ახალი ამბებისაზოგადოება

2 პოტენციური საფრთხე რუსული კულტურის ცენტრისგან საქართველოში

6 დეკემბერი, 2019 • 4940
2 პოტენციური საფრთხე რუსული კულტურის ცენტრისგან საქართველოში

ახლოვდება დეკემბრის შუა რიცხვები, როდესაც გრიგორი კარასინის თანახმად,  თბილისში უნდა გაიხსნას და “რუსეთსა და საქართველოს ურთიერთობების განვითარებაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს” რუსული კულტურისა და ენის ცენტრმა. ანალიტიკოსები, რომლებიც კრემლის მოქმედებებს აკვირდებიან, ამბობენ, რომ ასეთი ცენტრი საქართველოსთვის 2 პოტენიცურ რისკს შეიცავს: რბილი ძალის ინტრუმენტის გაძლიერებისა და ინციდენტების პროვოცირების კუთხით, ამიტომ თბილისმა მოსკოვს ამგვარი ორგანიზაციის დაფუძნებაზე უარი უნდა უთხრას.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის ზურაბ აბაშიძის თქმით, საუბარია მხოლოდ რუსული ენის კურსებზე, რუსეთის სავიზო ცენტრის ბაზაზე. ამ ინფორმაციას ავრცელებს რუსული პროპაგანდისტული ვებ-გვერდი “სპუტნიკიც”, რომლის ცნობითაც, თბილისში გაიხსნება რუსული ენის ფასიანი კურსები, პედაგოგებს შორის კი იქნებიან რუსეთის ხალხთა მეგობრობის უნივერსიტეტის სპეციალისტებიც. 

ხალხთა მეგობრობის რუსეთის უნივერსიტეტი მრავალპროფილური საგანმანათლებლო დაწესებულებაა, რომელიც მოსკოვში მდებარეობს. რუსეთის სავიზო ცენტრი კი საქართველოში ერთადერთი დაწესებულებაა რუსეთის ვიზების გასაფორმებლად დოკუმენტების წარსადგენად, რომელიც უფლებამოსილია საქართველოში შვეიცარიის საელჩოსთან არსებული რუსეთის ფედერაციის ინტერესთა სექციის მიერ. სავიზო ცენტრის იურიდიული დასახელებაა Travel Assistance Services AS LLC. იგი არის შვილობილი კომპანია რუსეთში რეგისტრირებული Интерлинк Сервис-ის, რომელთანაც რუსეთის ინტერესების სექციას გაფორმებული აქვს შეთანხმება სავიზო აპლიკაციების მიღებასა და დამუშავებაზე.

რუსეთის სავიზო ცენტრში 29 ნოემბერს, როცა კარასინმა შესაბამისი ინფორმაცია გაავრცელა, “ნეტგაზეთს” არ დაუდასტურეს ინფორმაცია კულტურის და ენის ცენტრის დაფუძნების შესახებ. ზურაბ აბაშიძე ამბობს, რომ ასეთ ინიციატივას ჯერ ვერც რუსეთთან დაკავშირებულ კომერციულ სტრუქტურებში მიაკვლია.

“არანაირი ცენტრის გახსნაზე კარასინთან საუბარი არ გვქონია. მე მოვისმინე ძალიან მოკლე კომენტარი ჩემი კოლეგისგან, რომ დეკემბრიდან რუსული ენის კურსები იხსნება სავიზო ცენტრთან, კომერციულ საწყისებზე. ჩემი პასუხი იყო, რომ არ ვიცოდი ამის შესახებ, ჩავალ და გევერკვევი-მეთქი. ამის შემდეგ რუსულ მედიაში გავრცელდა ცნობები, რომ კულტურის ცენტრი იხსნება, რამაც საქართველოში კითხვები გამოიწვია. გადავამოწმეთ და მთელი პასუხისმგებლობით ვადასტურებ, რომ არცერთ სახელმწიფო სტრუქტურას რამე კულტურის ცენტრის შექმნასთან არანაირი კავშირი არ ჰქონია. მერე მოვიძიეთ ის კომერციული სტრუქტურებიც, რომლებიც რუსული ენის კურსებით არიან დაკავებული. თითქოს არც მათ აქვთ გეგმაში ასეთი კულტურის ცენტრის შექმნის პერსპექტივა. ვნახოთ, აბა, რა შეიქმნება დეკემბერში. მე მგონი არც არაფერი”, – უთხრა “ნეტგაზეთს” აბაშიძემ.

აბაშიძემ არ იცის, რაში დასჭირდა კარასინს კულტურის ცენტრის დაანონსება, თუ რეალური საფუძველი არ ჰქონდა, ან რატომ დააყენა კომერციული ორგანიზაციის საკითხი სახელმწიფო მოხელემ, თუმცა ამბობს, რომ “ამასაც გაარკვევს”.

კულტურის ცენტრები, როგორც რუსეთის ჰიბრიდული ომის ინსტრუმენტი

    

“საზოგადოებრივი აქტივობები განათლების და კულტურის სფეროში თანამშრომლობის წასახალისებლად, ერთი შეხედვით, უწყინარი საქმეა, რომ არა მათი “ჰიბრიდული ომის” იარაღად გამოყენების პრაქტიკა.

“რუსული ენის გავრცელება და მისი პოზიციების გაძლიერება მსოფლიოს მასშტაბით, ასევე, კულტურის მიღწევებისა და ისტორიული მემკვიდრეობის პოპულარიზაცია რომ ერთ-ერთია იმ ძირითად ამოცანებს შორის, რომელიც კრემლს საკუთარი ეროვნული ინტერესებისა და პრიორიტეტების რეალიზაციისთის აქვს დასახული, რუსეთის ძირითად სტატეგიულ დოკუმენტებში ოფიციალურად წერია.

“რუსეთი თავის ამოცანად განიხილავს, რომ ხელი შეუწყოს რუსული ენის, როგორც მსოფლიო კულტურის განუყოფელი ნაწილის და საერთაშორისო ურთიერთობების ინსტრუმენტის,  შესწავლას და გავრცელებას; მხარი დაუჭიროს და განავითაროს რუსული საგანმანათლებლო ორგანიზაციების სისტემა საზღვარგარეთ; დაეხმაროს უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე არსებულ რუსულ საგანმანათლებლო ორგანიზაციებს…

“განავითაროს, მათ შორის, სახალხო დიპლომატიის რესურსების გამოყენებით, საერთაშორისო კულტურული და ჰუმანიტარული თანამშრომლობა, როგორც ხალხთაშორისი დიალოგის საშუალება”, – ვკითხულობთ რუსეთის საგარეო პოლიტიკის კონცეფციაში.

“მოსკოვსა და თბილისს შორის “კულტურის ცენტრების გაცვლა” ურთიერთობების დათბობის გზაზე გადასადგმელ ნაბიჯად რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო კომიტეტის ხელმძღვანელმა კონსტანტინე კოსაჩოვმა ჯერ კიდევ 2012 წლის ოქტომბერში, საქართველოში ხელისუფლების შეცვლის შემდეგ დაასახელა.

“საქართველოში ახალი პოლიტიკური პერიოდი იწყება. მისი შედეგებით ცხადი გახდება, რამდენად ბევრს მიაღწიეს “ვარდების რევოლუციონერებმა” – გამოუვიდათ ახალი განვითარების ფუნდამენტის ჩასხმა, რომელიც შეცვლილ სამოქალაქო კლიმატშიც გაძლებს, თუ მათი მოღვაწეობა მხოლოდ საპნის ბუშტების გაბერვას ჰგავდა… ვფიქრობ, ყველაზე რეალური მოედანი, სადაც საგრძნობი პროგრესის მიღწევა შეიძლება, ჰუმანიტარული სფეროა. კულტურული გაცვლები ახლაც გრძელდება, ასეც უნდა იყოს. შეიძლება, ზუსტად ახლა ჰქონდეს აზრი ორივე დედაქალაქს შორის სრულფასოვანი კულტურულ-ინფორმაციული ცენტრების გაცვლის საკითხის დაყენებას”, – წერს კოსაჩოვი თავის სტატიაში “ფასეულობების რეტრანსლაცია”.

“კულტურული ცენტრი სახელმწიფოებს შორის იხსნება კარგი და კეთილმეზობლური ორმხრივი ურთიერთობების აღსანიშნავად”, – ამბობს ეკა აკობია, კავკასიის უნივერსიტეტის სახელმწიფო მართვის სკოლის დეკანი და თსუ-ის ასოცირებული პროფესორი.

ისეთ ვითარებაში, როდესაც სახელმწიფოებს დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვეტილი აქვთ, ხოლო არცერთი მიმართულებით პროგრესი არ არის, აკობიას აზრით, კულტურის ცენტრის გახსნაზე საუბარი არ შეიძლება ემსახურებოდეს რამე კონსტრუქციულს.

“პირიქით – ამან შეიძლება შექმნას არასწორი წარმოდგენა ჩვენი პარტნიორების თვალში, რომ საქართველო და რუსეთი თვითონაც კარგად ავითარებენ ურთიერთობებს და არ სჭირდებათ მათი ჩართულობა, ანუ დღის წესრიგი შეცვალოს მაშინ, როცა პირიქით, საქართველოს რუსეთთან მიმართებაში სჭირდება მთელი მსოფლიოს დახმარება”, – ამბობს აკობია.

რუსეთი რომ საზღვარგარეთ საკუთარი გავლენების გასაძლიერებლად კულტურის ცენტრების(აც) იყენებს, მუდმივად მიუთითებენ საერთაშორისო ორგანიზაციები და აკადემიური წრეების წარმომადგენლები, რომლებიც რუსეთის “რბილ ძალას” იკვლევენ. ამავდროულად, დაწესებულებები კულტურის საფარქვეშ არაერთხელ გახვეულან ჯაშუშურ სკანდალში.

FBI-მა ჯაშუშებად გამოაცხადა შეერთებულ შტატებში რუსული კულტურის ცენტრის ბოლო ორი ხელმძღვანელი, აქედან ერთი – ოლეგ ჟიგანოვი 2018 წელს ქვეყნიდან გააძევა. რუსული კულტურისა და ენის ცენტრები, როგორც ჯაშუშურ საქმიანობაში ამხილეს პოლონეთსა და მაკედონიაში.

საერთაშორისო ურთიერთოებების ექსპერტები, რომელთაც ნეტგაზეთი ესაუბრა, დარწმუნებული არიან, რომ კრემლის მიზნები არც საქართველოში იქნება განსხვავებული.

“დიპლომატიის ისტორიაში ცნობილია შემთხვევები, როცა ასეთი დაწესებულება გამოყენება სხვადასხვა ტიპის “შპიონაჟისთვის”. მართალია, რუსეთს არც სხვა მიმართულებით გაუჭირდება ჯაშუშური საქმიანობა, მაგრამ ასეთი ტიპის დაწესებულებებს ხშირად აქვთ განსხვავებული სტატუსი და დაცულობა და უფრო თავისუფლად შესაძლებელია ამ სტატუსის საფარქვეშ სახელმწიფოს საზიანო და საწინააღმდეგო ქმედების განხორციელება”, – ამბობს აკობია.

დავით ბატაშვილი

რონდელის ფონდის მკვლევარი დავით ბატაშვილი ასევ მიუთითებს, რომ კულტურის ცენტრებს რუსეთი იყენებს როგორც თავისი სადაზვერვო ოპერაციების ბაზას და გეოპოლიტიკური მიზნების განხორციელების იარაღს.

“რუსეთის კულტურის ცენტრის გახსნა არის დამატებითი ინსტრუმენტი  რუსეთის პოლიტიკაში, სხვა ინსტრუმენტებთან ერთად და იგი, მოემსახურება რუსეთის მიზნებს. ეს ცენტრიც თუ გაიხსნა, იქნება ერთ-ერთი მტრული მექანიზმი ჩვენი ქვეყნის წინააღდმეგ და ჩვენი ყველას უსაფრთხოების წინააღმდეგ. ზუსტად როგორი ტიპის ღონიძიებებისთვის გამოიყენებენ ცენტრს, წინასწარ შუეძლებელია თქმა, მაგრამ დანამდვილებით იქნება ჩვენი ინტერესებისთვის საზიანო, ვინაიდან რუსეთის მიზნები საქართველოში ჩვენი ეროვნულ უსაფრთხოებასთან შეუთავსებელია. კულტურის ცენტრიც ახალი ინსტრუმენტის შექმნაა რუსეთის მტრულ პოლიტიკაში”, – ამბობს ბატაშვილი.

ვებ-გვერდ IFact-ის მიერ 2018 წელს დამუშავებული მონაცემებით, რუსეთის მთავრობის ფონდები საქართველოში 21 არასამთავრობო ორგანიზაციას აფინანსებენ. ყველა მათგანი, ძირითადად, რუსული კულტურის, ლიტერატურისა და ენის პოპულარიზაციას ეწევა.

“რაც მეტი უკეთესი… რუსეთს ხომ ჯერ არ აქვს მიღწეული თავისი მიზნებისთვის საქართველოში, მგომარეობა არ არის სტატიკური და მოსკოვიც მუდმივად სხვადასხვა გზებით ცდილობს ამ გავლენის გაზრდას. სხვა პრორუსული ორგანიზაციების არსებობა არ ნიშნავს, რომ დამატებითი მექანიზმების შექმნა არ სჭირდებათ. კარასინის მიერ დაანონსებული ცენტრიც არის რუსული გავლენის ინფრასტრუქტურის გაზრდაზე ორიენტირებული მორიგი ნაბიჯი”, – აცხადებს ბატაშვილი.

ესკალაციის საფრთხე

“ვიმედოვნებთ, კულტურული ხასიათის ღონისძიებები რუსების მონაწილეობით ინციდენტების გარეშე ჩაივლის”, – იმედი გამოთქვა კარასინმა, როდესაც თბილისში კულტურის ცენტრზე ისაუბრა.

რუსეთის დუმის დეპუტატის სერგეი გავრილოვის ვიზიტის და იმ პროცესების მაგალითზე, რომელიც საქართველოში 20-21 ივნისს განვითარებულ მოვლენებს მოჰყვა, ეკა აკობია ყურადღებიას ამახვილებს პოტენციური რისკებზეც, რასაც რუსეთის კულტურის ცენტრის გახსნა შეიცავს ინციდენტების პროვოცირების კუთხით.

“ცხადია, შეიძლება იყოს ესკალაციის რისკი იმიტომ, რომ რუსეთი არ წყვეტს არაკონსტრუქციული ნაბიჯების გადადგმას. სავალალო მდგომარეობაა საოკუპაციო ხაზის გასწვრივ და მუდმივად ხდება ჩვენი მოქალაქეების გატაცება, მათ შორის, ბოლო ინციდენტი ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილთან დაკავშირებით ყველა წითელ ხაზს კვეთს. შესაბამისად, ეს ცენტრი, რა თქმა უნდა, შეიძლება იყოს საქართველოს მოქალაქეების გაღიზიანების დამატებითი წყარო”, – აცხადებს აკობია.

იგი მიიჩნევს, რომ ზურაბ აბაშიძის მიერ კარასინის დაანონსებული კუტლურის ცენტრის კომერციულ საქმიანობად წარმოჩენა შიდა აუდიტორიისთვის იყო განკუთვნილი, რათა ეს სკაითხი ნაკლებ მტკივნეული გაეხადა.

“ჩვენ ვხედავთ, რომ ქართულ პუბლიკას აქვს განსაკუთრებული მგრძნობელობა ოკუპაციის თემის მიმართ და ეს ასეც უნდა იყოს. არა მგონია, რომ ცენტრის გახსნა კომერციულ საქმიანობად შეფუთვას დაექვემდებაროს”, – აღნიშნავს აკობია.

ექსპერტები ამბობენ, რომ პოლიტიკური ნების არსებობის შემთხვევაში მოიძებნება ლეგალური საფუძველი, რომ თბილისში რუსეთის კულტურის და ენის ცენტრის გახსნა არ დაუშვას, რაზეც უსაფრთხოების სამსახურებმა, სტრატკომებმა და სხვა სახელმწიფო სტურქტურებმა ერთად უნდა იმსჯელონ.

მოთხოვნით “აიკრძალოს რუსული კულტურის ცენტრის გახსნა” პეტიცია ონლაინ-სივრცეშიც დარეგისტრირდა და 2 დეკემბრიდან დღემდე 3 000 ხელმომწერი ჰყავს. პეტიციის ავტორები საქართველოს მთავრობისგან მოითხოვენ,” ნუ დაამძიმებენ უსაფრთხოების თვალსაზრისით ქვეყნის ისედაც მძიმე მდგომარეობას და ნუ მისცემენ მტერს ახალ ინსტრუმენტს, რომელსაც იგი ჩვენი ქვეყნის ინტერესების საზიანოდ გამოიყენებს”. 

რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერის სპეციალური წარმომადგენლი უპასუხოდ ტოვებს კითხვას, განიხლავს თუ არა რუსეთის კულტურის ცენტრს საფრთხის შემცველად, თუმცა ამბობს, რომ ასეთი ცენტრი ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე უნდა იხსნებოდეს.

“ზოგადად რაც შეეხება ჩვენი სახელმწიფოს პოზიციას, ჩვენ ვამბობთ, ჩვენ არ ვართ ადამიანებს შორის ურთიერთობების მოწინააღმდეგე, მომხრე ვართ სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების, მაგრამ ყველაფერი ეს სახელმწიფო დონეზე უნდა ხორციელდებოდეს ურთიერთშეთანხმების საფუძველზე. [ცენტრზე] შეთანხმება და მსჯელობაც არ ყოფილა. ვნახოთ ჯერ რა შეიქმნება, მე მგონი არაფერი იქმნება”, – ამბობს აბაშიძე.

“კითხვაზე, რას მოიქმომედებს თბილისი, თუ ასეთი ცენტრი მაინც შეიქმნება, აბაშიძის პასუხია ”თუ მაინც შეიქმნა, მერე დავილაპარაკებთ”.

მასალების გადაბეჭდვის წესი