ახალი ამბები

Twitter თავის პლატფორმაზე პოლიტიკურ რეკლამას აკრძალავს

31 ოქტომბერი, 2019 • 802
Twitter თავის პლატფორმაზე პოლიტიკურ რეკლამას აკრძალავს

სოციალური ქსელი Twitter თავის პლატფორმაზე პოლიტიკურ რეკლამას კრძალავს. ამის შესახებ განცხადებას Twitter-ის აღმასრულებელი დირექტორი ჯეკ დორსი ავრცელებს. 

ეს გადაწყვეტილება ძალაში 22 ნოემბრიდან შევა და ხელს შეუშლის როგორც ე.წ. ფეიკ ნიუსების, ასევე, პოლიტიკოსების მხრიდან ცრუ ინფორმაციის გავრცელებას. გარდა ამისა, Twitter-ის ახალი რეგულაციები დიდი ბრიტანეთში რიგგარეშე არჩევნებსაც ემთხვევა, რომელიც 12 დეკემბერსაა ჩანიშნული.

“გადავწყვიტეთ, რომ გლობალურად შეგვეჩერებინა ყველანაირი პოლიტიკური რეკლამა Twitter-ზე. გვჯერა, რომ [პოლიტიკოსებმა] პოლიტიკური გზავნილებისადმი წვდომა უნდა დაიმსახურონ და არა – იყიდონ“, – წერს ჯეკ დორსი Twitter-ზე.

დორსი ასევე განმარტავს, რომ ეს გადაწყვეტილება “არ ეხება თავისუფალ გამოხატვას“.  მისი თქმით, ეს არის “გზავნილებზე წვდომის ყიდვა“. მისივე თქმით, Twitter-ის ზოგადი პოლიტიკისთვის მიუღებელია, რომ სოციალურმა ქსელმა “აიძულოს“ მომხმარებლები, პოლიტიკოსების მიერ გადახდილი ფულის სანაცვლოდ მათი პოლიტიკური რეკლამა ნახონ.

ამ განცხადებით ჯეკ დორსი ნაწილობრივ ეხმაურება ფეისბუკის დამფუძნებლის, მარკ ცუკერბერგის პოზიციას. ფეისბუკზე ამ დრომდე პოლიტიკური რეკლამების განთავსება დაშვებულია და არ არსებობს რაიმე სახის შეზღუდვა, რომელიც პოლიტიკოსებს ცრუ ინფორმაციის გავრცელებაში ხელს შეუშლიდა. მათი აკრძალვა კი ცუკერბერგს თავისუფალი გამოხატვის შეზღუდვად მიაჩნია.

მასალების გადაბეჭდვის წესი