ახალი ამბები

ადვოკატი: პროკურატურამ “კაბელების საქმეზე” სააპელაციო საჩივარს გრიფი საიდუმლო დაადო

10 ივნისი, 2015 •
ადვოკატი: პროკურატურამ “კაბელების საქმეზე” სააპელაციო საჩივარს გრიფი საიდუმლო დაადო

თუმცა, როგორც ბარათაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, პროკურატურამ ეს ისე გააკეთა, რომ საჩივარს გრიფი საიდუმლო დაადო.


“გუშინ, დღის მეორე ნახევარში საშუალება მოგვეცა ამ საჩივარს გავცნობდოით. საზოგადოებას მინდა შევატყობინო, რომ პროკურატურამ თავისსავე საჩივარს დაადო საიდუმლო გრიფი… ამ საიდუმლო გრიფის დადება მხოლოდ ერთ მიზანს ემსახურება, რომ ფართო საზოგადოებისთვის უცნობი დარჩეს ამ საჩივრის დეტალები, რომელზეც პროკურტაურა ცდილობს თეთრზე შავი თქვას, თუ რატომ, ამასაც მოგახსენებთ. გარდა ამისა, რაც ყველაზე ცუდია, სავარაუდოდ, შესაძლებელია, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინებაც ამ საკითხზე შეიძლება საიდუმლო იყოს”, – განაცხადა ბარათაშვილმა და ამ საკითხის დეტალები ასე აღწერა:



“პროკურატურას გამოუთხოვია ინფორმაცია კონტრდაზვევრის დეპარტამენტიდან, ასევე ექსპერტიზის ეროვნული ბიუროდან და ცდილობს დაამტკიცოს, რომ ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტს საიდუმლო გრიფის მქონე დოკუმენტის გადაგზავნა ნებისმიერი მესამე პირისათვის შეეძლო. ამ შემთხვევაში კომპანია დელტა კომისათვის, რომელსაც ჰქონდა დაშვება სახელმწიფო საიდუმლოებასთან.


2014 წლის სექტემბერ-ოქტომბერში მოქმედი სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ კანონის მე-20 და 21-ე მუხლები გარკვევით და მკაფიოდ ამბობდა იმას, რომ საიდუმლო გრიფის მქონე დოკუმენტის გადაცემა დაიშვება მხოლოდ უშიშროების სამინისტროს, ანუ კონტრდაზვერვის დეპარტამენტის თანხმობის შემთხვევაში. [ამ საქმეზე] ამგვარი თანხმობა არ არსებობს. ისინი მიუთითებენ მთავრობის დადგენილებაზე, რომელიც ეხება საიდუმლო დოკუმენტებთან დაშვებას და არა გადაცემას. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს ასე რომ ყოფილიყო, მაშინ პროკურატურას თვითონ უნდა გადაეწყვიტა თავის დროზე და ადვოკატები დაეშვა საიდუმლო დოკუმენტაციასთან და არ უნდა გადავემისამართებინეთ კონტრდაზვერვის დეპარტამენტთან. ახლა ამის დაფარვას ცდილობს პროკურატურა. ნათელია, რომ ექსპერტმა კანონის დარღვევეით თვითონვე მოიპოვა მტკიცებულება, რომელიც საფუძვლად დაედო ექსპერტიზის დასკვნას, ასევე, ექსპერტმა კანონის უხეში დარღვევით საიდუმლო დოკუმენტი მესამე პირს გადაუგზავნა”, – ამბობს ადვოკატი და დასძენს, რომ პირველი ინსტანციის განჩინება, რომლითაც დაუშვებლად იქნა ცნობილი ბრალდების მხარის სასაქონლო და საინჟინრო ექსპერტიზის დასკვნები, აბსოლუტურად კანონიერია.


იგი პროკურატურისაგან სააპელაციო საჩივარზე საიდუმლო გრიფის მოხსნას მოითხოვს.


თბილისის საქალაქო სასამართლომ 5 ივნისს “კაბელების საქმის” წინასასამართლო სხდომაზე მოსამართლემ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა ბრალდების მტკიცებულების – სასაქონლო და საინჟინრო ექსპერტიზის გამოკვლევითი და დასკვნითი ნაწილების დაუშვებლად ცნობის შესახებ.


ადვოკატმა ლევან სამუშიამ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ მას შემდეგ, რაც სასამართლომ ეს მტკიცებულება დაუშვებლად ცნო, ეს საქმე აღარ არსებობს:

 

“ბრალდებას დარჩენია ერთადერთი, ღირსეულად გამოვიდეს ამ საქმიდან და გააკეთოს განცხადება საქმის შეწყვეტასთან დაკავშირებით,”– აცხადებს ადვოკატი.


პროკურორი ნინო აღლემაშვილი კი ამბობს, რომ ამ საქმეში პროკურატურას მაინც საკმაო მტკიცებულებები აქვს.

 

“ამ დასკვნის დაუშვებლად ცნობის მიუხედავად, სახელმწიფო ბრალდებას, რაღა თქმა უნდა, რჩება ამ საქმეში საკმარისი მტკიცებულებები იმისთვის, რომ ბრალდებულების დანაშაული დაადასტუროს,”– თქვა ნინო აღლემაშვილმა.

 

საქართველოს თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ირაკლი ალასანიამ კი განაცხადა, რომ ეს დღე ქართული მართლმსაჯულების ისტორიაში უმნიშვნელოვანესია.

 

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ თავდაცვის სამინისტროს 5 მაღალჩინოსანი 2014 წლის 28 ოქტომბერს სახელმწიფოს კუთვნილი 4 102 000 ათასი ლარის გაფლანგვის ბრალდებით დააკავა. ამას თავდაცვის მაშინდელი მინისტრის, ირაკლი ალასანიას თანამდებობიდან გადაყენება, ასევე კიდევ 2 მინისტრის: მაია ფანჯიკიძისა და ალექსი პატრიაშვილის მიერ თანამდებობების დატოვება მოჰყვა

მასალების გადაბეჭდვის წესი