ახალი ამბები

ნაცვლიშვილი „ფრონტერას“ გაფიცული მუშების საკითხზე რეაგირებას ითხოვს

27 დეკემბერი, 2019 • 2082
ნაცვლიშვილი „ფრონტერას“ გაფიცული მუშების საკითხზე რეაგირებას ითხოვს

დამოუკიდებელი პარლამენტარი ბექა ნაცვლიშვილი ეხმაურება „ფრონტერას“ გაფიცული დასაქმებულების პრობლემებს და კომპანიის საქმიანობასთან დაკავშირებით ამერიკის სავაჭრო პალატასა და საქართველოს მთავრობას მიმართავს.

„ფრონტერა ისტერნ ჯორჯიას“ თანამშრომლებმა პროტესტის ნიშნად მუშაობა შეწყვიტეს, რის საფუძვლადაც ასახელებენ გარემოებას, რომ 11 თვის კუთვნილი ხელფასები ამ დრომდე არ ჩარიცხვიათ.

კომპანია კახეთში, დედოფლისწყაროში მოიპოვებს ნავთობს. თანამშრომლების თქმით, მუშაობაზე უარის შემდეგ კომპანიამ ისინი სამსახურიდან გაათავისუფლა.

ბექა ნაცვლიშვილი დასაქემბულებისთვის შექმნილ მდგომარეობას საგანგაშოს უწოდებს. ადგილზე გაცნობის შემდეგ ის სიტუაციას ასე აღწერს:

  • მშრომელები დარჩნენ მათი ელემენტარული საბაზისო მოთხოვნილებების დაკმაყოფილების შესაძლებლობების გარეშე, მათ შორის, გაზისა და ელექტროენერგიის, რადგან ვეღარ იხდიან კომუნალურ გადასახადს“;
  • მათ ამ პრობლემების გარდა საბანკო ვალდებულებები აქვთ, რომლის მომსახურების შეწყვეტის შემთხვევაში, ამ ვალდებულებების ტვირთი მათთვის საგრძნობლად გაიზრდება;
  • მათ აქვთ საფუძვლიანი შიში, რომ სამუშაო ადგილები არ შეუნარჩუნდებათ. მეოთხე, ნავთობის რეზერვუარების გადავსების შემთხვევაში, შეიძლება აღმოჩნდეთ გარემოს დაბინძურების სერიოზული რისკის წინაშე;

ნაცვლიშვილის თქმით, შექმნილ ვითარებაში მისი ინტერესია არა აქციონერებისა და ინვესტორების, არამედ მშრომელთა უფლებების დაცვა და აცხადებს:

„კომპანია შპს „ფრონტერა ისტერნ ჯორჯია“ არის საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ორგანიზაციის, ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი. ამერიკის ხელისუფლება სამართლიანად მიუთითებს ხოლმე საქართველოს ხელისუფლებას, რომ ყურადღება გაამახვილოს ადამიანის უფლებების მდგომარეობაზე საქართველოში და გადადგას ნაბიჯები ვითარების გამოსასწორებლად“.

„ამიტომ, მე ვითხოვ ამერიკის სავაჭრო პალატისგან, მოახდინოს მისი წევრი ორგანიზაციის მიერ საქართველოში წარმოებული საქმიანობის შედეგად დარღვეულ შრომის უფლებებზე მკაცრი რეაგირება. აიღოს პასუხისმგებლობა მის საქმიანობაზე და გადადგას ქმედითი ნაბიჯები დასაქმებულების წინაშე არსებული პრობლემების აღმოსაფხვრელად“, – აცხადებს იგი.

ნაცვლიშვილი მიმართავს საქართველოს მთავრობას, „ყველა შესაძლო ბერკეტი გამოიყენოს და სათანადო ყურადღება დაუთმოს დედოფლისწყაროში, კომპანიაში „ფრონტერა ისტერნ ჯორჯია“ დასაქმებული ადამიანების მდგომარეობას და ყველა ზომა მიიღოს მათ წინაშე მდგარი პრობლემების აღმოსაფხვრელად“.

„როგორც დამსაქმებელს, ისე სახელმწიფოსაც ეკისრება პასუხისმგებლობა დასაქმებულების მიმართ. წიაღისეულის მოპოვება არის სახელმწიფოს მიერ რეგულირებადი სფერო, ის ეხება ეროვნულ სიმდიდრეს, ამიტომ სხვა საქმიანობასთან შედარებით სახელმწიფოს პასუხისმგებლობა ამ შემთხვევაში ერთიორად მაღალია“, – აცხადებს პარლამენტარი.


კახეთში მომუშავე ნავთობკომპანიის 84 დასაქმებული 11 თვის ხელფასის ანაზღაურებას ითხოვს. მათი თქმით, მას შემდეგ, რაც უხელფასოდ მუშაობის გაგრძელებაზე უარი თქვეს, კომპანიამ გაათავისუფლა. ისინი დახმარებას სახელმწიფოსგან ელიან.

სახელმწიფო, კერძოდ კი ნავთობისა და გაზის კორპორაცია, ფლობს ამ კომპანიის — „ფრონტერას“ [შპს „ფრონტერა ისტერნ ჯორჯიას“] — 50%-იან წილს, თუმცა აცხადებს, რომ მის საქმიანობაში ვერ ერევა და არც შესაძლო დარღვევების აღმოფხვრის შესაძლებლობა აქვს.

პარალელურად, „ფრონტერა“ და სახელმწიფო ჰააგის საარბიტრაჟო სასამართლოში ედავებიან ერთმანეთს.

ამ თემაზე გირჩევთ:

ნავთობკომპანიის 84 თანამშრომელი 11 თვის ხელფასს ითხოვს

https://batumelebi.netgazeti.ge/news/246134/

მასალების გადაბეჭდვის წესი