ახალი ამბები

რა მოხდა პოლიციის მისვლამდე – ბრალდებები “მწვანე სკოლის” მიმართ

18 დეკემბერი, 2019 • 2168
რა მოხდა პოლიციის მისვლამდე – ბრალდებები “მწვანე სკოლის” მიმართ

სახელმწიფო ინსპექტორი ლონდა თოლორაია და საიას იურისტი რევაზ აჭარიძე, რომელიც გარდაცვლილი 15 წლის ლუკა სირაძის ოჯახის ინტერესებს იცავს, აცხადებენ, რომ საქმის მასალების მიხედვით, გარკვეული სახის გადაცდომები “მწვანე სკოლაშიც” იყო.

“პრობლემები იკვეთება სკოლაში არსებულ გარემოებებთან დაკავშირებითაც. გარემოებები, რომელიც ბავშვისთვის არ იყო მისაღები და ბავშვების გარემოსთვის არ არის სასურველი. ასეთი გარემოებები იკვეთება სკოლაშიც და, რა თქმა უნდა, ასეთი ფაქტები მოხდა პოლიციაშიც”, – ამბობს სახელმწიფო ინსპექტორი.

საიას იურისტი რევაზ აჭარიძე დეტალებზე საუბრისგან თავს იკავებს “სხვა არასრულწლოვნების საუკეთესო ინტერესიდან გამომდინარე”, თუმცა ამბობს, რომ გარკვეული სახის ფსიქოლოგიური ძალადობა მოზარდებზე სკოლაშიც იყო:

“გამოძიებით იკვეთება, რომ გარკვეული სახის ფსიქოლოგიურ ძალადობა და რაღაც სახის უფლებამოსილების გადამეტება სკოლაშიც იყო. უფრო კონკრეტულად ვერ გეტყვით იმიტომ, რომ ეს სხვა არასრულწლოვნებსაც ეხება. არის გარკვეული ნიშნები, რომ სკოლაში სხვა არასრულწლოვნების მიმართაც ყოფილიყო ზეწოლა და გარკვეული სახის დათრგუნვა, ემოციური ფონიც შეიქმნა პოლიციაში მისვლამდე” ,- ამბობს იურისტი საქმის მასალების გაცნობის შემდეგ.

სუიციდი არ არის გამოსავალი! გირჩევთროგორც ამოვიცნოთ სუიციდის ნიშნები და რა უნდა გავაკეთოთ პრევენციისთვის

აღნიშნულ საკითხზე საუბრობს დაკავებული გამომძიებლის, მარიანა ჩოლოიანის ადვოკატი არჩილ შაბაშვილიც. შაბაშვილი აცხადებს, რომ საქმეში დევს არასრულწლოვნების პირადი მიმოწერა სოციალურ ქსელში, რომელიც, მისი თქმით, სკოლის ადმინისტრაციამ “მწვანე სკოლაში” მისულ გამომძიებლებს დაახვედრა:

“ამ საქმეში მნიშვნელოვანია გაირკვეს სკოლის წილიც. როდესაც მივიდნენ პოლიციის თანამშრომლები ადგილზე, სკოლის ადმინისტრაციამ დაახვედრა უკვე ამოღებული ვიდეოკამერების ჩანაწერები, ინფორმაცია ბავშვებზე, თუ ვინ შეიძლებოდა ყოფილიყო ამ კადრებზე აღბეჭდილი. ასევე, დაახვედრა ბავშვებისგან მოპოვებული ფეისბუკის პირადი მიმოწერის სქრინშოთები (ფოტოები)” ,- ამბობს დაკავებული გამომძიებლის ადვოკატი.

აღნიშნულ საკითხებზე კომენტარისთვის “ნეტგაზეთმა” “მწვანე სკოლის” დირექტორს, კახა დავითურს მიმართა. “ნეტგაზეთი” დავითურს დღეს, დღის პირველ ნახევარში ესაუბრა და ჰკითხა, სკოლის კედლებზე წარწერების აღმოჩენის შემდეგ ჩაატარა თუ არა ადმინისტრაციამ შიდა მოკვლევა, რაზეც დავითურმა გვითხრა, რომ სკოლაში “არაფერი ჩატარებულა”. მან გვთხოვა, უფრო დეტალური კომენტარისთვის მოგვიანებით დაგვერეკა, რადგან იმ დროს შეხვედრაზე იმყოფებოდა.

ამის შემდეგ “ნეტგაზეთმა” დავითურთან დაკავშირება რამდენჯერმე სცადა, მაგრამ ჩვენს ზარებს არ უპასუხა. თუმცა “ტაბულასთან” დავითურმა ეს ფაქტი უარყო.

როგორც “ტაბულა” წერს, “მწვანე სკოლის” დირექტორი კახა დავითური არ ადასტურებს გამომძიებელი ჩოლოიანის ადვოკატის გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, სკოლამ საპატრულო პოლიციას ბავშვების პირადი მიმოწერები, ამოღებული ვიდეოკამერები და კადრებზე გამოსახული ბავშვების ვინაობები დაახვედრა.

“არა [არ ვადასტურებ]. კრიმინალური პოლიცია გამოიძახა საპატრულო პოლიციამ. ანუ ჰქონდა მიზეზი”, – უპასუხა “ტაბულას” კახა დავითურმა.

15 წლის ლუკა სირაძე 17 დეკემბერს გარდაიცვალა მას შემდეგ, რაც მან რამდენიმე დღის წინ თვითმკვლელობა სცადა.

ლუკას ძმა “ნეტგაზეთთან” ამბობდა, რომ არასწრულწლოვანს პოლიციის განყოფილებაში დედის თანდასწრებით ემუქრებოდნენ და მისგან დანაშაულის აღიარებას ითხოვდნენ. მისივე თქმით, 15 წლის ლუკას პოლიცია “მწვანე სკოლის” შენობაში შეპარვასა და კედელზე წარწერების გაკეთებას ედავებოდა.

სურვილის შემთხვევაში, ნეტგაზეთი მზად არის, მკითხველს შესთავაზოს “მწვანე სკოლის” პოზიცია ამ ბრალდებებთან დაკავშირებით.

მასალების გადაბეჭდვის წესი