„სანამ აშშ-ის პრეზიდენტი ვარ, ირანს არასდროს მივცემთ ნებას, ბირთვული იარაღი ჰქონდეს“, – განაცხადა ტრამპმა ირანის მიერ ერაყში ამერიკულ ბაზაზე შეტევისადმი მიძღვნილ პრეს-კონფერენციაზე.
„წინა ღამეს ირანული რეჟიმის შეტევის შედეგად არცერთი ამერიკელი არ დაღუპულა. ადგილი ჰქონდა მხოლოდ მცირე დაზიანებებს“, – აღნიშნავს იგი.
გარდა ამისა, ტრამპის თქმით, „ირანის სურვილი, შექმნას ბირთვული იარაღი, ემუქრება ცივილიზირებულ სამყაროს“.
ტრამპმა აგრეთვე განაცხადა, რომ აშშ დააწესებს ახალ, ძლიერ სანქციებს ირანზე, ხოლო ძველები შენარჩუნდება, სანამ თეირანი კურსს არ შეცვლის.
„ჩვენი რაკეტები დიდია, ძლიერი, კარგად დამიზნებული, ლეტალური და სწრაფი“, – აღნიშნა ტრამპმა.
„დღეს უნდა მივმართო NATO-ს, რომ უფრო ჩაერიოს ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე პროცესებში“, – აცხადებს აშშ-ის პრეზიდენტი.
„აშშ მზადაა მშვიდობა დაამყაროს მათთან, ვისაც მშვიდობა სურს“, – განაცხადა ტრამპმა მიმართვის ბოლოს.
8 იანვარს ირანმა სარაკეტო შეტევა განახორციელა ერაყში მდებარე ამერიკულ სამხედრო ბაზებზე. როგორც თეირანი აცხადებს, ეს იყო პასუხი აშშ-ის მიერ 3 იანვარს ირანელი გენერლის – ყასემ სოლეიმანის მკვლელობაზე.
შეგიძლიათ გაეცნოთ „ნეტგაზეთის“ სტატიას:
ირანელი გენერალი, რომელიც სამხედრო ოპერაციისას მოკლეს – რა უნდა ვიცოდეთ [მოკლედ]
გარეკანის ფოტო: EPA
