ახალი ამბები

გენშტაბის უფროსის ცვლილება და სხვა საკადრო გადაადგილებები თავდაცვის სამინისტროში

27 დეკემბერი, 2019 • 1450
გენშტაბის უფროსის ცვლილება და სხვა საკადრო გადაადგილებები თავდაცვის სამინისტროში

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილედ და გენერალური შტაბის უფროსად დასავლეთის სარდალი, ბრიგადის გენერალი გიორგი მათიაშვილი დაინიშნა. გენერალ-მაიორი ზაზა ჩხაიძე თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის უფროსის პოზიციიდან გათავისუფლდა და თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილედ დაინიშნა.

თავდაცვის ძალების მეთაურის კიდევ ერთი მოადგილე, გენერალ-მაიორი შალვა ჯაბახიძე, გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და ვენაში, ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციაში (ეუთო) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო წარმომადგენლის თანამდებობაზე დაინიშნა.

გიორგი მათიაშვილი საქართველოს შეიარაღებულ ძალებში 1998 წლიდან მსახურობს. გაერთიანებული სამხედრო აკადემიის დასრულების შემდეგ მუშაობა სამხედრო ოპერაციების მოსამზადებლის ცენტრში ოცეულის მეთაურად დაიწყო. სხვადასხვა დროს გენერალურ შტაბში J-3 ოპერატიული დაგეგმვის დეპარტამენტში სხვადასხვა თანამდებობა ეკავა. საქართველოს გარდა, სამხედრო განათლება კანადასა და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაშიც მიიღო.

მასალების გადაბეჭდვის წესი