ახალი ამბები

ჩოლოიანის საქმეზე წინასასამართლო სხდომა 12 თებერვალს ჩაინიშნა

19 დეკემბერი, 2019 • 1965
ჩოლოიანის საქმეზე წინასასამართლო სხდომა 12 თებერვალს ჩაინიშნა

15 წლის გარდაცვლილი მოზარდის საქმეზე დაკავებული გამომძიებლის, მარიანა ჩოლოიანის საქმეზე წინასასამართლო სხდომა 2020 წლის 12 თებერვალს ჩაინიშნა თბილისის საქალაქო სასამართლოში.

რამდენიმე წუთის წინ ჩოლოიანს სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა. სასამართლო პროცესი, რომელზეც უნდა გადაწყვეტილიყო, აღკვეთის რა ღონისძიებას შეუფარდებდნენ, საავადმყოფოში ჩატარდა.

პროცესის შემდეგ პროკურორმა განაცხადა, რომ სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის პოზიცია და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა გამოიყენა.

პროკურორის თანახმადვე,  წინასასამართლო სხდომა ჩაინიშნა 2020 წლის 12 თებერვალს. მანამდე ინსპექტორის საგამოძიებო დეპარტამენტი „ჩაატარებს დაჩქარებულ გამოძიებას და 24-საათიან რეჟიმში მოიძიებს მტკიცებულებებს“…

მანამდე, რამდენიმე საათით ადრე, ჩოლოიანის ადვოკატმა, გაგი მოსიაშვილმა თქვა, რომ მარიანა ჩოლოიანი ბრალს არ აღიარებს: „მას შემდეგ, როდესაც საგამოძიებო ორგანომ წარუდგინა ბრალი, მან ჟესტიკულაციით მიგვახვედრა, რომ წარდგენილ ბრალს არ აღიარებს“, – განაცხადა ადვოკატმა.


15 წლის ლუკა სირაძე 17 დეკემბერს გარდაიცვალა მას შემდეგ, რაც მან რამენიმე დღის წინ თბილისში სუიციდი სცადა. ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. სახელმწიფო ინსპექტორმა კი სწორედ მოზარდის გარდაცვალების შემდეგ განაცხადა, რომ გამომიძებელი მარიანა ჩოლოიანი დააკავეს.

ლუკას ძმა “ნეტგაზეთთან” ამბობდა, რომ არასწრულწლოვანს პოლიციის განყოფილებაში დედის თანდასწრებით ემუქრებოდნენ და მისგან დანაშაულის აღიარებას ითხოვდნენ. მისივე თქმით, 15 წლის ლუკას პოლიცია “მწვანე სკოლის” შენობაში შეპარვასა და კედელზე წარწერების გაკეთებას ედავებოდა. ლუკა ამ სკოლის ყოფილი მოსწავლე იყო.

“მწვანე სკოლამ” პოლიციას მიმართა მას შემდეგ, რაც შენობაში უცნობი შევიდა და კედლებზე სხვადასხვა შინაარსის წარწერები დატოვა. როგორც კერძო სკოლამ განაცხადა, მათ ქონების დაზიანებასთან დაკავშირებით მიმართეს პოლიციას.

ლუკა სირაძე პოლიციამ გამოკითხვაზე სწორედ ამის შემდეგ დაიბარა. მის ოჯახს სამართლებრივ დახმარებას უწევს საია, რომელიც აცხადებს, რომ პოლიციის განყოფილებაში ლუკა სირაძე პოლიციელების პირისპირ მშობლის გარეშე მარტო ორჯერ დარჩა, რაც, ორგანიზაციის შეფასებით, უკანონოა.

ლუკა სირაძის საქმეს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური იძიებს. შსს-ს ინფორმაციით, უფლებამოსილება უკვე შეუწყდა 2 პოლიციელს. დაკავებულია 1 გამომძიებელი – მარიანა ჩოლოიანი.

სუიციდი არ არის გამოსავალი! ამ თემაზე წაიკითხეთ:

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში არ არსებობს სპეციალური ცხელი ხაზი, სადაც სუიციდური აზრების მქონე პირები ან მათი ახლობლები პირდაპირ დაკავშირებას შეძლებენ, აღსანიშნავია, რომ ქვეყნის მასშტაბით ფუნქციონირებს ფსიქოლოგიური დახმარების ცხელი ხაზები, სადაც ამ თემასთან დაკავშირებით სატელეფონო კონსულტაციების გავლაა შესაძლებელი:

  • ფსიქო-სოციალური მომსახურების ცენტრის ცხელი ხაზი: 2 200 220 (3025)
  • მანდატურის სამსახურის ბაზაზე არსებული ფსიქოლოგიური საკონსულტაციო მომსახურების 24-საათიანი ცხელი ხაზი: 08 00 00 00 88
  • ბავშვთა დახმარების ცხელი ხაზი: 11 61 11; 2 42 14 22
  • ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი – 15 05

მასალების გადაბეჭდვის წესი