ახალი ამბებიკომენტარი

უსამართლო დისბალანსი უნდა აღმოიფხვრას – ინტერვიუ ნინო ჯანგირაშვილთან

26 დეკემბერი, 2019 • 6157
უსამართლო დისბალანსი უნდა აღმოიფხვრას – ინტერვიუ ნინო ჯანგირაშვილთან

შემოსავლების სამსახურის მიერ კომპანიის ანგარიშზე ინკასოს დადების შემდეგ ტელეკომპანია “კავკასიის” დირექტორი ნინო ჯანგირაშვილი ამბობს, რომ ტელევიზია მძიმე ფინანსურ მდგომარეობაში აღმოჩნდა. მისგან გავიგეთ, რომ ხვალ ფინანსთა მინისტრი ტელეკომპანიების წარმომადგენლებს შეხვდება. რა მოთხოვნებს დააყენებს ტელეკომპანია “კავკასია” მინისტრთან გამართულ შეხვედრაზე, როგორ აპირებს ტელეარხი ინკასოს პირობებში მუშაობის გაგრძელებას, ამ და სხვა საკითხებზე ნეტგაზეთი ნინო ჯანგირაშვილს ესაუბრა.

პირველ რიგში, მინდა გკითხოთ, ანგარიშზე ინკასოს დადების შემდეგ ფინანსთა სამინისტროდან ან შემოსავლების სამსახურიდან ვინმე ხომ არ დაგკავშირებიათ?

ვალის განაწილებაზე რაიმე სახის მოლაპარაკება შემოსავლების სამსახურთან არ გვქონია, თუმცა ხვალ ფინანსთა მინისტრთან შეხვედრა გვაქვს. ჩემი სურვილი იყო, რომ ვანო მაჭავარიანს შევხვედროდით, ისიც თანახმაა. შეხვედრაზე ჩემ გარდა “ტვ პირველის” დირექტორი და რეგიონული მაუწყებლების ალიანისის ხელმძღვანელი ნათია კუპრაშვილი იქნებიან. ჩემი მთავარი მოთხოვნაა, უსამართლო დისბალანსი აღმოიფხვარას. მაინტერესებს, მინისტრი როგორ ხედავს ამ ყველაფერს. აგვისტოში მან [რ2-ზე, იმედსა და მაესტროზე] გვითხრა, რომ ამ უზარმაზარ ვალს ერთბაშად ვერ მოვთხოვთო და ამის გამო ტელევიზიები გაჩერდებაო. ანუ მაჭავარიანმა ზუსტად იცის, როცა ტელევიზიას ინკასოს ადებ, ტელევიზია ჩერდება, მაგრამ ჩვენს შემთხვევაში ამ საკითხმა ის არ შეაწუხა. სწორედ ეს კითხვა მაქვს, ანუ ჩვენ უნდა გავჩერდეთ და ეს არაუშავს და იმედის გაჩერება არ შეიძლება?! ამაზე მინდა ვინმენ პასუხი გამცეს… მინისტრმა ან პრემიერმა. ამასთან, მნიშვნელოვანია, რა პირობას სთავაზობენ “იმედი”, “მაესტრო” და “რუსთავი 2” -ს. სწორედ ამიტომ შევწყვიტე ბოლო თვეებში გადახდა, დავალიანების გრაფიკზე ან რესტრუქტურიზაციაზე თხოვნაც არ წარვადგინე. 4-5 თვე მოლაპარაკებების დასასრულებლად და გრაფიკზე შეთანხმებისთვის საკმარისია. ამ მოლაპარაკებებს ველოდებოდი, რომ ჩემი პოზიცია ჩამომეყალიბებინა, თუმცა პასუხად ინკასო მივიღე.

თუ ფინანსთა მინისტრი თქვენი დავალიანების განაწილებას შემოგთავაზებთ, ამაზე დათანხმდებით?

ამ ვალს ერთბაშად ვერ გადავიხდით. ამის საშუალება არ მაქვს. ახლაც, ანგარიშს ინკასო რომ ადევს, კრედიტსაც ვერ ვიხდი,  თანხა შემოსავლების სამსახურს მიაქვს. ვერ ვფარავ ჩემს ფინანსურ ვალდებულებებს, რის გამოც ტელევიზია მძიმე ფინანსურ მდგომარეობაშია. ამ ხელისუფლების გამო ეკონომიკა მკვდარია, სარეკლამო ბაზარი მკვდარია და ჩვენს მსგავს ტელევიზიებს არსებობა ძალიან უჭირთ.

თქვენი პოზიცია ცნობილია, რომ არ გადაიხდით მიმდინარე დავალიანებას მანამ, სანამ ეს ტელევიზიები დავალიანების გადახდას არ დაიწყებენ. ანუ ფინანსთა მინისტრთან დაგეგმილ შეხვედრაზეც ისევ ამ პოზიციით მიდიხართ?

ინკასოს მოხსნას ვითხოვ, რათა ტელევიზიამ ფუნქციონირება შეძლოს. გრაფიკის შეტანის აზრსაც ვერ ვხედავ. რომ შევიტანო წინადადება გრაფიკზე და ერთ წელზე გამინაწილონ, ამ დროს “რუსთავი 2”-ს და “იმედს” წლების დავალიანებაზე ათწლიანი გრაფიკი მისცენ, ეს რა თანასწორობაა? რა შეთავაზებები აქვთ ამ ტელევიზიებს, ანუ გადახდის რა გრაფიკზე მიმდინარეობს მოლაპარაკება, ამაზე არაფერს გვეუბნებიან. რატომ არ ამბობენ? ეს ძალიან საეჭვოა. ამიტომ, ვფიქრობ, ისეთ პირობებზე მიმდინარეობს მოლაპარაკება, რომ პრაქტიკულად ამ ვალს პატიობენ.

თუ ეს იქნება 1-2- წლიანი გრაფიკი, ხმას აღარ ამოვიღებ, რადგან ეს ნამდვილად გონივრული ვადა იქნება. მაშინ მეც ვიტყვი, რომ ეს დავალიანება ზუსტად ამ დროზე [1-2 წელი] გადამინაწილდეს. თუ ამაზე მეტ ვადაზეა ლაპარაკი და თუ მართლაც 5-10 წელზე მიდის მოლაპარაკება, მაშინ ვითხოვ იმ პერიოდში, როცა მათ ეს ვალი დააგროვეს, ან უკან დამიბრუნონ გადახდილი თანხა, ან დეპოზიტზე დამისვან. ამ თანხას რაღაცნაირად 10 წლის მანძილზე მეც მივცემ. ანუ სახელმწიფო მათ შეღავათიან კრედიტს აძლევს, თუ რასთან გვაქვს საქმე?!

ამბობთ, რომ ტელევიზია მძიმე ფინანსურ მდგომარეობაში აღმოჩნდა. კონკრეტულად რომ გვითხრათ, ამ  ვალდებულებში თანამშრომლებისთვის ხელფასებიც იგულისხმება?

ბუნებრივია, გვაქვს მიმდინარე ვალდებულებები თანამშრომლებთან, ბანკთან, მომსახურე კომპანიასთან… ამ ყველაფერს ვერ გადავიხდით.. რაც ჩაირიცხება [კომპანიის ანგარიშზე], ინკასო წაიღებს. თანამშრომლებისთვის ხელფასის გადახდაც პრობლემა იქნება. ჩვენს ტელევიზიას ანგარიშზე ფული არ უდევს, რომ ინკასოს თანხა ჩამოჭრან და წაიღონ. ძალიან გვიჭირს, თვიდან თვემდე თავი ძლივს გაგვაქვს. ამ დროს მილიონიანი შემოსავლის მქონე ტელევიზიებს ინკასოსაც არ ადებენ, ვალსაც კი არ სთხოვენ.

თუ სამინისტრო დათმობაზე არ წავიდა და კომპანიის ანგარიშზე ინკასო არ მოიხსნა, როგორ გააგრძელებს ტელევიზია მუშაობას.

რას ჰქვია დათმობაზე არ წამოვიდნენ, ინკასო არ მომიხსეს ან გრაფიკი არ გააკეთონ. ეს გამორიცხულია. ეს თუ არ გააკეთეს, მაშინ პირდაპირი დევნაა. გრაფიკზე იმიტომ არ შემქონდა განცხადება, რომ უსამართლოდ მეჩვენებოდა. 24 ათას ლარზე გავაკეთო გრაფიკი, როცა ვიცი რომ მათ [იმედი, რუსთავი 2, მაესტრო] უსხედან და 5-10- წლიან რესტრუქტურიზაციაზე ელაპარაკებიან. ეს პრაქტიკულად ამ ვალის ჩუქებაა. ამ დროს მათთან შედარებით ხურდა ფულზე პრობლემა უნდა შემიქმნან?! ამ ტელევიზიამ მხედრიონის დრო გამოიარა და ივანიშვილს ნამდვილად არ შევეწირებით. რაღაცას მოვახერხებთ და ვიმუშავებთ.


გუშინ, 25 დეკემბერს, შემოსავლების სამსახურმა ტელეკომპანიების: ტვ პირველის, კავკასიისა, ერთ რეგიონულ მაუწყებელსა და რუსთავი 2-ის ანგარიშებს მიმდინარე დავალიანებების გამო ინკასო დაადო.

მანამდე ფინანსთა სამინისტრომ ტელეკომპანიებს 1-დღიანი ვადა მისცა პირველი ოქტომბრიდან დროის პერიოდში დაგროვილი დავალიანების ძირი თანხის დასაფარად, თუმცა იგივე არ გაუკეთებია ძველ დავალიანებებთან დაკავშირებით, რაც ტვ კავკასიისა და ტვ პირველის და სხვების შეფასებით, სხვა ტელევიზიებს მათთან მიმართებაში უპირატეს მდგომარეობაში აყენებს. ამ შემთხვევაში საუბარია ტელეკომპანია იმედზე, მაესტროსა და რ2-ზე, რომლებსაც ჯამურად ათეულობით მილიონ ლარიანი ძველი დავალიანება დაუგროვდათ.

რომელ ტელევიზიას (არ) ემუქრება ინკასო

მასალების გადაბეჭდვის წესი