ახალი ამბებიეკონომიკა

ნავთობკომპანიის 84 თანამშრომელი 11 თვის ხელფასს ითხოვს

26 დეკემბერი, 2019 • 6172
ნავთობკომპანიის 84 თანამშრომელი 11 თვის ხელფასს ითხოვს

კახეთში მომუშავე ნავთობკომპანიის 84 დასაქმებული 11 თვის ხელფასის ანაზღაურებას ითხოვს. მათი თქმით, მას შემდეგ, რაც უხელფასოდ მუშაობის გაგრძელებაზე უარი თქვეს, კომპანიამ გაათავისუფლა. ისინი დახმარებას სახელმწიფოსგან ელიან.

სახელმწიფო, კერძოდ კი ნავთობისა და გაზის კორპორაცია ფლობს ამ კომპანიის — „ფრონტერას“ [შპს „ფრონტერა ისტერნ ჯორჯიას“] — 50%-იან წილს, თუმცა აცხადებს, რომ მის საქმიანობაში ვერ ერევა და არც შესაძლო დარღვევების აღმოფხვრის შესაძლებლობა აქვს.

პარალელურად, „ფრონტერა“ და სახელმწიფო ჰააგის საარბიტრაჟო სასამართლოში ედავებიან ერთმანეთს. რა შეიძლება ამ ვითარებაში გამოსავალი იყოს მშრომელებისთვის?

რა ხდება?

ერთ-ერთი დასაქმებული, 58 წლის შოთა მოსეშვილი „ნეტგაზეთს“ უამბობს, რომ თანამშრომლებს უკვე 11 თვის სახელფასო დავალიანება არ მიუღიათ დამსაქმებლისგან; კერძოდ კი, მათ ეკუთვნით 2018 წლის 3 თვის და 2019 წლის 8 თვის ანაზღაურება. შოთა მოსეშვილის თქმითვე, დასაქმებულებს დაახლოებით 250 დოლარის ოდენობის ხელფასები ჰქონდათ.

„მთელი ეს პერიოდი, სანამ ხელფასს არ ვიღებთ, რამდენჯერმე გავაჩერეთ მუშაობა საწარმოში, მაგრამ სულ პირობებს გვაძლევდნენ, რომ აგვინაზღაურებდნენ. გვთხოვდნენ, გაგებით მოვკიდებოდით, გვპირდებოდნენ, რომ ინვესტორი შემოვიდოდა 70 მილიონით; ამბობდნენ, თქვენი ჭირიმე, ყველაფერი კარგად იქნებაო და ამიტომ გაგვეწელა… ბოლო-ბოლო, მივედით იმ დასკვნამდე, რომ გავჩერებულიყავით. იმიტომ, რომ კომპანიას ნავთობი მიჰქონდა და ჩვენ ხელფასს არ გვაძლევდა“, – გვიამბობს იგი.

მოსეშვილის თქმით, ეს 84 ადამიანი დედოფლისწყაროელია, ზოგი უშუალოდ ქალაქიდან, ზოგი კი- სოფლებიდან.

მისი მონათხრობის თანახმად, მას შემდეგ, რაც მუშაობაზე უარი თქვეს, კომპანიის დირექტორმა, ზაზა მამულაიშვილმა გაათავისუფლა: „სამსახურში რომ არ ცხადდებით, ზარალი მიადგა კომპანიასო და შრომის კოდექსის რომელიღაც მუხლის დარღვევის საბაბით დაგვიწერა გათავისუფლების ბრძანება ყველას… არადა იმიტომ არ ვცხადდებოდით, რომ ამდენი თვის განმავლობაში ხელფასები არ მიგვიღია“.

„11 თვის ასაღები რომ გაქვს ხელფასი, 11 თვე რომ ფული არ მოუციათ, ასე როდემდე იმუშავებ? მშიერი ხომ არ ივლიდი? ათასი გაჭირვებაა, ბანკის ვალები ხომ ცალკე პრობლემა, აქეთ ახალი წელი მოდის“…

შოთა მოსეშვილი ამბობს, რომ შრომის პირობებიც ცუდია და არცთუ ისე სახარბიელო: „წლების განმავლობაში საშინელ პირობებში ვმუშაობთ. ზაფხულში გაუსაძლისი სიცხეა, ზამთარში- სულ სიცივე. ძაღლი, მგელი და რაღა არ დადის ველზე, გველებით სავსეა ხოლმე იქაურობა… სპეცტანსაცმელი 7 წელია არ მოუციათ. კვებაც არანორმალურია. დაგანახათ, რა მდგომარეობაა, იტყვით, აქ როგორ მუშაობთო…”

გათავისუფლებულმა დასაქმებულებმა 25 დეკემბერს დედოფლისწყაროს მერიის წინ აქცია გამართეს და სახელმწიფოს დახმარება სთხოვეს. აქციაზე მივიდნენ სახელმწიფოს წარმომადგენელი გაზისა და ნავთობის კორპორაციიდან, მათი დეპუტატი პარლამენტში, ირაკლი შიოლაშვილი და დამოუკიდებელი პარლამენტარი ბექა ნაცვლიშვილი.

შოთა მოსეშვილმა „ნეტგაზეთს“ უთხრა: „ჩვენ შეგვიძლია, ერთ თვეში დიდი რაოდენობით ნავთობი ამოვიღოთ. უბრალოდ, სახელმწიფო რომ დაგვეხმაროს, ხელფასი გადაგვიხადონ, თუნდაც ეტაპობრივად, ხომ შეიძლება? მომავალში კიდევ ამ ნავთობს ამოვიღებდით და სახელმწიფო გაყიდიდა“…

რას ამბობს ნავთობისა და გაზის კორპორაცია?

„ნეტგაზეთი“ დაუკავშირდა ნავთობისა და გაზის კორპორაციას, რომელიც კომპანია „ფრონტერას“ 50%-იან წილს ფლობს. მათ გვითხრეს, რომ მართლაც აქვთ 50%-იანი წილი ამ კომპანიაში, თუმცა „ამ წილის ფლობა კორპორაციას არ აძლევს არანაირ ეფექტურ შესაძლებლობას, ჩაერიოს კომპანიის საქმიანობაში, ან აღმოფხვრას შესაძლო დარღვევები. გარდა ინფორმაციის მოთხოვნისა და სასამართლო პროცესების აღძვრისა“. თანამშრომლების წინაშე კი, მათ თანახმად, პასუხს აგებს უშუალოდ მენეჯმენტი.

კორპორაციაში „ნეტგაზეთს“ ასევე განუცხადეს, რომ როგორც კი მიიღეს ინფორმაცია, კომპანიას ფინანსური სირთულეების გამო პრობლემები შეექმნა თანამშრომლების ხელფასებისა და ქვეკონტრაქტორების მომსახურების საფასურის გასტუმრების ნაწილში, ისინი პერიოდულად სვამდნენ შეკითხვებს და მიმართავდნენ „ფრონტერას“ შექმნილი მდგომარეობის თაობაზე ინფორმაციის მისაღებად და, ამავდროულად, ასეთი შემთხვევების გამოსწორების თაობაზე. თუმცა, კორპორაციის თანახმად, „ფრონტერა“ მათ ინფორმაციას არ უზიარებდა და „მალავდა დავალიანების არსებობას“.

„ბუნებრივია, რომ ჩვენი დამოკიდებულება არის აბსოლუტურად უარყოფითი. ეს ნიშნავს იმას, რომ კონტრაქტორი ვერ ასრულებს მასზე დაკისრებულ მოვალეობას“, – მოგვწერეს ნავთობისა და გაზის კორპორაციიდან.

„ნეტგაზეთს“ კომპანია „ფრონტერასთან“ ელექტრონული ფოსტის საშუალებით გაგზავნილი აქვს კითხვები ამ საკითხზე. პასუხს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.

გამოსავალი?

დამოუკიდებელი პარლამენტარი, უმრავლესობის ყოფილი წევრი ბექა ნაცვლიშვილი მშრომელებთან შეხვედრის შემდეგ „ნეტგაზეთს“ ეუბნება: „ვითარება ასეთია — ამ ადამიანებს კარგა ხანია ხელფასი არ აუღიათ და აევსოთ მოთმინების ფიალა. ახალი წელი მოდის, ზოგს უკვე შეუწყვიტეს კომუნალურები, გადახდა არ შეუძლიათ. ერთი სიტყვით, სავალალო მდგომარეობაა, კომპანიის წარმომადგენელი კი, როგორც ჩანს, საერთოდ არ გამოდის კონტაქტზე“.

ბექა ნაცვლიშვილის ხედვით, იმის გათვალისწინებით, რომ, „როგორც ჩანს, ეს კომპანია როგორც ვერ აიღებს პასუხისმგებლობას“, შექმნილ სიტუაციაში ეკონომიკის სამინისტრომ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა.

„განსაკუთრებით იმიტომ, რომ ეს არ არის, უბრალოდ, ეკონომიკური საქმიანობა, ეს არის რეგულირებადი სფერო და ეხება საქართველოს სიმდიდრეს, ბუნებრივ რესურსებს. აქედან გამომდინარე, სახელმწიფომ საკუთარ მართვაში უნდა გადაიტანოს საწარმო, მოახდინოს კომპანიის რეაბილიტაცია და დასაქმებულების დავალიანება აანაზღაუროს“, – ამბობს ბექა ნაცვლიშვილი.

მისი თქმით, ამ მიზნის მისაღწევად აქტიური სამუშაოები იქნება საჭირო ეკონომიკის სამინისტროსთან, რომელმაც ძალიან სწრაფად უნდა გადადგას მკაცრი ნაბიჯები და კომპანიის მართვაში შევიდეს.

„ნეტგაზეთი“ დაუკავშირდა ეკონომიკის სამინისტროსაც კითხვით, ჩაერთვებიან თუ არა ამ საკითხზე საუბრებში დასაქმებულებთან და რა გამოსავალს ხედავენ არსებული სიტუაციიდან. მათ პასუხს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.

„ფრონტერას“ და სახელმწიფოს ურთიერთობა

ნავთობისა და გაზის კომპანია Frontera Resources ამერიკაში დაარსდა 1996 წელს. მისი მიზანია აღმოსავლეთ ევროპაში გაზისა და ნავთობის მოპოვება.

საქართველოში საქმიანობა 1997 წლიდან დაიწყო. კომპანია კვლევა-ძიებისა და მოპოვებით სამუშაოებს აღმოსავლეთ საქართველოში, მე-12 სალიცენზიო ბლოკზე აწარმოებს.

საქართველოში საქმიანობისთვის Frontera Resources-მა 1997 წლის 7 აგვისტოს შპს „ფრონტერა ისტერნ ჯორჯია“ დააარსა. სწორედ ესაა ის კომპანია, რომელიც დედოფლისწყაროში ფუნქციონირებს.

ამ კომპანიის 50%-ს აშშ-ში რეგისტრირებული Frontera Resources ფლობს, მეორე ნახევარს კი საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია.

1997 წლიდან დღემდე Frontera Resources-მა არაერთხელ გამოაცხადა, რომ საქართველოში გაზის დიდ მარაგს მიაგნო. მაგალითად, 2015 წლის 8 ოქტომბერს კომპანიამ გაავრცელა ინფორმაცია, თითქოს კახეთში 3.8 ტრილიონი კუბური მეტრის მოცულობის გაზის მარაგი აღმოაჩინა. 2016 წლის თებერვალში Frontera Resource-ის ეს განცხადება საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა, კახი კალაძემ გააკრიტიკა.

საქართველოს სახელმწიფო, კერძოდ კი ნავთობისა და გაზის კორპორაცია და ნავთობისა და გაზის სააგენტო, კომპანიას ხელშეკრულების დარღვევას ედავება ჰააგის საარბიტრაჟო სასამართლოში. კომპანია „ფრონტერა“, თავის მხრივ, შეგებებულ სარჩელში მიუთითებს, რომ კორპორაციისა და სააგენტოს მიერ ამავე ხელშეკრულების პირობების დარღვევის გამო დაზარალდა და 3,5 მილიარდი აშშ დოლარის ანაზღაურებას ითხოვს.

სახელმწიფოსა და კომპანიას შორის დავის დეტალებისთვის გირჩევთ:

https://batumelebi.netgazeti.ge/news/246134/

მასალების გადაბეჭდვის წესი