ახალი ამბები

ჩემი ავადმყოფის სანახავად გადავედი – გაფრინდაშვილი

28 დეკემბერი, 2019 • 1524
ჩემი ავადმყოფის სანახავად გადავედი – გაფრინდაშვილი

ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი აცხადებს, რომ ცხინვალის კონტროლირებად ტერიტორიაზე პაციენტის სანახავად გადავიდა.

„გასახსენებელი ბევრი არაფერი არ არის. ერთ-ერთი მიზეზი, მთავარი მიზეზი რაც იყო, იყო ჩემი ავადმყოფის ნახვა. სამწუხაროდ, ვერ ვიტყვი გვარს, ვინ იყო და სად ცხოვრობდა, რადგან პრობლემები შეექმნება“, – განუცხადა გაფრინდაშვილმა ჟურნალისტებს პრესკონფერენციაზე.

მისი თქმითვე, როდესაც რუსმა ჯარისკაცებმა დააკავეს, გადასვლის მიზეზად სოფელ მონასტერში არსებული ეკლესიის მონახულება დაუსახელა.

კითხვაზე, ჰქონდა თუ არა გაცნობიერებული ის რისკი, რაც მის ცხინვალის კონტროლირებად ტერიტორიაზე გადასვლას შეიძლებოდა მოჰყოლოდა, მან უპასუხა: „რისკი ყოველთვის არის, მაგრამ ვეცადე, საექიმო მოვალეობა შემესრულებინა“.

ექიმმა ვაჟა გაფრინდაშვილმა ცხინვალის საპატიმრო 28 დეკემბრის დილას დატოვა და ცოტა ხანში თბილისის კონტროლირებად ტერიტორიაზე დაბრუნდა.

მცირე ხნით ადრე ოსურ მედიაში გავრცელდა ცნობა, რომ სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა 27 დეკემბერს ხელი მოაწერა ბრძანებას ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილის შეწყალების თაობაზე.

რუსმა სამხედროებმა ვაჟა გაფრინდაშვილი 9 ნოემბერს დააკავეს. 20 დეკემბერს მას ცხინვალის სასამართლომ ერთი წლით და 9 თვით პატიმრობა მიუსაჯა საზღვრის კვეთის ბრალდებით.

ნახეთ ასევე:

იმის გამო მომისაჯეს, რომ ვამბობდი, საზღვარი არ დამირღვევია – გაფრინდაშვილი

მასალების გადაბეჭდვის წესი