ახალი ამბები

კობახიძე ტელევიზიებისა და სხვა მედიების შემზღუდავ კანონპროექტს აანონსებს

24 დეკემბერი, 2019 • 2454
კობახიძე ტელევიზიებისა და სხვა მედიების შემზღუდავ კანონპროექტს აანონსებს

მას შემდეგ, რაც “ფეისბუკმა” თქვა, რომ გააუქმეს ხელისუფლებასთან დაკავშირებული ასეულობით დეზინფორმაციული გვერდი, “ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ დეზინფორმაციასთან ბრძოლას საკანონმდებლო დონეზე აპირებენ. კობახიძე დეტალების შესახებ არ საუბრობს, თუმცა ამბობს, რომ ამ საკითხზე მსჯელობა გაგრძელდება და ის შეეხება არა მხოლოდ ფეისბუკ-სივრცეს, არამედ ტელემაუწყებლებსაც:

“ჩვენ გვაქვს ინიცირებული კანონპროექტების პაკეტი, რომელიც ეხება სწორედ დეზინფორმაციის თავიდან აცილებას. ამაზე მსჯელობა გაგრძელდება. მარტო ფეისბუკი ხომ არ არის პრობლემა? პრობლემაა ასევე თუნდაც სატელევიზიო სივრცე და ნებისმიერი სხვა სივრცე, სადაც ყოველდღიურ რეჟიმში ვრცელდება დეზინფორმაცია და აგრესია. დეტალებში შევალთ, ვისმჯელებთ ამ საკითხებთან დაკავშირდებით”, – ამბობს ირაკლი კობახიძე.

კობახიძის თქმით, არასამთავრობო ორგანიზაციები ორმაგი სტანდარტებით მოქმედებენ. მისი თქმით, საარჩევნო რეფორმაზე მსჯელობისას დეზინფორმაციის აღკვეთის ინიციატივას არასამთავრობოების კრიტიკა მოჰყვა, ახლა კი სხვაგვარ შეფასებას აკეთებენ:

“ამაზე ჩვენ ვსაუბრობდით გასული თვეების განამვლობაში. როცა საუბარი იყო საარჩევნო რეფორმაზე, ერთ-ერთი საკითხი სწორედ დეზინფორმაციის აღკვეთა იყო. მაშინ არასამთავრობოებმა სერიოზული კრიტიკა გამოთქვეს და პირდაპირ უპირისპირდებოდნენ რაიმე შეზღუდვას. დღეს იგივე ორგანიზაციები აცხადებენ, რომ საჭიროა ზღვრის დაწესება […].

[…]როდესაც კონკრეტული ტელევიზია დედას აგინებს სხვას, რას ნიშავს? ძალიან საინტერესო დისკუსია წამოიწყეს არასამთავრობოებმა. მათ თქვეს, რომ ტყუილების გავრცელება და შეურაცხყოფა არ ჯდება გამოხატვის თავისუფლებაში. მოდით, ვიმსჯელოთ ამაზე, ოღონდ არა მარტო ფეისბუკ სივრცეში, არამედ ტელევიზიებშიც”, – ამბობს ირაკლი კობახიძე.

არასამთავრობო ორგანიზაცია “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” აცხადებდა, რომ  Facebook-ის მიერ გამოვლენილი ყალბ და კოორდინირებულ არაავთენტურ ქცევაში შემჩნეული ჯგუფების უკან მდგომი პირების ქმედებებში, შესაძლოა, სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული რამდენიმე დანაშაულის ნიშანი იკვეთებოდეს, კერძოდ: უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია, მითვისება ან გაფლანგვა სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, სამსახურებრივი უფლებამისილების გადამეტება, დამამცირებელი ან არაადამიანური მოპყრობა, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფა, ძალადობრივი ქმედებისაკენ საჯაროდ მოწოდება და მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ კანონით გათვალისწინებული უკანონო შემოწირულება.

აღნიშნული შეფასება ორგანიზაციამ მას შემდეგ გააკეთა, რაც რამდენიმე დღის წინ ფეისბუკმა განაცხადა, რომ საქართველოში 39 ანგარიში, 344 გვერდი და 13 ჯგუფი გააუქმეს, რადგან დაადგინეს, რომ ამ გვერდებს ყალბი ანგარიშის მქონე პირები იყენებდნენ.

Facebook-ის ცნობითვე, ეს გვერდები ავრცელებდნენ ძირითადად ადგილობრივ ამბებს. ისინი თავს ასაღებდნენ მედიასაშუალებებად და  აკრიტიკებდნენ ოპოზიციურ პარტიებსა და სხვადასხვა სამოქალაქო ჯგუფებს.

“მიუხედავად იმისა, რომ ეს პირები ვინაობისა და კოორდინირებულად მოქმედების დაფარვას ცდილობდნენ, ჩვენ შევძელით და გამოვარკვიეთ, რომ ისინი დაკავშირებულნი იყვნენ სარეკლამო სააგენტო “პანდასთან” და საქართველოს ხელისუფლებასთან”, – წერს Facebook.

ხელისუფლების წარმომადგენლები მედიის შემზღუდავ რეგულაციებზე საუბარი მას შემდეგ დაიწყეს, რაც სწორედ ხელისუფლება დაადანაშაულა ფეისბუკმა ყალბი ინფორმაციის გამავრცელებელი ფეისბუკ-გვერდების კოორდინირებულ ქმედებებში.

ინტერნეტის რეაქცია გვერდების წაშლაზე

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი