ახალი ამბები

იმის გამო მომისაჯეს, რომ ვამბობდი, საზღვარი არ დამირღვევია – გაფრინდაშვილი

28 დეკემბერი, 2019 • 1380
იმის გამო მომისაჯეს, რომ ვამბობდი, საზღვარი არ დამირღვევია – გაფრინდაშვილი

ვაჟა გაფრინდაშვილი აცხადებს, რომ მისი ვარაუდით, ცხინვალში დე ფაქტო ხელისუფლებამ თითქმის ორწლიანი პატიმრობა იმიტომ მიუსაჯარა, რომ გამუდმებით ამბობდა, რომ იმყოფებოდა საქართველოს ტერიტორიაზე, რომელიც რუსეთის მიერაა ოკუპირებული.

„ჩემი პოზიცია იყო პირველი დღიდან, რომ მე არ დამიტოვებია საქართველოს საზღვარი. ვიცი, საზღვრის გადაკვეთა როგორ ხდება და პირველი დღესვე, რუსი მესაზღვრეები იქნებოდნენ თუ ოსეთის „ეფესბე“ თუ „კაგებე“, ვეუბნებოდი, რომ საქართველოს ტერიტორია არ დამიტოვებია, მე ვიმყოფები საქართველოს რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე“, – განაცხადა გაფრინდაშვილმა.

მისი თქმით, სავარაუდოდ სწორედ ეს იყო მიზეზი, რის გამოც წელიწადი და ცხრა თვე პატიმრობა მიუსაჯეს.

ექიმმა ვაჟა გაფრინდაშვილმა ცხინვალის საპატიმრო 28 დეკემბრის დილას დატოვა და ცოტა ხანში თბილისის კონტროლირებად ტერიტორიაზე დაბრუნდა.

მცირე ხნით ადრე ოსურ მედიაში გავრცელდა ცნობა, რომ სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა 27 დეკემბერს ხელი მოაწერა ბრძანებას ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილის შეწყალების თაობაზე.

გაფრინდაშვილმა პრესკონფერენციაზე თქვა, რომ გუშინ გაგზავნა წერილი დე ფაქტო პრეზიდენტ ანატოლი ბიბილოვთან, თუმცა ამ წერილში მაინც არ უღიარებია ის ბრალი, რასაც ედავებოდნენ – „საზღვრის უკანონო კვეთა“.

რუსმა სამხედროებმა ვაჟა გაფრინდაშვილი 9 ნოემბერს დააკავეს. 20 დეკემბერს მას ცხინვალის სასამართლომ ერთი წლით და 9 თვით პატიმრობა მიუსაჯა საზღვრის კვეთის ბრალდებით.

ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი აცხადებს, რომ ცხინვალის კონტროლირებად ტერიტორიაზე პაციენტის სანახავად გადავიდა.

„გასახსენებელი ბევრი არაფერი არ არის. ერთ-ერთი მიზეზი, მთავარი მიზეზი რაც იყო, იყო ჩემი ავადმყოფის ნახვა. სამწუხაროდ, ვერ ვიტყვი გვარს, ვინ იყო და სად ცხოვრობდა, რადგან პრობლემები შეექმნება“, – განუცხადა გაფრინდაშვილმა ჟურნალისტებს პრესკონფერენციაზე.

მისი თქმითვე, როდესაც რუსმა ჯარისკაცებმა დააკავეს, გადასვლის მიზეზად სოფელ მონასტერში არსებული ეკლესიის მონახულება დაუსახელა.

მასალების გადაბეჭდვის წესი