ახალი ამბები

გამსახურდია მძიმედაა, შეიძლება მეორე ოპერაციაც დასჭირდეს – ექიმი

20 დეკემბერი, 2019 • 1104
გამსახურდია მძიმედაა, შეიძლება მეორე ოპერაციაც დასჭირდეს – ექიმი

ქირურგი, რომელმაც ცოტნე გამსახურდიას ოპერაცია გაუკეთა, აცხადებს, რომ ის მძიმე მდგომარეობაშია, მრავლობითი დაზიანება აქვს და არ არის გამორიცხული, ნეიროქირურგიული ოპერაციაც დასჭირდეს.

ცოტნე გამსახურდია 19 დეკემბრის საღამოს თბილისში, ვერაზე, საკუთარი სახლის სიახლოვეს დაჭრეს. ის სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ხეჩინაშვილის კლინიკაში (მე-9 საავადმყოფოში) გადაიყვანა.

გამსახურდიას პირველი ოპერაცია გულ-მკერდის არეში გაუკეთეს. ოპერაციის შემდეგ ექიმმა ჟურნალისტებს განუმარტა პაციენტის მდგომარეობა:

„დაზიანებულია გულ-მკერდის მარცხენა ნახევარი. ამ მიდამოში აღენიშნება ნაჩხვლეტ-ნაკვეთი, გულ-მკერდის ღრუში შემავალი ჭრილობები“. ამასთან, ექიმის განმარტებით, გამსახურდიას დაზიანებული აქვს ფილტვის ზედა მხარე და აქვს ჰაერისა და სისხლის დაგროვება პლევრის [გულ-მკერდის] ღრუში (ანუ ჰემოპნევმოთორაქსი).

„გარდა ამისა, აღინიშნება ზურგის, მარცხენა ბეჭის მიდამოში ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობა ბეჭის აკრომიონის მორჩის [ანუ ბეჭის ზედა ნაწილის] დაზიანებით და თავის, თხემის მიდამოში 4 ჭრილობა – ნაკვეთი და დაჟეჟილი ჭრილობები“.

ქირურგის თქმით, მან და მისმა კოლეგებმა ჩაატარეს თორაკოტომია [ანუ გულ-მკერდის ღრუს ოპერაცია] და გამსახურდიას სისხლდენა შეუჩერეს.

„ახლა პაციენტი ჩამოყვანილია კომპიუტერული ტომოგრაფიის კაბინეტში, რადიოლოგიურ დეპარტამენტში, სადაც ჩაუტარდება თავის ქალის კომპიუტერული ტომოგრაფია. ვნახავთ დაზიანების ხარისხს და ამის შემდეგ ნეიროქირურგი გადაწყვეტს, საჭირო იქნება დამატებით ნეიროქირურგიული ოპერაციის გაკეთება თუ არა“, – უთხრა მან ჟურნალისტებს.

„მდგომარეობა სერიოზულია, მძიმეა. პოლიტრავმა მძიმე პათოლოგიაა. პაციენტი ინტუბირებულია, სუნთქვის პროთეზირება უტარდება ასე რომ, ცხადია, მეტიკამენტოზურად არის მისი ცნობიერება დაბინდული“, – დასძინა მან.

პარალელურად მიმდინარეობს მისი დაჭრის ფაქტის გამოძიება. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიება დაწყებულია განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით (სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლი).

გარეკანის ფოტო: რადიო თავისუფლება

მასალების გადაბეჭდვის წესი