ახალი ამბები

აქტივისტებმა შსს-ს ღობეზე სტიკერები, წარწერით “სირცხვილია” გააკრეს

18 დეკემბერი, 2019 • 2541
აქტივისტებმა შსს-ს ღობეზე სტიკერები, წარწერით “სირცხვილია” გააკრეს

მოძრაობის “ქვეყნის სამსახურშს” აქტივისტებმა შინაგან საქმეთა სამინისტროს ღობეზე, სადაც 15 წლის ლუკა სირაძის დაღუპვის გამო მდუმარე აქცია მიმდინარეობს, სტიკერები გააკრეს, წარწერით “სირცვილია”.

აქტივისტებმა შსს-ს შენობასთან ასფალტზე წარწერებიც გააკეთეს, რის შემდეგაც დაღუპული მოზარდის ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს.

როგორც ადგილზე შეკრებილი მოქალაქეები ამბობენ, ისინი მომხდარში შს მინისტრის პოლიტიკურ პასუხისმგებლობას ხედავენ:

“პოლიცია, რომელიც, წესით, მოქალაქეებს უნდა იცავდეს, ძალადობს ადამიანებზე. ლუკა სირაძე სისტემის პირველი მსხვერპლი არ არის – დემურ სტურუა, თემირლან მაჩალიკაშვილი, ზურაბ დადეშელი, ლევან აბზიანიძე და სხვები – პოლიციის მხრიდან გულგრილობისა და ძალადობის მსხვერპლნი გახდნენ. იცვლებიან მთავრობები და შს მინისტრები, სისტემა კი უცვლელად უგულო და ბოროტი რჩება” ,- ამბობენ აქციის მონაწილეები.

15 წლის ლუკა სირაძე 17 დეკემბერს გარდაიცვალა მას შემდეგ, რაც მან რამდენიმე დღის წინ თვითმკვლელობა სცადა.

ლუკას ძმა “ნეტგაზეთთან” ამბობდა, რომ არასწრულწლოვანს პოლიციის განყოფილებაში დედის თანდასწრებით ემუქრებოდნენ და მისგან დანაშაულის აღიარებას ითხოვდნენ. მისივე თქმით, 15 წლის ლუკას პოლიცია “მწვანე სკოლის” შენობაში შეპარვასა და კედელზე წარწერების გაკეთებას ედავებოდა.

ჩვენებებში დასახელებულია 3-4 პოლიციელი, ვინც მოზარდს ემუქრებოდა – იურისტი

მასალების გადაბეჭდვის წესი