ახალი ამბები

სირაძის საქმის გამომძიებელს ბრალი წაუყენეს

19 დეკემბერი, 2019 • 1111
სირაძის საქმის გამომძიებელს ბრალი წაუყენეს

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის წარმოებაში არსებულ, ლუკა სირაძის სისხლის სამართლის საქმეზე, 2019 წლის 17 დეკემბერს დაკავებულ პოლიციის უფროს გამომძიებელს, მარიანა ჩოლოიანს ბრალი წარედგინა სსსკ-ის 335-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ორ ეპიზოდში, რაც მოხელის მიერ ჩვენების მიცემის იძულებას გულისხმობს.

როგორც პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში არის ნათქვამი, 2019 წლის 10 დეკემბერს მარიანა ჩოლოიანის წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეზე მოწმის სახით, გამოკითხვის მიზნით, დედასთან ერთად დაიბარა ლუკა სირაძე.

“გამომძიებელმა არ იხელმძღვანელა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის პრინციპებით და  ლ.ს-ს მოსთხოვა დანაშაულის აღიარება. აღნიშნულზე უარის შემდეგ, გამომძიებელმა გამოკითხვა განაგრძო მოწმეთა ერთმანეთთან დაპირისპირების გზით, რის შედეგადაც არასრულწლოვნებმა ფსიქოლოგიური სტრესი განიცადეს”, – ნათქვამია პროკურატურის ინფორმაციაში.

საქართველოს გენერალური პროკურატურა მიმართავს სასამართლოს ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით.


15 წლის ლუკა სირაძე 17 დეკემბერს გარდაიცვალა მას შემდეგ, რაც მან რამენიმე დღის წინ თვითმკვლელობა სცადა. ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

ლუკას ძმა “ნეტგაზეთთან” ამბობდა, რომ არასწრულწლოვანს პოლიციის განყოფილებაში დედის თანდასწრებით ემუქრებოდნენ და მისგან დანაშაულის აღიარებას ითხოვდნენ. 15 წლის ლუკას პოლიცია “მწვანე სკოლის” შენობაში შეპარვასა და კედელზე წარწერების გაკეთებას ედავებოდა.

“მწვანე სკოლამ” პოლიციას მიმართა მას შემდეგ, რაც შენობაში უცნობი პირი შევიდა და კედლებზე სხვადასხვა შინაარსის წარწერები დატოვა. როგორც სკოლამ განაცხადა, მან ქონების დაზიანებასთან დაკავშირებით მიმართა პოლიციას.

ლუკა სირაძე პოლიციამ გამოკითხვაზე სწორედ ამის შემდეგ დაიბარა. მის ოჯახს სამართლებრივ დახმარებას უწევს საია, რომელიც აცხადებს, რომ პოლიციის განყოფილებაში ლუკა სირაძე პოლიციელების პირისპირ მშობლის გარეშე მარტო ორჯერ დარჩა, რაც, ორგანიზაციის შეფასებით, უკანონოა.

ამ თემაზე:

ჩვენებებში დასახელებულია 3-4 პოლიციელი, ვინც მოზარდს ემუქრებოდა – იურისტი

მასალების გადაბეჭდვის წესი