდა საერთაშორისო სასამართლოსთვის მიმართვისა. ამის შესახებ განცხადება ლევან ახვლედიანმა მას შემდეგ გააკეთა, რაც დღეს, 9 იანვარს, მთავრობის გადაწყვეტილებით, ანაკლიის კონსორციუმს ხელშეკრულება შეუწყვიტეს.

ახვლედიანის განმარტებით, მთავრობის გადაწყვეტილება არის უსაფუძვლო, ასევე უსაფუძვლოა ბრალდებები, რომ კონსორციუმმა ვერ შეასრულა დაკისრებული ვალდებულებები:

“ჩვენ ძალიან დიდი შრომა გავწიეთ, ძალიან დიდი ძალისხმევა ჩავდეთ ამ პროექტის წარმატებაში, ინვესტირებულია 75 მილიონი, შესრულებულია გარკვეული სამშენებლო სამუშაოები, ჩვენ მოვიძიეთ ბანკებიდანაც თანხები, ინვესტორებისგანაც თანხები, ჩვენ გავაფორმეთ ხელშეკრულება პორტ ოპერატორთანაც, შევარჩიეთ გენერალური კონტრაქტორიც… არათუ გადამწყვეტი როლი ითამაშა მთავრობამ, რომ  მოეწვია ეს მხარეები და ესაუბრა,  მან არც მოისურვა, რომ კონსტრუქციულ საუბარში შემოსულიყო. ამიტომ აქ ვერ მივიღებთ იმ ბრალდებას, რომ ჩვენ ვერ შევასრულეთ ჩვენი ვალდებულებები”, – განმარტა ახვლედიანმა.

მისი თქმით, შეთანხმების შედგენამდე ძალიან ცოტა იყო დარჩენილი, მთავრობის მხრიდან კი ძალიან მცირე დათმობებზე წასვლა იყო საჭირო, თუმცა მთავრობამ მათი წინადადებების განხილვა არ მოისურვა.

ახვლედიანის თქმით, რიგ შემთხვევებში მთავრობის მხრიდან პირდაპირი ნაბიჯები იქნა გადადგმული, რათა კონკრეტული ინვესტორები არ ჩართულიყვნენ პროექტში:

“ამ ვითარებიდან გამომდინარე და იმის გათვალისწინებით კიდევ, რომ ჩვენმა ინვესტორებმა და კონსორციუმმა 75 მილიონ დოლარზე მეტის ინვესტიცია განახორციელა ამ პროექტში, დღევანდელი მთავრობის გადაწყვეტილებით ჩვენ ფაქტობრივად აღარ გვრჩება სხვა გამოსავალი, მივმართოთ საერთაშორისო სასამართლოს”, – განაცხადა ახვლედიანმა.

მისი განმარტებით, კონკრეტული იურიდიული პოროცესების გავლის შემდეგ კონსორციუმი მიმართავს საარბიტრაჟო სასამართლოს ჟენევაში.

მთავრობა “ანაკლიის განვითარების კონსორციუმს” ხელშეკრულებას უწყვეტს

მასალების გადაბეჭდვის წესი