ახალი ამბები

Spotify 2020-დან პოლიტიკურ რეკლამებს აჩერებს

28 დეკემბერი, 2019 • 1658
Spotify 2020-დან პოლიტიკურ რეკლამებს აჩერებს

მუსიკალური სტრიმინგ სერვისი Spotify 2020 წლის დასაწყისიდან საკუთარ პლატფორმებზე პოლიტიკურ რეკლამებს აღარ განათავსებს.

ინფორმაციას Spotify-ს სპიკერმა არაერთ გამოცემას, მათ შორის CNBC-ს და CNN-ს დაუდასტურა.

აშშ-ის 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მოახლოების პარალელურად, ტექნოლოგიური კომპანიები ჩართულები არიან დებატებში, თუ როგორ გაუმკლავდნენ პოლიტიკურ რეკლამებს.

CNN-ის თანახმად, Spotify-ში აცხადებენ, რომ არ აქვთ შესაძლებლობა, პასუხისმგებლიანად შეამოწმონ პოლიტიკური რეკლამები და ტექნიკური შესაძლებლობების არქონის გამო ამბობენ მათ განთავსებაზე უარს.

„ამ გადაწყვეტილებას გადავხედავთ იმის პარალელურად, რომ ვაგრძელებთ ჩვენი შესაძლებლობების განვითარებას“, – აცხადებს კომპანიის სპიკერი.

კომპანიის ეს გადაწყვეტილება მხოლოდ აშშ-ს ეხება, რადგან, CNN-ის თანახად, სწორედ შტატების ბაზარია ერთადერთი, სადაც „სპოტიფაი“ პოლიტიკურ რეკლამებს ყიდის.

პოლიტიკურ რეკლამაზე ყველაზე მკვეთრი მიდგომა ამ დრომდე ტვიტერს აქვს, რომელმაც ოქტომბერს განაცხადა, რომ სრულად კრძალავს პოლიტიკურ რეკლამას.

CNBC-ის თანახმადვე, ფეისბუკს საწინააღმდეგო მიდგომა აქვს და უარს აცხადებს კანდიდატების რეკლამების აკრძალვაზე/მოხსნაზე იმ შემთხვევაშიც კი, თუკი რეკლამა ცრუ ინფორმაციას შეიცავს.

მასალების გადაბეჭდვის წესი