ახალი ამბები

რუსული ცენტრის გახსნას არც შვეიცარიის საელჩო ადასტურებს

19 დეკემბერი, 2019 • 2246
რუსული ცენტრის გახსნას არც შვეიცარიის საელჩო ადასტურებს

საქართველოში შვეიცარიის კონფედერაციის საელჩო უარყოფს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ რუსეთის ფედერაციის ინტერესების სექციასთან რუსული მეცნიერების და კულტურის ცენტრი გაიხსნა.

“ჩვენ გადავამოწმეთ ინფორმაცია და შვეიცარიის საელჩოში რუსეთის ფედერაციის ინტერესების სექციასთან არავითარი რუსული მეცნიერების და კულტურის ცენტრი არ გახსნილა და ასეთი ცენტრის გახსნა არც იგეგმება”, – განუცხადეს “ნეტგაზეთს” შვეიცარიის კონფედერაციის საელჩოში საქართველოში.

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თბილისში, რუსეთის საელჩოსთან, რუსეთის მეცნიერებისა და კულტურის ცენტრი გაიხსნა, თავდაპირველად SOVA NEWS-მა, Русский мир-ის ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაციის საფუძველზე გაავრცელა. რუსეთის მეცნიერების და კულტურის ცენტრის გახსნის შესახებ Русский мир არ წერს, თუმცა პორტალზე, ორგანიზაციების ჩამონათვალში გვხვდება “მეცნიერების და კულტურის რუსული ცენტრი რუსეთის ფედერაციის საელჩოსთან საქართველოში”. უცნობია, რომელ წელსაა გაკეთებული ქვემოთ მოყვანილი ჩანაწერი, ვინაიდან ამჟამად საქართველოში რუსეთის საელჩო აღარ არსებობს. 2009 წლის მარტიდან შვეიცარიის კონფედერაციის საელჩოში ფუნქციონირებს რუსეთის ფედერაციის ინტერესების სექცია.


მიმდინარე წლის 29 ნოემბერს, პრაღის  ფორმატშ აბაშიძე-კარასინის მორიგი შეხვედრის შემდეგ, რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენელმა გრიგორი კარასინმა განაცხადა, რომ მიმდინარე წლის დეკემბრის შუა რიცხვებში თბილისში გაიხსნება რუსული ენისა და კულტურის ცენტრი, რომელიც ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების განვითარებაში მნიშვნელოვან როლს შეასრულებს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის თქმით, კარასინმა მას ინფორმაცია მიაწოდა მხოლოდ რუსული ენის კურსების თაობაზე, რომლიც გახსნასაც რუსეთის სავიზო ცენტრი აპირებდა. მოგვიანებით ზურაბ აბაშიძემ თქვა, რომ ინფორმაცია გადაამოწმა და არც სახელმწიფო დონეზე და არც კერძო კომპანიის მიერ საქართველოში რუსული კულტურისა და ენის ცენტრის გახსნა არ იგეგმება.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ანდრეი რუდენკომ, ასევე, განაცხადა, რომ “თბილისში ახალი კულტურის ცენტრი არ გაიხსნება, ამაზე აჟიოტაჟი უნდა შეწყდეს”.

ვებ-გვერდ IFact-ის მიერ 2018 წელს დამუშავებული მონაცემებით, რუსეთის მთავრობის ფონდები საქართველოში 21 არასამთავრობო ორგანიზაციას აფინანსებენ. ყველა მათგანი ძირითადად ეწევა რუსული კულტურის, ლიტერატურისა და ენის პოპულარიზაციას.

2 პოტენციური საფრთხე რუსული კულტურის ცენტრისგან საქართველოში

მასალების გადაბეჭდვის წესი