ახალი ამბები

სჯობს თვითონ გადავწყვიტოთ საკითხები, ვიდრე უცხოელების ჩართულობა გვჭირდებოდეს – პრეზიდენტი

25 დეკემბერი, 2019 • 1853
სჯობს თვითონ გადავწყვიტოთ საკითხები, ვიდრე უცხოელების ჩართულობა გვჭირდებოდეს – პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის თქმით, საზოგადოება ნაკლებადაა შესული დისკუსიებში როგორც ქვეყნის მოწყობის, ისე საარჩევნო სისტემების შესახებ.

როგორც ზურაბიშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში, გადაცემაში “თავისუფალი ხედვა” განაცხადა, მან ჯერ ვერ შეძლო, თუმცა სურს, პრეზიდენტის სასახლე გახდეს კერა ისეთი დისკუსიებისთვის, “რომლისთვისაც არც პარლამენტს სცალია, ვინაიდან საკანონმდებლო საქმიანობით არის დაკავებული, და არც მთავრობას”.

სალომე ზურაბიშვილის თქმით, საკონსტიტუციო ცვლილებების დროს არ ყოფილა სიღრმისეული დისკუსია იმის შესახებ, საჭიროა თუ არა ორპალატიანი პარლამენტი. პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ ორპალატიანი პარლამენტის შემოღება ტერიტორიული მთლიანობის აღდგენამდეც შეიძლება, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების წარმომადგენლობების ღიად დატოვებით.

ზურაბიშვილმა ისაუბრა საკუთარ შეთავაზებაზეც პოლიტიკური პარტიებისადმი და იმ როლზე, რომლის თამაშიც პრეზიდენტის შეუძლია, პოლარიზაცია რომ შემცირდეს.

“არაერთხელ შევთავაზე ყველა პოლიტიკურ ძალას, რომ ჩემი პლატფორმა, ეს ადგილი არის ღია ყველასთვის, მე ყველას ვპატიჟებ ყველა ღონისძიებაზე, რომელიც არის სახელმწიფო დონის – ოპოზიციას და ხელისუფლებას. სამწუხაროდ, ოპოზიცია დღემდე თავს იკავებს აქ მოსვლისგან, ამიტომ გახდა ძნელი, რომ მე ვყოფილიყავი ინიციატორი იმ პროცესის, რომელიც დაწყებული იქნა ჩვენი უცხო პარტნიორების მიერ. ვწუხვარ ამის გამო, რადგან მე მგონი, რომ ეს არის სადღაც გაგრძელება იმ ძველი ნეოკოლონიალური მიდგომების… სჯობს, ჩვენ თვითონ გადავწყვიტოთ, ვიდრე ყველაფერში გვჭირდებოდეს უცხოელების ჩართვა და ჩართულობა. მაგრამ თუ ისინი მიაღწევენ, ამასაც მივესალმები. რადგან დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი არის, რომ შედეგს მივაღწიოთ და არა, ვინ მიაღწევს შედეგს”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

გადაცემის წამყვანის კითხვაზე,​ რამდენად ხედავს შესაძლებლობას, რომ პრეზიდენტი მართლაც გახდეს არბიტრი ან მედიატორი მისი ვადის ამოწურვამდე, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ გრძელ ვადაზე ძალიან ძნელია დაინახო, რა საჭიროებები იქნება.

„არის მოთხოვნა, იყოს ერთი ადგილი, რომელიც არ არის მიკერძოებული, რომელიც არ არის ჩართული ამ ციებ-ცხელებაში და შფოთვაში. ეს საჭირო არის ქვეყნის სტაბილურობისთვის. მე ამ როლისთვის მზად ვარ, ყველანაირად ვცდილობ, რომ ეს როლი ვითამაშო და მე მგონი, ჩანს კიდევაც, ეს იქნება გარეთ თუ შიგნით, და მე ამას გავაგრძელებ”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

საქართველოს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის საარჩევნო სისტემის საკითხზე მოლაპარაკებები ელჩების შაუმავლობით მიმდინარეობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი