ახალი ამბები

საქართველო სუიციდთან ბრძოლის გეგმის  გარეშე 

11 ოქტომბერი, 2019 •
საქართველო სუიციდთან ბრძოლის გეგმის  გარეშე 

ავტორი: სოფო აფრიამიშვილი

ფსიქიკური ჯანმრთელობის მსოფლიო დღე წელს სუიციდის პრევენციას მიეძღვნა. ამ დღეს საქართველო, სადაც სუიციდის მაჩვენებელი საკმაოდ მაღალია, კვლავ პრევენციის სტრატეგიის  გარეშე შეხვდა. ეს გეგმა ქვეყანას 2015-16 წლებში უნდა შეემუშავებინა. 


მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემების მიხედვით სუიციდი ადამიანების სიკვდილიანობის გამომწვევ მიზეზებს შორის მეორე ადგილზეა და მსოფლიოსთვის მისი პრევენცია ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. საქართველოში სუიციდის პრევენციის პროგრამაზე მუშაობა რამდენიმე წელია მიმდინარეობს, თუმცა ამ დრომდე არ არსებობს პრევენციის რეალური სტრატეგია. 

 სუიციდის სტატისტიკა საქართველოში და WHO-ს რეკომენდაციები

შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემების თანახმად, 2019 წელს საქართველოში 6 თვის განამვლობაში სიცოცხლე თვითმკვლელობით 207-მა ადამიანმა დაასრულა, სუიციდის მცდელობა კი ამ დროის მანძილზე 219 ადამიანს ჰქონდა. გასულ წელს საქართველოში, საერთო ჯამში, თვითმკვლელობის 389, ხოლო თვითმკვლელობის მცდელობის 477 შემთხვევა დაფიქსირდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემების თანახმად, ყოველ 40 წამში საშუალოდ  ერთი ადამიანი ასრულებს სიცოცხლეს თვითმკვლელობით. მათი 79% დაბალ და საშუალოშემოსავლიან ქვეყნებში ცხოვრობს. 2019 წლის მონაცემების თანახმად სუიციდის მაჩვენებლის მიხედვით საქართველო 87-ე ადგილზეა, მაშინ როცა ჯერ კიდევ სამი წლის წინ ამ მიმართულებით ქვეყანა 123-ე ადგილს იკავებდა. 

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ 2018 წელს შემუშავებული სუიციდის პრევენციის სტრატეგიაში ხაზგასმულია, რომ მიუხედავად თვითმკვლელობების მაღალი მაჩვენებლისა, ეს პრობლემა მოგვარებადია და ამისთვის სახელმწიფოებს კონკრეტულ მეთოდებს სთავაზობს:

[checklist]

  • ქვეყნის შიგნით და გარეთ მოკავშირეების იდენტიფიცირება, თანამშრომლობა სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან;
  • არსებული სიტუაციის სწორი ანალიზი;
  • ფინანსური და ადამიანური რესურსების მოძიება;
  • პოლიტიკური მხარდაჭერა, რომლის არსებობის გარეშეც ვერც ერთი სტრატეგია ვერ იქცევა რეალურ გეგმად;
  • სტიგმის წინააღმდეგ ბრძოლა;
  • საზოგადოებაში ცნობადობის ამაღლება;
  • რისკების იდენტიფიცირება;
  • ეფექტური ინტერვენცია;
  • არსებული შემთხვევების ზუსტი ასახვა და მათი ანალიზი;
  • გატარებული ღონისძიებების ამჟამინდელი და შემდგომი მონიტორინგი.

[/checklist]

   [red_box]საქართველოს სუიციდის პრევენციის სტრატეგია[/red_box]

საქართველოს მთავრობამ ფსიქიკური ჯანმრთელობის განვითარების სტრატეგია 2014 წელს დაამტკიცა, რომლის მიხედვითაც ქვეყანას სუიციდის პრევენციის გეგმა 2015-2016 წლებში უნდა შეემუშავებინა.  პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, “ქართული ოცნების” დეპუტატის, აკაკი ზოიძის განცხადებით, ჯანდაცვის სამინისტრომ პროექტის ფარგლებში სუიციდის პრევენციის გეგმის განხორციელება ვერ შეძლო. 

“მთავარი სტრატეგიის შემუშავება კი არა, მისი განხორციელებაა, რასაც საკმაოდ დიდი ძალისხმევა სჭირდება. ამ გეგმის შემუშავება ჯერ კიდევ 2014 წელს უნდა დაწყებულიყო, თუმცა 5 წელი გავიდა მას შემდეგ და ჯერ კიდევ არაფერია გაკეთებული”, – განაცხადა “ქართული ოცნების” დეპუტატმა “ნეტგაზეთთან” საუბარისას. 

“საქართველოში სუიციდის თემა ბოლო წლების განმავლობაში გახდა განსაკუთრებით აქტიუალური, მანამდე კი ამ თემაზე აქცენტები არ კეთდებოდა. ვფიქრობ, რომ სწორედ ეს არის ძირითადი მიზეზი, რატომაც ვერ განხორციელდა პრევენციის გეგმა. ცოტანი არიან ისეთი ადამიანები, რომლებსაც მსგავსი ტიპის პროგრამის შემუშავება შეუძლიათ, კონკურენტული პრიორიტეტები კი ბევრია” ,- ამბობს ზოიძე. 

ჯანდაცვის სამინისტრო სუიციდის პრევენციის სტრატეგიის შემუშავებას ახლა გეგმავს, სადაც აქცენტები გაკეთდება პრევენციული ღონისძიებების მულტიდისციპლინარულ და მულტისექტორულ მიდგომებზე. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, თამარ გაბუნიამ სახალხო დამცველის აპარატის მიერ გუშინ, 10 ოქტომბერს  გამართულ საჯარო შეხვედრაზე ისაუბრა:

“ამ შემთხვევაში, მხოლოდ ჯანდაცვის სექტორის ძალისხმევა, რა თქმა უნდა, არ იქნება საკმარისი იმისთვის, რომ ჯეროვანი პასუხი გავცეთ სუიციდთან დაკავშირებულ გამოწვევებს და აუცილებელი იქნება სოციალური დაცვის, განათლების სექტორის და ბევრი სხვა სექტორის მონაწილეობა”,- განაცხადა  თამარ გაბუნიამ. 

ჯანდაცვის სამინისტროს მიერ “ნეტგაზეთისთვის” მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, სუიციდის პრევენციის პროგრამის პილოტი ამ ეტაპზე მოქმედებს ბათუმში. სამინისტროს განმარტებით, საპილოტე პროგრამის წარმატებით დანერგვის შემთხვევაში მიღებული შედეგების გათვალისწინებით ღონისძიებების გაფართოება მოხდება. ამ ეტაპზე მომზადებულია და უკვე ფუნქციონირებს ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა სუიციდის პრევენციის პროგრამა. 

[blue_box]სუიციდის პრევენციის სტრატეგიის მნიშვნელობა საქართველოში[/blue_box]

ფსიქიატრი ნინო მახაშვილი განმარტავს, რომ სუიციდის რეალური პრევენციისთვის უმთავრესი პირობა რისკჯგუფების იდენტიფიცირება და შემდგომში მათ რეაბილიტაციაზე ზრუნვაა. ამის შესასრულებლად აუცილებელია ქვეყანაში არსებობდეს ზუსტი სტატისტიკური მონაცემები და მოხდეს ამ მონაცემების სრულყოფილი ანალიზი. ამ ეტაპზე კი ქვეყანაში მსგავსი კვლევები ფაქტობრივად არ არსებობს.

“საქართველოს ძალიან გაუჭირდება მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ გაცემული ძირითადი რეკომენდაციების შესრულება, რადგან ქვეყანაში არ არსებობს ზუსტი მონაცემები იმის შესახებ, თუ კონკრეტულად რა მიზეზით იკლავენ ადამიანები თავს”, – განმარტავს მახაშვილი. 

მისივე ინფორმაციით, საქართველოში ძირითად მოწყვლად ჯგუფს 44 წელს გადაცილებული მამაკაცები წარმოადგენენ, თუმცა, კონკრეტულად რა განაპირობებს მათ თვითმკვლელობას, მახაშვილის თქმით, არსებობს მხოლოდ ვარაუდები, რაც რეალური პრობლემის აღმოსაფხვრელად საკმარისი არ არის. 

ფსიქიატრის განმარტებით, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციებისა და ქვეყანაში ზოგადი დაკვირვების შედეგად გამოიკვეთა ის ძირითადი პუნქტები, რომლის განხორციელებაც აუცილებელია სუიციდის პრევენციის ფარგლებში:

[checklist]

  • უმნიშვნელოვანესია, რომ პროგრამა იყოს რამდენიმე სააგენტოს მიერ შემუშავებული და მის განხორციელებაში მონაწილეობას იღებდეს ჯანდაცვის, განათლებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროები.
  • მნიშვნელოვანია დასაქმების სფეროს წარმოამდგენლების ჩართულობა, რადგან სუიციდური ფიქრების მქონე ადამიანებისთვის მნიშვნელოვანია ყოველდღიურ ცხოვრებაში აქტიური ჩართულობა
  • უნდა არსებობდეს სკოლებზე ორიენტირებული პროგრამები, რადგან სასწავლო დაწესებულებებში ცნობადობის ამაღლებით მცირდება მოზარდებში სუიციდის რისკები
  • ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროს წარმოამდგენლების გარდა აუცილებელია ამ მიმართულებით სპეციალური მომზადება გაიარონ პირველადი ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებმაც, რომლებიც დროულად შეძლებენ პაციენტში სუიციდური ფიქრების აღმოჩენას და რისკების შემცირებას
  • მნიშვნელოვანია საზოგადოებაში ცნობადობის ამაღლება, რადგან ხშირად სუიციდური ფიქრების მქონე ადამიანები, სწორედ საზოგადოებას მიმართავენ დასახმარებლად, თუმცა მათი მხრიდან ხშირად დახმარების თხოვნა ან არ არის გააზრებული, ან არ აღიქმება სერიოზულად.
  • აუცილებელია არაფორმალური სათემო სერვისების განვითარება, რათა საზოგადოების კონკრეტულ ჯგუფებში დროულად მოხდეს სუიციდური ფიქრების მქონე ადამიანების აღმოჩენა და მათთვის დახმარების გაწევა.

[/checklist]

ეს არის ის ძირითადი მიმართულებები, რისი მეშვეობთაც შესაძლებელი გახდება საქართველოში სუიციდის პრევენცია. გარდა ამისა, მახაშვილი მნიშვნელოვან პრობლემად მიიჩნევს ქვეყანაში სუიციდური ფიქრების მქონე ადამიანებისთვის სპეციალური ცხელი ხაზის არარსებობას. ასევე, ფსიქიატრი ხაზს უსვამს მედიის როლს აღნიშნული პრობლემის გამძაფრებაში.

                                                  

რატომ არ ფუნქციონირებს ცხელი ხაზი 

 

საქართველოში არსებული ცხელი ხაზი, რომელიც სუიციდური აზრების მქონე ადამიანებს პირველად დახმარებას გაუწევდა, 2014 წელს გაუქმდა. ამ გადაწყვეტილების მიზეზის გასარკვევად “ნეტგაზეთი” საქართველოს ფსიქოსოციალური დახმარების ასოციაციის “ნდობა” ხემძღვანელს, ფსიქოლოგ ნანა აღაპაშვილს დაუკავშირდა. სწორედ ამ ასოციაციის მეშვეობით ფუნქციონირებდა საქართველოში სპეციალური ტელეფონი, სადაც სუიციდური ფიქრების მქონე ადამიანებს უფასო კონსულტაციის გავლა შეეძლოთ. 

ნანა აღაპაშვილის განმარტებით, აღნიშნული ცხელი ხაზის ნომერზე ყოველწლიურად 10-12 ათასამდე ადამიანი რეკავდა, რაც საშუალოდ 30-ზე მეტ ყოველდღიურ ზარს გულისხმობს. “ნდობის” ხელმძრვანელის თქმით, არასკმარისი ფინანსური რესურსიდან გამომდინარე, 5 წლის წინ ორგანიზაციას სატელეფონო კონსულტაციის გაუქმება მოუწია: 

“წლების განმავლობაში სხვადასხვა საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსების ხარჯზე ვახერხებდით სუიციდური აზრების მქონე პირებისთვის ან მათი ახლობლებისთვის კონსულტაციების გაწევას. ბევრი მცდელობის მიუხედავად ამ პერიოდის განამვლობაში ვერ მივაღწიეთ სახელმწიფოსგან დაფინანსების მოპოვებას…”, – განმარტავს აღაპაშვილი. 

მისი თქმით, უცხოეთის მრავალ ქვეყანაში აღნიშნული სატელეფონო კონსულტაცია ძალიან დიდ როლს თამაშობს სუიციდის პრევენციის საკითხში, ძირითადად კი ასეთ მომსახურებებს ადგილობრივი მუნიციპალიტეტები აფინანსებენ: 

“2014 წლამდე და მას შემდეგაც არაერთხელ მივმართეთ თბილისის მერიას, რომ გამოეყო გარკვეული თანხები, თუმცა მათგან დაფინანსების მოპოვება მაინც ვერ მოვახერხეთ. ძირითად არგუმენტებად კი არასაკმარის ბიუჯეტს ასახელებდნენ, ან გვეუბნებოდნენ, რომ ამ საკითხზე სატელეფონო კონსულტაციების არსებობის მნიშვნელობას ნათლად ვერ ხედავდნენ”, – ამბობს აღაპაშვილი. 

მისი თქმით, ცხელი ხაზის არსებობა სახელმწიფოს მიერ ბოლო წლებში შემუშავებულ ფსიქიკური ჯანმრთელობის განვითარების სტრატეგიაშიც იყო გათვალისწინებული, თუმცა, ამის მიუხედავად, სატელეფონო კონსულტაციის მომსახურების განახლება ან ახლის შექმნა არ მომხდარა. 

აღაპაშვილი განმარტავს, რომ ცხელი ხაზის არსებობა მნიშვნელოვანია როგორც უშუალოდ სუიციდური აზრების მქონე ადამიანებისთვის და მათი ახლობლებისთვის, ასევე, იმ ადამიანებისთვის, ვინც ტელეფონის მეორე მხარეს ყოველდღიურ დახმარებას უწევს მათ: 

“ჩვენი მომსახურება ძირითადად მოხალისეობრივ ჩართულობას ითვალისწინებდა, დასაქმებულები კი  უმეტესად საპენსიო ასაკს მიღწეული ადამიანები ან სტუდენტები იყვნენ. სტუდენტების შემთხვევაში ეს ძალიან კარგ პრაქტიკას წარმოადგენდა, ასაკიანი ადამიანებისთვის კი სხვების დახმარება არსებითად მნიშვნელოვანი იყო” ,- აღნიშნავს აღაპაშვილი.

[gray_box]მედიის მნიშვნელობა სუიციდის პრევენციის საკითხში[/gray_box]

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია სუიციდის პრევენციის საკითხში ხაზს უსვამს მედიის მნიშვნელობასაც:

“სუიციდის შემთხვევების და მასთან დაკავშირებული საკითხების მაღალი პასუხისმგებლობით გაშუქება უმთავრესი კომპონენტია სუიციდის პრევენციის საკითხში. მედიაპროფესიონალებმა არ უნდა გააშუქონ მხოლოდ ტრაგიკული შემთხვევები და მიმზიდველად წარმოაჩინონ მომხდარი, არამედ მნიშვნელოვანია ისეთი ადამიანების ისტორიების მოყოლა, ვინც გადალახა ეს პრობლემა, ან მოცემულ მომენტში ითხოვს დახმარებას. მედიას შეუძლია დიდი როლი ითამაშოს სუიციდის შესახებ ცნობიერების ამაღლების საკითხში, მის პრევენციასა და სტიგმის დაძლევაში”, – წერია მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის 2018 წლის ანგარიშში, სახელწოდებით “სუიციდის პრევენციის ეროვნული სტრატეგიები”. 

საქართველოში ამ მიმართულებით სტანდარტს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია აწესებს: 

“სუიციდი ერთ-ერთი რთული თემაა გაშუქების თვალსაზრისით, ვინაიდან ერთდროულად ბევრი ეთიკური დილემის გადაჭრა უწევს ჟურნალისტს. კვლევებმა დაადასტურა, რომ ცალკეული შემთხვევების ზედაპირულმა გაშუქებამ შეიძლება გამოიწვიოს თვითმკვლელობის ახალი შემთხვევები და პირიქით, ფრთხილმა, კვალიფიციურმა გაშუქებამ შესაძლოა ეს რიცხვი შეამციროს კიდეც”, – წერია ქარტიის მიერ შემუშავებულ სუიციდის გაშუქების სახელმძვანელო წესებში. 

სახელმძღვანელო წესებში აღნიშნულია, რომ სუიციდის გაშუქებამდე ჟურნალისტმა და მედიასაშუალებებმა უნდა დასვან ორი ძირითადი შეკითხვა:

  • რატომ აშუქებს თვითმკვლელობის ამ კონკრეტულ შემთხვევას?
  • რატომ ასახელებს გარდაცვალების მიზეზს (თვითმკვლელობას)?

იმისათვის, რომ მედიის მიერ სუიციდის კონკრეტული შემთხვევის გაშუქება გამართლებული იყოს, აუცილებელია მომხდარი მოვლენის მიმართ არსებობდეს მაღალი საჯარო ინტერესი, ან ჟურნალისტებს ჰქონდეთ გარდაცვლილის ოჯახის წევრების ან ახლობლების გაცნობიერებული თანხმობა.  

ქარტიის განმარტებით, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მედიამ ხელი არ შეუწყოს სუიციდთან დაკავშირებული მითებისა და სტერეოტიპების პოპულარიზაციას.


მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში არ არსებობს სპეციალური ცხელი ხაზი, სადაც სუიციდური აზრების მქონე პირები ან მათი ახლობლები პირდაპირ დაკავშირებას შეძლებენ, აღსანიშნავია, რომ ქვეყნის მასშტაბით ფუნქციონირებს ფსიქოლოგიური დახმარების ცხელი ხაზები, სადაც ამ თემასთან დაკავშირებით სატელეფონო კონსულტაციების გავლაა შესაძლებელი: 

ფსიქო-სოციალური მომსახურების ცენტრის ცხელი ხაზი: 2 200 220 (3025)

მანდატურის სამსახურის ბაზაზე არსებული ფსიქოლოგიური საკონსულტაციო მომსახურების 24-საათიანი ცხელი ხაზი: 08 00 00 00 88

ბავშვთა დახმარების ცხელი ხაზი: 11 61 11; 2 42 14 22

ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი – 15 05

 

მასალების გადაბეჭდვის წესი