“აღნიშნული გადაწყვეტილება სასამართლომ ნაფიც მსაჯულებზე საზოგადოებრივი აზრის ზეგავლენის საფრთხის თავიდან აცილების მიზნით მიიღო,” – წერია განცხადებაში.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, სასამართლომ იხელმძღვანელა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით, რომლის მე-6 მუხლის თანახმად, მთელ სასამართლო პროცესზე ან მის ნაწილზე პრესა და საზოგადოება შეიძლება არ დაუშვან, თუ სასამართლოს აზრით ეს მკაცრად აუცილებელია განსაკუთრებული გარემოებების არსებობისას, როდესაც საქვეყნოობა ზიანს აყენებს მართლმსაჯულების ინტერესებს.
ასევე, საქალაქო სასამართლოს ცნობით, სასამართლომ დაუსაბუთებლად მიიჩნია და არ დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა – გ. ოქროპირიძის ბრალდების საქმე განხილულიყო მოსამართლის მიერ, ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობის გარეშე. გიორგი ოქროპირიძის ბრალდების საქმეზე დაიწყო ნაფიც მსაჯულთა ახალი შემადგენლობის შერჩევა.
გარდა ამისა, დაიხურება ნაფიც მსაჯულთა შერჩევის სხდომები. განცხადებაში აღნიშნულია, რომ სასამართღლომ ეს გადაწყვეტილება დაცვის მხარის შუამდგომლობისა და თავად სასამართლოს ინიციატივით, ნაფიცი მსაჯულობის კანდიდატთა პერსონალური მონაცემების, პირადი, პროფესიული ან კომერციული საიდუმლოების და უსაფრთხოების დაცვის მიზნით მიიღო.
ნაფიც მსაჯულთა შერჩევის სხდომებს, პროცესის მონაწილე მხარეებთან ერთად, მხოლოდ დაზარალებულის უფლებამონაცვლე – ლაშა მახარაძის დედა ნინო დიდებულიძე დაესწრება.
5 ივნისს ლაშა მახარაძის მკვლელობის საქმის ნაფიცმა მსაჯულებმა ბრალდებულ გიორგი ოქროპირიძის მიმართ, მიუხედავად 13–საათიანი განხილვისა, ვერც გამამტყუნებელი და ვერც გამამართლებელი ვერდიქტი ვერ გამოიტანეს. შესაბამისად, საჭირო გახდა ნაფიც მსაჯულთა ახალი შემადგენლობის შერჩევა.