ახალი ამბები

ოპოზიცია და NGO-ები Facebook-ის ინფორმაციაზე გამოძიებას ითხოვენ

23 დეკემბერი, 2019 • 1595
ოპოზიცია და NGO-ები Facebook-ის ინფორმაციაზე გამოძიებას ითხოვენ

საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურს ჯერ არ აქვს პასუხი, დაიწყებს თუ არა მოკვლევას Facebook-ის ინფორმაციაზე, რომლის თანახმადაც სოციალური პლატფორმიდან წაშლილი ყალბი გვერდები “ქართულ ოცნების” ხელისუფლებასთან  იყო დაკავშირებული.

Facebook-ის ინფორმაციით, საქართველოში 39 ანგარიში, 344 გვერდი და 13 ჯგუფი გააუქმეს, რომლებიც ძირითადად ადგილობრივ ამბებს აშუქებდნენ, თავს ასაღებდნენ მედიასაშუალებებად და აკრიტიკებდნენ ოპოზიციურ პარტიებსა და სხვადასხვა სამოქალაქო ჯგუფებს.

“სახელმწიფო აუდიტის სამსახური ამჟამად ეცნობა “ფეისბუქის” განცხადებას. სამსახურის იურისტები განიხილავენ, რამდენად იკვეთება აუდიტის სამსახურის კომპეტენცია და მანდატი განცხადების შინაარსში”, – უთხრეს “ნეტგაზეთს” აუდიტის სამსახურში.

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების (ISFED) აღმასრულებელი დირექტორი მიხეილ ბენიძე მიიჩნევს, რომ სოციალურ ქსელებში გამოვლენილი კოორდინირებული და დასპონსორებული ქმედებები, როგორც მინიმუმ, აუდიტის სამსახურის გამოძიების საფუძველი უნდა გახდეს, ვინაიდან საქმე ეხება პოლიტიკური კამპანიის თანხებს, რომლის გამჭვირვალობაც კანონმდებლობით გათვალისწინებულია. ბენიძე ასევე მიზანშეწონილად მიიჩნევს პარლამენტის საგამოძიებო კომისიის შექმნას.

“მთავარი გამოწვევა ამ დისკრედიტაციული გვერდების არის სწორედ დასპონსორებული სახით გზავნილების გავრცელება და იმ თანხის გაუმჭვირვალობა, რომელიც იხარჯება ამ სახის კამპანიებზე. განსაკუთრებით საარჩევნო პერიოდში და ზოგადად, პოლიტიკურ პროცესში კამპანიის ფინანსები და პოლიტიკური ფინანსები არის ის საკითხი, რომელიც განსაკუთრებულად რეგულირდება, მათ შორის საქართველოს კანონმდებლობით, და საჭიროა მაღალი გამჭვირვალობა და ამ თანხების დეკლარირება. როდესაც თანხები არ არის დეკლარირებული, ჩნდება კითხვები მათი წარმომავლობის შესახებ, არის თუ არა ეს შავი ფული და ვისი ინტერესია, რომ პოლიტიკურ თუ საარჩევნო საკითხებზე კონკრეტული გზავნილები და კონრეტული რეკლამა დაასპონსოროს და სხვა”, – განუცხადა ბენიძემ “ნეტგაზეთს” და დასძინა, რომ როგორც მინიმუმ, ეს არის აუდიტის სამსახურის გამოძიების საკითხი, ვინაიდან პირდაპირ კანონდარღვევასთან გვაქვს საქმე.

მიხეილ ბენიძის აზრით, ვინაიდან საქმე გვაქვს საზოგადოების დეზინფორმირების და დეზორგანიზების მცდელობასთან, აღნიშნული საკითხი საგამოძიებო უწყებების დაინტერესების საგანი უნდა გახდეს უსაფრთხოების მხრივაც.

“სხვა ქვეყნებში მთავარი გამოწვევა არის ხოლმე უცხო ქვეყნის ჩარევა და საქართველოშიც, რა თქმა უნდა, არის რუსეთის ინტერესები. “ფეისბუქზე” ჯერ კიდევ რჩება გვერდები, რომლებიც რუსულ ინტერესებთან კავშირში არიან, როგორც აქამდეც ცხადი იყო, მაგრამ ახლა “ფეისბუქმაც” დაადასტურა, მსგავს ქმედებებში აქტორები არიან ქვეყნის შიგნითაც. ხელისუფლება პირდაპირ აღმოჩნდა ჩართული ამ პროცესში, რაც ძალიან სერიოზული პრობლემაა. ნებისმიერ ნორმალურ ქვეყანაში საგამოძიებო პროცესი, ალბათ, პარლამენტში წარიმართებოდა და პარლამენტის საგამოძიებო კომისია შეიქმნებოდა, როგორც ეს მოხდა დიდი ბრიტანეთის და შეერთებული შტატების შემთხვევაში”, – განაცხადა ბენიძემ.

“საერთაშორისო საზოგადოება – საქართველოს” შეფასებით, Facebook-ის მიერ გამოვლენილი ყალბ და კოორდინირებულ არაავთენტურ ქცევაში შემჩნეული ჯგუფების უკან მდგომი პირების ქმედებებში, შესაძლოა, სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული რამდენიმე დანაშაულის ნიშანი იკვეთებოდეს, კერძოდ: უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია, მითვისება ან გაფლანგვა სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, სამსახურებრივი უფლებამისილების გადამეტება, დამამცირებელი ან არაადამიანური მოპყრობა, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფა, ძალადობრივი ქმედებისაკენ საჯაროდ მოწოდება და მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ კანონით გათვალისწინებული უკანონო შემოწირულება.

“ფეისბუქის” მიერ გაუქმებულ ანგარიშებთან დაკავშირებით რეაგირების თხოვნით აუდიტის სამსახურის “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” მიმართავს.

“ამ ქვეყანაში ჯერ კიდევ არსებობს აუდიტის სამსახური და პოლიტიკური პარტიების დაფინანსების რეგულირების შესახებ კანონმდებლობა, რომელიც პირდაპირ ავალდებულებს აუდიტის სამსახურს, დაიწყოს დაუყოვნებლივ მოკვლევა. კანონმდებლობა უკრძალავს როგორც ფიზიკურ, ასევე იურიდიულ პირებს ისეთი დაფინანსების განხორციელებას, რომელიც აღემატება 60 000 ლარს პოლიტიკური პარტიების სასარგებლოდ. ყველა სხვა შემთხვევაში ხდება თანხების ბიუჯეტში მიმართვა და იმ პირების დაჯარიმება, რომლებმაც კანონმდებლობის ეს მოთხოვნები დაარღვიეს. ამიტომ გვინდა მივმართოთ აუდიტის სამსახურს, დაუყონებლივ მოხდეს გამოძიება. დაიკითხოს ყველა ის პირი, რომელიც “ფეისბუქის” ანგარიშებში არის მითითებული. ჩვენ ვნახავთ, რომ ეს არ არის ცალკეული იურიდიული პირების მიერ განხორციელებული ქმედება, არამედ სისტემური და და ორგანიზებული ქსელი”, – განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.

“ქართული ოცნება” უარყოფს ყალბი ანგარიშების მეშვეობით ორგანიზებული საინფორმაციო კამპანიებით საზოგადოებრივი აზრის მანიპულირებას და აცხადებს, რომ მმართველ გუნდს” ასეთი აქტივობა არაფერში სჭირდება.

“სოციალური ქსელებში არის საშუალებები, როდესაც თითოეულ მოქალაქეს აქვს შესაძლებლობა, შექმნას თავისი გვერდი, სხვისი გვერდი… ტექნიკურად ამის გაკონტროლება შეუძლებელია. ასე რომ, არა მგონია, რაიმე კავშირი არსებობდეს, ჩვენს პოლიტიკურ პარტიას ნამდვილად არ სჭირდება ფეისბუქ ექაუნთების შექმნა, თავად არის დაინტერესებული საზოგადოებასთან ურთიიერთობით. ოპონენტები, რომელთაც დაწყებული აქვთ დესტრუქციული დღის წესრიგი, სჯობს, საზოგადოებასთან ურთიერთობით დაკავდნენ და იმაზე იფიქრონ, ადამიანებს რა აინტერესებთ. სამწუხაროდ, პოლიტიკურ წრეში ცოცხალი ადამიანები გვყავს, ვინც საზოგადოების ვირტუალურ სამყაროში ყოფნას ცდილობს”, – განაცხადა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გურამ მაჭარაშვილმა.

დასპონსორებაში დახარჯეს.

 

ინტერნეტის რეაქცია გვერდების წაშლაზე

მასალების გადაბეჭდვის წესი