ახალი ამბები

ვაჟა გაფრინდაშვილის საკითხზე პრეზიდენტი ელჩებს შეხვდა

20 დეკემბერი, 2019 • 930
ვაჟა გაფრინდაშვილის საკითხზე პრეზიდენტი ელჩებს შეხვდა

ვაჟა გაფრინდაშვილისთვის პატიმრობის შეფარდებასთან დაკავშირებით პრეზიდენტმა დიპლომატიურ კორპუსთან საგანგებო შეხვედრა გამართა. ინფორმაციას ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, უკანონოდ დაკავებული ქართველი ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილისთვის პატიმრობის შეფარდებასთან დაკავშირებით პრეზიდენტმა საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე საერთაშორისო თანამეგობრობას მოუწოდა, გააძლიეროს ძალისხმევა, რათა ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი ახალ წელს თავის ოჯახთან ერთად შეხვდეს.

პრეზიდენტის განცხადებით, რეგიონში სტაბილურობის შესანარჩუნებლად და შექმნილი ვითარების დეესკალაციისათვის საჭიროა გაწეული სამუშაოების გაძლიერება.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დიდი ბრიტანეთის ელჩი საქართველოში ჯასტინ მაკკენზი სმიტი იმედს გამოთქვამს, რომ ექიმი თავის ოჯახს რაც შეიძლება სწრაფად დაუბრუნდება. გერმანიის ელჩი საქართველოში ჰუბერტ ქნირში კი იმედოვნებს, რომ ვაჟა გაფრინდაშვილის საკითხზე, რომელიც უკანონოდაა დაკავებული, ჰუმანიტარული გადაწყვეტის გზა მოიძებნება.

რუსი სამხედროების მიერ 9 ნოემბერს დაკავებული ქართველი ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი დღეს, 20 დეკემბერს, ცხინვალის სასამართლომ არ გაათავისუფლა. გაფრინდაშვილს ცხინვალში ერთი წლით და 9 თვით პატიმრობა მიუსაჯეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი