ახალი ამბებისაზოგადოება

ვიდეო მორის მაჩალიკაშვილის საქმიდან, რომელიც შსს-ს არ გამოუქვეყნებია

20 სექტემბერი, 2019 • 6905
ვიდეო მორის მაჩალიკაშვილის საქმიდან, რომელიც შსს-ს არ გამოუქვეყნებია

„ნეტგაზეთს“ წყარომ მიაწოდა ვიდეო-კადრები, რომლებიც ამ დროისთვის მორის მაჩალიკაშვილის წინააღმდეგ გამოძიების უმთავრესი მტკიცებულებაა 20 ივნისის საქმეზე.

მაღალი საჯარო ინტერესის გათვალისწინებით, კადრებს ამავე სტატიაში ვაქვეყნებთ. ეს კადრები ასახავს იმ ძირითად ეპიზოდს, რასაც მალხაზ მაჩალიკაშვილის ძმისშვილს, მორის მაჩალიკაშვილს ედავებიან და რის გამოც მას პატიმრობა ემუქრება 4-დან 6 წლამდე ვადით.

იმავე მუხლით, რასაც მორის მაჩალიკაშვილს ედავებიან — სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლი, ჯგუფური ძალადობის ორგანიზება/მონაწილეობა — 20-21 ივნისის საქმეებზე სხვა ადამიანებიც არიან დაკავებული. მათი დაკავებისას შსს პერმანენტულად აქვეყნებდა ვიდეოებს, რომლებიც, ბრალდების თანახმად, პოლიციელზე ძალადობას ასახავდა, თუმცა მაჩალიკაშვილის დაკავებისას უწყებას მსგავსი ვიდეო არ გამოუქვეყნებია.

მორის მაჩალიკაშვილის უფლებადამცველი ორგანიზაციის თანახმად, რომელიც ბრალდებულის ინტერესებს იცავს სასამართლოში და ეს კადრები ასევე ნანახი აქვს, პროკურატურის მთავარი მტკიცებულება მაჩალიკაშვილის ბრალეულობას არ ადასტურებს.

მათ თანახმად, მაჩალიკაშვილის ქმედებებში არ იკვეთება ის, რასაც ედავებიან, — თითქოს მისი მიზანი პარლამენტში შეჭრა იყო; სინამდვილეში, ამბობენ ისინი, მორის მაჩალიკაშვილის ერთადერთი მოტივაცია იმ საღამოს ბიძამისის დაცვა და საკუთარი თავის ადგილიდან გარიდება იყო მას შემდეგ, რაც ხალხმრავლობაში მოექცა.

ამის მიუხედავად, მორის მაჩალიკაშვილი ამ დრომდე პატიმრობაში რჩება.

ბიძა, მალხაზ მაჩალიკაშვილი ძმისშვილის დაკავებას მის წინააღმდეგ სახელმწიფოს შურისძიებად და პერსონალურ დარტყმად აღიქვამს, რისი მიზანიც მისი წინააღმდეგობის ჩახშობაა.

მორის მაჩალიკაშვილს 20 ივნისის ღამეს ჯგუფურ ძალადობაში სდებენ ბრალს. ეს ის ღამეა, როდესაც პარლამენტის წინ პოლიციამ დემონსტრაცია დაარბია, რა დროსაც დაახლოებით 240 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 40-მდე ჟურნალისტი, ორმა ადამიანმა კი თვალი დაკარგა.

რა [არ] ჩანს ვიდეოში

„ნეტგაზეთის“ გამოქვეყნებულ ამ ვიდეოში აქციის ის მონაკვეთი ჩანს, როდესაც მალხაზ მაჩალიკაშვილი შეუძლოდ შეიქნა. კამერა, რომლითაც ეს კადრებია გადაღებული, მალხაზ მაჩალიკაშვილს მიჰყვება. მორის მაჩალიკაშვილი კადრების დასაწყისში მასთან ახლოს დგას.

როგორც უფლებადამცველი ორგანიზაცია „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი“ (EMC) წერს, მორის მაჩალიკაშვილი ბიძასთან მიახლოებას და მის დახმარებას, ადგილიდან გარიდებას ცდილობს.

„მე ერთ მომენტში ძალიან ცუდად გავხდი, თირკმელები გამეთიშა. ამ მომენტში ჰუსეინი [მორის მაჩალიკაშვილის ჩეჩნური სახელი ჰუსეინ ტერლოევია] ცდილობს, რომ მე დამიცვას, როგორც ბოლო ერთი წელია, აკეთებს… სულ ცდილობს, ზურგიდან, გვერდებიდან დამიცვას იმიტომ, რომ საფრთხე ყოველთვის არსებობს. სულ ის აქვს თავში, როგორმე მე დამიცვას“, — გვეუბნება მალხაზ მაჩალიკაშვილი.

კადრებში ჩანს, რომ მალხაზ მაჩალიკაშვილს, რომელიც ცუდად ხდება, აქციის მონაწილეები ხელში აიტაცებენ, მოსასულიერებლად წყალს ასხამენ, საბოლოოდ კი პოლიციელების დახმარებით ხალხის მასიდან გაჰყავთ.

ამავე პერიოდში, როგორც EMC აღწერს: „მორის მაჩალიკაშვილი ხვდება აქციის მონაწილეების ალყაში, მას აღარ ეძლევა გადაადგილების შესაძლებლობა და ინსტიქტურად იქნევს ხელს, რომელიც ხვდება პოლიციის თანამშრომლის ფარს“.

ამის შემდეგ, როგორც EMC აღწერს, მორის მაჩალიკაშვილს იმდენად ძლიერად აწვებიან უკნიდან, რომ პოლიციელის ფარს სახით ეკვრის, თუმცა დაახლოებით სამ წამში დაბლა იხრება და ცდილობს, გამოძვრეს ამ ჯგუფიდან, რასაც ახერხებს კიდეც“.

პროკურატურის ვერსია

„ნეტგაზეთის“ კითხვაზე, ადასტურებენ თუ არა, რომ ამ ეპიზოდის ამსახველი კადრების გარდა სხვა კადრები საქმეში არაა, საქმის ერთ-ერთმა პროკურორმა გიორგი მუკბანიანმა განაცხადა: „შესაძლოა, აშკარად გამოხატული ძალადობა მაგ წამებში და წუთებში იყოს, — სადაც უშუალოდ ძალადობრივ ქმედებას ახორციელებს კონკრეტული პირის მიმართ, რაც თვალსაჩინოებისთვის, ექსპერტიზის დასკვნისთვის იყო დემონსტრირებული, — თუმცა სხვა მოქმედებებშიც იღებენ მონაწილეობას, რის მტკიცებულებებსაც უკვე არსებით განხილვაზე წარმოვადგენთ“.

პროკურორი ამბობს, რომ არსებობს „საათობით ვიდეოჩანაწერები, როდესაც დაიწყო ძალადობრივი მოქმედებები, რაშიც იღებდა მონაწილეობას [მაჩალიკაშვილი]“. პროკურორებს არ დაუკონკრეტებიათ, კონკრეტულად სხვა რა ეპიზოდში შეიძლება მაჩალიკაშვილს ედავებოდნენ.

იმის მიუხედავად, რომ სხვა ეპიზოდის ამსახველი კადრები გამოძიების ამ ეტაპზე წარმოდგენილი არ ყოფილა, მორის მაჩალიკაშვილს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეუფარდა, ხოლო ზემდგომმა ინსტანციამ გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.

„საერთო ძალისხმევას შეუწყო ხელი“

მეორე პროკურორი, ვაჟა თოდუა ამ კადრებზე გვეუბნება: „ვიდეოჩანაწერებში ჩანს, რომ ბრალდებული ახორციელებს კანონსაწინააღმდეგო ქმედებას, მონაწილეობას იღებს ჯგუფურ ძალადობაში… ბრალდების მხარემ ჩათვალა, რომ აღნიშნულით მან ხელი შეუწყო საერთო ძალისხმევას, გარღვეულიყო პოლიციელთა კორდონი“.

„ნეტგაზეთის“ კითხვაზე, იყო თუ არა, მათი ვერსიით, ეს ქმედება მიზანმიმართული [იმისკენ, რომ მაჩალიკაშვილი პარლამენტში შეჭრილიყო], პროკურორმა ვაჟა თოდუამ გვიპასუხა:

„ნებისმიერი ადამიანი, ვინც ჰყვებოდა მოცემულ შემთხვევაში პარლამენტის მიმდებარედ და ნახა, რომ ადამიანების გარკვეული ჯგუფი ცდილობდა გაერღვია კორდონი, რათა შეჭრილიყო პარლამენტის შენობაში; ნებისმიერი ადამიანი, რომელიც მონაწილეობას იღებდა აღნიშნულ მოქმედებაში, თავისი მოქმედებით, ბუნებრივია, საერთო ძალისხმევაში იღებდა მონაწილეობას, რაც მიზნად ისახავდა შენობაში შეჭრას“.

დამაზუსტებელ კითხვაზე მან გვითხრა: „არავის არ ჩაუდენია იქ დამოუკიდებელი დანაშაული… მან საერთო ძალისხმევაში მიიღო მონაწილეობა, რათა გაერღვიათ პოლიციელთა კორდონი და შეჭრილიყვნენ პარლამენტის შენობაში“.

რატომ არ დასტუდება ვიდეოთი ბრალი?

EMC-ის თანახმად, პირის ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის დადასტურების მიზნით პროკურატურა უნდა ფლობდეს იმგვარ მტკიცებულებებს, რომლებიც „აშკარად აჩვენებს პირის განზრახვას იყოს ჯგუფური ძალადობრივი ქმედებების მონაწილე, თავს დაესხას სამართალდამცველებს და თავისი მოქმედებებით ხელი შეუწყოს ჯგუფურ მოქმედებებს“. მათივე შეფასებით — და ბიძამისის მტკიცებითაც — ასეთი რამ ვერ დასტურდება.

როგორც EMC წერს, მთელი დროის განმავლობაში მორის მაჩალიკაშვილი არ ამჟღავნებს რაიმე განზრახვას, იყოს ძალადობრივი ქმედებების მონაწილე, გაარღვიოს პოლიციის კორდონი და შეიჭრას პარლამენტში ან რამე მსგავსი, რასაც მას ედავებიან.

„მის ქმედებაში არ ჩანს ინტენსიური, მიზანმიმართული, შეტევითი და ძალადობრივი მოქმედება. იგი ცდილობს არ მოშორდეს ბიძამისს, უზრუნველყოს მალხაზ მაჩალიკაშვილის უსაფრთხოება და მალხაზ მაჩალიკაშვილის მიერ ტერიტორიის დატოვებისთანავე თავადაც ტოვებს ადგილს“.

მალხაზ მაჩალიკაშვილი განმარტავს, რომ მინიშნება, თითქოს მის ძმისშვილს კორდონის გარღვევა უნდოდა, ან რაიმე გეგმა ჰქონდა კორდონის გასარღვევად, აბსურდულია:

„მორისი 20 ივნისის აქციაზე კი არ იყო, ჩემთან იყო, ჩვენს აქციაზე. იმას აკეთებდა, რასაც წელიწადზე მეტია, ორივენი ვაკეთებთ — პარლამენტის წინ ჩემი შვილის მკვლელობის გამოძიებას და სამართალს ვითხოვთ… ჩვენი კარვები იქ უკვე ამდენი თვეა დგას. იმ ღამით იმ ადგილას, სადაც ჩვენი მესამე კარავი იდგა, სპეცრაზმელთა ჯაჭვი იყო განლაგებული. მე და მორისი ყოველთვის იქვე, შორიახლოს ვიყავით, რომ ვინმეს რამე არ შეეტანა კარავში, რისი მცდელობებიც არაერთხელ ყოფილა. ამიტომ აღმოვჩნდით იმ პირველ ხაზში“, — უთხრა მაჩალიკაშვილმა „ნეტგაზეთს“.

სხვა მტკიცებულებები

EMC-ის თანახმად, ვიდეოს გარდა, მორის მაჩალიკაშვილის წინააღმდეგ საქმეში ასევე დევს ერთი პოლიციელის პატაკი, რომელიც „ოპერატიულ ინფორმაციას“ ეყრდნობა — თითქოს მან მიიღო ინფორმაცია, რომ მორის მაჩალიკაშვილი „აქტიურ მონაწილეობას იღებდა სხვადასხვა ძალადობრივ მოქმედებაში“.

იმის გათვალისწინებით, რომ „ოპერატიული ინფორმაციის“ წყაროს სასამართლოში დაკითხვა დაუშვებელია, სასამართლო მის სარწმუნოებას ვერ ამოწმებს და, ფაქტობრივად, პოლიციელს სიტყვაზე ენდობა.

საქმის ერთ-ერთი პროკურორი, ვაჟა თოდუა გვეუბნება, რომ მტკიცებულება არის „არა მარტო ვიდეო, არამედ იმ პოლიციელების ჩვენებები, რომლებიც იმყოფებოდნენ ბრალდებულის სიახლოვეს და მათი მოქმედებები აღწერეს“. მან დაგვიდასტურა, რომ „უმეტეს შემთხვევაში პოლიციელთა ჩვენებებია წარმოდგენილი“.

თუმცა, როგორც EMC წერს, მოწმეები, რომელთა აბსოლუტური უმრავლესობა შსს-ს თანამშრომელია, მხოლოდ ზოგადად (და ერთმანეთის მსგავსად) აღწერენ იმღამინდელ საერთო სიტუაციას. დაცვის მხარის თანახმად, არცერთ ოქმში არ წერია, არც მინიშნებულია, რომ მორის მაჩალიკაშვილმა ვინმეს დაარტყა ან რამე კონკრეტული დანაშაული ჩაიდინა.

„პოლიციელები იმას ამბობენ, რასაც ავალებენ“

მალხაზ მაჩალიკაშვილი იხსენებს: „როდესაც ჰუსეინს პირველად ადმინისტრაციულად აჯარიმებდნენ იმავე საქმეზე [20 ივნისის მოვლენებიდან მალევე], ერთ-ერთი პოლიციელი ამბობდა, ჰუსეინმა შემაგინა და წინააღმდეგობა გამიწიაო… სასამართლოდან გამოსულს, კარებთან დავეწიე და ვუთხარი, ამას რატომ იძახი, არა გრცხვენია-მეთქი? ადამიანი არა ხარ-მეთქი? იცით, რას მეუბნება ეგ პოლიციელი? რა ვქნა, იძულებული ვარ, ასე ვთქვაო. მე ვიცოდი, რომ ადმინისტრაციულზე გამოვიდოდა [ანუ პატიმრობა არ ემუქრებოდა] და მოვიტყუეო“, — გვეუბნება მალხაზ მაჩალიკაშვილი.

„ამ შემთხვევაში, ის პოლიციელები და სპეცრაზმელები დაწერენ ჰუსეინაზე, ან გვაგინებდა, ან რაღაცო. რასაც ეუბნებიან, იმას იძახიან. არადა, ჰუსეინი კი არა, მე ვაგინებდი იმ დღეს ყველა იქ მდგომ პოლიციელსაც და სპეცრაზმელსაც. დამიჭირონ მაშინ მე“.

რატომ არის ის პატიმრობაში მალხაზ მაჩალიკაშვილის აზრით?

მალხაზ მაჩალიკაშვილი უკვე წელიწადზე მეტია აპროტესტებს მისი შვილის, 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის მკვლელობას. თემირლანი — რომელსაც ტერორიზმის ხელშეწყობას, კერძოდ კი „ისლამური სახელმწიფოს“ ერთ-ერთი ცნობილი ფიგურის, აჰმედ ჩატაევის დახმარებას ედავებოდნენ, თუმცა ბრალი არ წაუყენებიათ — სპეცოპერაციისას საკუთარ სახლში, ოთახში, თავში დაჭრეს, რის შემდეგაც გარდაიცვალა. სუს-ის ვერსიით, მას ხელყუმბარა ეჭირა ხელში, ოჯახი კი ამას კატეგორიულად უარყოფს. შვილის სიკვდილის გარემოებების გამოძიებას მაჩალიკაშვილი რამდენიმე თვეა ითხოვს და ამ მოთხოვნით საპროტესტო აქციებს მართავს.

მალხაზ მაჩალიკაშვილი დარწმუნებულია, რომ ჰუსეინ მაჩალიკაშვილის პატიმრობის მიზეზი სახელმწიფოს მხრიდან მის მიმართ პიროვნული ანგარიშსწორებაა და ამას ამგვარად ასაბუთებს:

„20-21 ივნისის ღამით, ჩვენი კარვების დაშლის შემდეგ, ერთი თვისთავზე გადავწყვიტე, გამეშალა კარავი. მე ხომ მთელი ეს პერიოდი იქ ვარ, ხელმოწერები იქ გროვდება და იქიდან წამსვლელი არ ვარ, სანამ პასუხს არ გამცემენ. ერთი სიტყვით, იმ დღით, როცა კარვის გაშლა გადავწყვიტე, მოვიდნენ [პოლიციელები], წინააღმდეგობა გამიწიეს, არ მომცეს გაშლის უფლება. მაგრამ ვუთხარი, საღამოს კარავს გავშლი, თქვენ ეს გინდათ თუ არა-მეთქი“.

ამის შემდეგ, როგორც მალხაზ მაჩალიკაშვილი „ნეტგაზეთს“ უამბობს, მოვლენები ასე განვითარდა: „იმავე დღეს დაურეკეს ჰუსეინს, დღეს თუ ბიძაშენი კარავს გაშლის, ციხეში აღმოჩნდებიო. ეს ფაქტია. რას მიგვანიშნებს? ჰუსეინა არის ჩემ გამო დაჭერილი, კარვის გაშლის გამო. ეს არის შურისძიების, დემორალიზების მცდელობა“.

რატომ შეიძლება, ძმისშვილის პატიმრობა მაჩალიკაშვილისთვის შემაფერხებელი ფაქტორი გამხდარიყო? როგორც თვითონ გვიხსნის, ამიტომ:

„ჯერ ეს ერთი, ჰუსეინი ჩემთვის ძალიან ახლობელი ადამიანია. ბიჭი, ერთი, თემირლანი მყავდა და მის ადგილას მყავს ჰუსეინი. მისი დაჭერა ჩემთვის მეორე სასიკვდილო დარტყმა იყო; ამას გარდა, შეიძლება, მიზანი იყოს ჩემ გვერდზე მდგომი ახალგაზრდების დაშინება, თქვენც დაგიჭერთო; მესამეც, ისევ მე უნდა ვიფიქრო, სხვა ვინმე მის მსგავსად რომ დავიყენო გვერდში, იმასაც დაიჭერენ, ეგეც პრობლემა გახდება… მაგრამ ამითაც არაფერი გამოუვიდათ, ვაგრძელებ პარლამენტთან დგომას“.

მასალების გადაბეჭდვის წესი