თალაკვაძე: საქართველოს ხელისუფლება პირველ რიგში ქართულია, შემდეგ- პროდასავლური

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე გადაცემაში “პოლიტმეტრი” აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლება არის, პირველ რიგში, ქართული და შემდეგ- პროდასავლური:

“საქართველოს ხელისუფლება არის, პირველ რიგში, ქართული და შემდეგ- პროდასავლური, ცალსახად. პირველ რიგში, ჩვენ, როგორც პოლიტიკოსები, როგორც მთავრობა, ვალდებული ვართ, რომ ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესები, ჩვენი მოქალაქეების და საქართველოს ინტერესების დამცველი ვიყოთ და გამტანები ვიყოთ ყველგან და მერე ვართ ჩვენ პროდასავლელები.

პროდასავლელი ჩემთვის, პირველ რიგში, ნიშნავს იმას, რომ შენ ჯერ შენი ქვეყნის ინტერესებს აცნობიერებ და შემდე გადიხარ უკვე დასავლურ სივრცეში სამუშაოდ. ჩვენ, პირველ რიგში, ვსაუბრობთ, რომელი ქვეყნის მოქალაქეები ვართ, რომელი ქვეყნის პოლიტიკოსები ვართ და რომელი ქვეყნის წარმომადგენლები ვართ.”

ჟურნალისტ ნინო ჟიჟილაშვილის დამაზუსტებელ კითხვაზე, ეს ხომ არ არის ის ნარატივი, რაც პრორუსულისკენ იხრება, რადგან ერთ-ერთი პრორუსული მესიჯია, რომ სჯობს პროქართული იყო, ვიდრე პროდასავლური, თალაკვაძე პასუხობს:

“საერთოდ არ გამიგია ასეთი ტერმინი და არც მიხსენებია. განსხვავებას გეტყვით, ქართული, ეს არის ეროვნული მასშტაბი და ეს არის ჩვენი ეროვნული ინტერესები, ღირებულებები, ისტორია, აწმყო და მომავალი, და პროდასავლური- ეს არის უკვე გლობალური დონე. ეროვნული დონე და გლობალური დონე”, – ამბობს არჩილ თალაკვაძე.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მარიამ ბოგვერაძე არის "ნეტგაზეთის" რეპორტიორი 2016 წლიდან.