ახალი ამბები

გათავისუფლების შემთხვევაში, ჩემი ძმა ისაუბრებდა პატრიარქის ცოდვებზე – თორნიკე მამალაძე

6 იანვარი, 2020 • 1976
გათავისუფლების შემთხვევაში, ჩემი ძმა ისაუბრებდა პატრიარქის ცოდვებზე – თორნიკე მამალაძე

მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ სალომე ზურაბიშვილი დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალებას არ აპირებდა, მისმა ძმამ, თორნიკე მამალაძემ პრესკონფერენცია გამართა.

მისი თქმით, „საბედნიეროდ, საპატრიარქოში არსებობენ ადამიანები, რომლებიც ნამდვილად ემსახურებიან ღმერთს“ და „ამ ადამიანებმა მიაწოდეს ინფორმაცია“ სალომე ზურაბიშვილისა და ილია მეორის საუბრის დეტალების შესახებ.

თორნიკე მამალაძის განცხადებით, „სალომე ზურაბიშვილმა ჰკითხა პატრიარქს, თუ რა გადაწყვეტილება უნდა მიეღო შეწყალებასთან დაკავშირებით“, რაზეც, მამალაძის განცხადებით, პატრიარქმა უპასუხა, რომ სურვილის შემთხვევაში, აქამდე ეტყოდა სალომე ზურაბიშვილს და „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას ამის შესახებ და მათ აქამდე ექნებოდათ მისი თახნმობა შეწყალებასთან დაკავშირებით.

თორნიკე მამალაძის თქმით, „თავად პატრიარქს არ სურს“ მისი ძმის – დეკანოზ გიორგი მამალაძის გათავისუფლება. აგრეთვე მამალაძემ განაცხადა, რომ პატრიარქმა ზურაბიშვილთან საუბრისას აღნიშნა, რომ ეკლესიაში გადაწყვეტილებებს იღებს ის და არა წმინდა სინოდი.

გარდა ამისა, თორნიკე მამალაძის აღნიშნავს, რომ პატრიარქს მისი ძმის გათავისუფლება არ სურს იმიტომ, რომ ამ შემთხვევაში გიორგი მამალაძე გაავრცელებდა ინფორმაციას პატრიარქის ცოდვებთან დაკავშირებით – „პატრიარქი არის შეშინებული. ის დარწმუნებული არის, რომ ჩემი ძმის გათავისუფლების შემთხვევაში მოხდებოდა საუბარი ჩემი ძმის მხრიდან პატრიარქის ცოდვებთან დაკავშირებით, რომელიც უკავშირდება სოდომურ ცოდვებს, რომელიც უკავშირდება არაერთ ფინანსურ მაქინაცას. გამომდინარე აქედან, პატრიარქმა გადაწყვიტა და ჩემი ძმა ამ ინფორმაციის გამო საპყრობილეში დატოვა“, – აღნიშნავს მსჯავრდებული დეკანოზის ძმა.

6 იანვარს ჩატარებულ ბრიფინგზე საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ არ აპირებდა დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალებას.

დეკანოზ მამალაძეს თბილისის საქალაქო სასამართლომ 9-წლიანი პატიმრობა 2017 წლის 5 სექტემბერს მიუსაჯა. სასამართლომ დეკანოზი პატრიარქ ილია მეორის მდივან–რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადებაში სცნო დამნაშავედ.

დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალების რეკომენდაციით პრეზიდენტ ზურაბიშვილს მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდმა მიმართა.

პრეზიდენტმა დეკანოზი გიორგი მამალაძე არ შეიწყალა

მასალების გადაბეჭდვის წესი