ახალი ამბები

ცოტნე გამსახურდიას მეორე, ნეიროქირურგიული ოპერაცია დასჭირდა – ძმა

20 დეკემბერი, 2019 • 2013
ცოტნე გამსახურდიას მეორე, ნეიროქირურგიული ოპერაცია დასჭირდა – ძმა

კონსტანტინე (კოკო) გამსახურდია იუწყება, რომ მის ძმას, ცოტნე გამსახურდიას, რომელიც 19 დეკემბრის საღამოს დაჭრეს, მეორე, ამჯერად ნეიროქირურგიული, ოპერაცია დასჭირდა.

ცოტნე გამსახურდია 19 დეკემბრის საღამოს თბილისში, ვერაზე, საკუთარი სახლის სიახლოვეს დაჭრეს. ის სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ხეჩინაშვილის კლინიკაში (მე-9 საავადმყოფოში) გადაიყვანა, სადაც გულ-მკერდის არეში გაუკეთეს ოპერაცია და სისხლდენა შეუჩერეს.

ქირურგი, რომელმაც ცოტნე გამსახურდიას ოპერაცია გაუკეთა, აცხადებს, რომ ის მძიმე მდგომარეობაშია და მრავლობითი დაზიანება აქვს.

პირველი ოპერაციის დასრულებიდან ცოტა ხანში მისმა ძმამ, კონსტანტინე გამსახურდიამ დაწერა, რომ დაიწყო მეორე გადაუდებელი ოპერაცია თავზე, სადაც არის ოთხი დაზიანება ქალა-სარქველის ძვლების მოტეხილობით და მრავლობითი „ინტრაკრანიალური ჰემატომით“. ჯეო ჰოსპიტალსის საიტის თანახმად, ინტრაკრანიალური ჰემატომა ვითარდება მაშინ, როდესაც  ტვინში ან ტვინსა და ქალას შორის არსებული სისხლძარღვები სკდება და ამის შედეგად წარმოქმნილი სისხლჩაქცევა აწვება ტვინის ქსოვილს.

ამასთან, კოკო გამსახურდია ექიმებზე დაყრდნობიტ წერს, რომ საჭირო იქნება ორმხრივი ტრეპანაცია, ანუ ძვლოვანი ღრუს (თავის ქალის) გაკვეთის ოპერაცია.


გამსახურდიას პირველი ოპერაცია გულ-მკერდის არეში გაუკეთეს. ოპერაციის შემდეგ ექიმმა ჟურნალისტებს განუმარტა პაციენტის მდგომარეობა:

„დაზიანებულია გულ-მკერდის მარცხენა ნახევარი. ამ მიდამოში აღენიშნება ნაჩხვლეტ-ნაკვეთი, გულ-მკერდის ღრუში შემავალი ჭრილობები“. ამასთან, ექიმის განმარტებით, გამსახურდიას დაზიანებული აქვს ფილტვის ზედა მხარე და აღენიშნება ჰაერისა და სისხლის დაგროვება პლევრის [გულ-მკერდის] ღრუში (ანუ ჰემოპნევმოთორაქსი).

„გარდა ამისა, აღინიშნება ზურგის, მარცხენა ბეჭის მიდამოში ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობა ბეჭის აკრომიონის მორჩის [ანუ ბეჭის ზედა ნაწილის] დაზიანებით და თავის, თხემის მიდამოში 4 ჭრილობა – ნაკვეთი და დაჟეჟილი ჭრილობები“.

ქირურგის თქმით, მან და მისმა კოლეგებმა ჩაატარეს თორაკოტომია [ანუ გულ-მკერდის ღრუს ოპერაცია] და პაციენტს სისხლდენა შეუჩერეს.

„ახლა პაციენტი ჩამოყვანილია კომპიუტერული ტომოგრაფიის კაბინეტში, რადიოლოგიურ დეპარტამენტში, სადაც ჩაუტარდება თავის ქალის კომპიუტერული ტომოგრაფია. ვნახავთ დაზიანების ხარისხს და ამის შემდეგ ნეიროქირურგი გადაწყვეტს, საჭირო იქნება დამატებით ნეიროქირურგიული ოპერაციის გაკეთება თუ არა“, – უთხრა მან ჟურნალისტებს.

„მდგომარეობა სერიოზულია, მძიმეა. პოლიტრავმა მძიმე პათოლოგიაა. პაციენტი ინტუბირებულია, სუნთქვის პროთეზირება უტარდება. ასე რომ, ცხადია, მეტიკამენტოზურად არის მისი ცნობიერება დაბინდული“, – დასძინა მან.

პარალელურად მიმდინარეობს მისი დაჭრის ფაქტის გამოძიება. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიება დაწყებულია განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით (სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლი).

მასალების გადაბეჭდვის წესი