ახალი ამბები

საჭიროა სამოქალაქო სექტორშიც – თალაკვაძე სუიციდის პრევენციის პროგრამაზე

19 დეკემბერი, 2019 •
საჭიროა სამოქალაქო სექტორშიც – თალაკვაძე სუიციდის პრევენციის პროგრამაზე

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე აცხადებს, რომ უნდა შეიქმნას სუიციდის პრევენციის პროგრამა სამოქალაქო პირებისთვის.

საქართველოში სუიციდის პრევენციის პროგრამაზე მუშაობა რამდენიმე წელია მიმდინარეობს, თუმცა ამ დრომდე არ არსებობს პრევენციის რეალური სტრატეგია.

თალაკვაძემ 19 დეკემბერს განაცხადა, რომ სუიციდის პრევენციის პროგრამა ამ ეტაპზე მხოლოდ პენიტენციურ სისტემაში ფუნქციონირებს და გამოდის ინიციატივით, „სამოქალაქო სექტორშიც ამოქმედდეს სუიციდის პრევენციის იმგვარი პროგრამა, როგორიც წლების წინ პენიტენციურ სისტემაში შეიქმნა“.

სუიციდი არ არის გამოსავალი! გირჩევთროგორც ამოვიცნოთ სუიციდის ნიშნები და რა უნდა გავაკეთოთ პრევენციისთვის

„ვფიქრობ და კიდევ ერთხელ მინდა, ეს საკითხი საჯაროდ გამოვიტანო სამსჯელოდ, რომ ასეთი ტიპის პროგრამა საჭიროა სამოქალაქო სექტორში, ვინაიდან სუიციდი არ არის მხოლოდ მოზარდების პრობლემა, არის ზრდასრულ ადამიანებშიც პრობლემა და ეს ასევე არ არის მხოლოდ ჩვენი გამოწვევა. მსოფლიოს განვითარებულ სახელმწიფოებსაც, სამწუხაროდ, აქვთ იგივე გამოწვევა. დეპრესია და სუიციდი, ზოგადად, დღევანდელ მსოფლიოში არის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ერთ-ერთი დიდი პრობლემა. კიდევ ერთხელ ვამბობ, დამოუკიდებლად იმისგან, თუ რა მოხდა ამ კონკრეტულ შემთხვევაში“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

15 წლის მოზარდის საქმე

ეს განცხადება მოჰყვა 15 წლის ლუკა სირაძის გარდაცვალებას. იგი თვითმკვლელობის მცდელობიდან რამდენიმე დღეში, 17 დეკემბერს გარდაიცვალა კლინიკაში.

მისი ძმა „ნეტგაზეთთან“ ამბობდა, რომ ლუკა სირაძეს პოლიციის განყოფილებაში დედის თანდასწრებით ემუქრებოდნენ და ითხოვდნენ, ეღიარებინა, რომ თავის ყოფილ სკოლაში, „მწვანე სკოლაში“ შეიპარა და კედელზე წარწერები დატოვა.

სირაძის საქმეს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური იძიებს. შსს-ს ინფორმაციით, უფლებამოსილება უკვე შეუწყდა 2 პოლიციელს. დაკავებულია 1 გამომძიებელი — მარიანა ჩოლოიანი, რომელიც ბავშვის გარდაცვალებიდან რამდენიმე საათში დააკავეს. მას დღეს, 19 დეკემბერს, ბრალი წაუყენეს.

არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ დარწმუნებულია, ამ საქმეზე გამოძიება ყველა კითხვას გასცემს პასუხს. „მივესალმები, რომ მყისიერი რეაგირება იყო ინსპექტორის მხრიდან და დროულად დაიწყო გამოძიება“, – განაცხადა მან.


მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში არ არსებობს სპეციალური ცხელი ხაზი, სადაც სუიციდური აზრების მქონე პირები ან მათი ახლობლები პირდაპირ დაკავშირებას შეძლებენ, აღსანიშნავია, რომ ქვეყნის მასშტაბით ფუნქციონირებს ფსიქოლოგიური დახმარების ცხელი ხაზები, სადაც ამ თემასთან დაკავშირებით სატელეფონო კონსულტაციების გავლაა შესაძლებელი:

ფსიქო-სოციალური მომსახურების ცენტრის ცხელი ხაზი: 2 200 220 (3025)

მანდატურის სამსახურის ბაზაზე არსებული ფსიქოლოგიური საკონსულტაციო მომსახურების 24-საათიანი ცხელი ხაზი: 08 00 00 00 88

ბავშვთა დახმარების ხაზი: 11 61 11; 

ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი – 15 05

გირჩევთ, წაიკითხოთ:

საქართველო სუიციდთან ბრძოლის გეგმის  გარეშე 

მასალების გადაბეჭდვის წესი